Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სემნების გეგმა”


სულ ახლახან ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები რეგიონში იმყოფებოდა.

მისი ბოლო მოკლეხნიანი ვიზიტი საქართველოში პრაქტიკულად არ გაშუქებულა. ვიცით, რომ 17 მარტს სემნები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილსა და სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს შეხვდა. ზოგადად ცნობილია, რომ საუბარი კონფლიქტების მოგვარებას შეეხებოდა და რომ ორივე მასპინძელი პირი საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართ ევროკავშირის აქტიურობისა და ინტერესის ზრდაზე მიუთითებდა. ორიოდე დღის წინ ევროპულ საინტერნეტო გამოცემა “EU Observer”-ში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც საუბარია პეტერ სემნების მიერ შედგენილ 15 პუნქტიან გეგმაზე საქართველოში კონფლიქტების გადაჭრის დასაჩქარებლად, რაც (ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში) სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის პოზიციის რეალურ გააქტიურებაზე მიუთითებს.

“EU Observer”-ი (შეგახსენებთ, რომ ეს ევროპული გამოცემა სისტემატურად და კვალიფიციურად აშუქებს და აანალიზებს ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებს), ევროკავშირის ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ გასულ კვირაში პეტერ სემნებიმ ევროკავშირის დიპლომატებს წარუდგინა 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, 60 გვერდიან ანგარიშს ეფუძნება და საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობის ღონისძიებებს შეეხება. პუბლიკაციაში, რომლის ავტორი ენდრიუ რეტმანი გახლავთ, მითითებულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გეგმის შემუშავება ხდება იმ ფონზე, როცა სულ მალე საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება უარი თქვას კონფლიქტის ზონებში მყოფი რუსი მშვიდობისდამცველებისთვის მანდატის გაგრძელებაზე.

რეტმანი წერს, რომ ევროკავშირის 15 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულია განსხვავებული მიდგომა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მიმართ. აფხაზეთში ეს უფრო ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კულტურულ პროექტებში აისახება, სამხრეთ ოსეთში კი ევროკავშირის აქტივობა მიმართული იქნება ამ ტერიტორიაზე რუსეთის იარაღის კონტრაბანდის მონიტორინგზე, რითაც, სტატიის ავტორის თანახმად, ეჭვქვეშ დადგებოდა მოსკოვის მიერ გაეროს დონეზე გაცხადებული პოზიცია ნეიტრალურობაზე.

სემნების გეგმა მოიცავს ევროკავშირის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელშემწყობი 9 კაციანი მისიის მანდატის გაფართოებას იმგვარად, რომ მან შეძლოს როკის გავლით იარაღის კონტრაბანდის კონტროლი. ევროკავშირი დაინტერესებულია აგრეთვე თანამგზავრების გამოყენებითაც როკში ტვირთების მოძრაობის ამსახველი მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ევროკავშირს ამის გაკეთების ტექნიკური საშუალება არ გააჩნია.

ამას გარდა, “EU Observer”-ი წერს, რომ ევროკავშირი გეგმავს ორი მაღალი რანგის სამართალდაცვითი სფეროს ექსპერტის გაგზავნას თბილისში იმისათვის, რომ ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის ხელმძღვანელებს აფხაზეთში გაეროს სასაზღვრო მისიასთან კავშირში დაეხმარონ. საუბარი შეეხება აგრეთვე ახალი საბაჟო სტრუქტურების შექმნას, რომელიც ხელს შეუშლიდა კონფლიქტური რეგიონების იზოლაციასა და ამ ტერიტორიების გამოყენებით კონტრაბანდას.

ამას გარდა, პუბლიკაციის თანახმად, პეტერ სემნები დაინტერესებულია მოლაპარაკებათა არსებული ფორმატების შეცვლით. კერძოდ, იგულისხმება ევროკავშირის მეთვალყურის ან სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში. ამას გარდა, ის არ გამორიცხავს ევროკავშირის მშვიდობისდამცველების გაგზავნას საქართველოში, თუკი რუსეთი და სეპარატისტები ოდესმე თანხმობას განაცხადებენ ამგვარ გადაწყვეტილებაზე. საგულისხმოა, რომ წლის დასაწყისში ჩემთან საუბარში სემნებიმ შემდეგი განაცხადა:

[სემნების ხმა]: “როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართ არსებულ მოლოდინს, ის რეალისტური უნდა იყოს. საფუძველს მოკლებულია აზრი, რომ ევროკავშირი რაიმე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ახალი სამშვიდობო ძალების ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს არ მოხდება და ვიტყოდი, რომ არ მოხდება არც ახლო მომავალში.”

ეს გახლდათ ნაწყვეტი ინტერვიუდან ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებისთან, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჩავწერე. ახლა ისევ იმ პუბლიკაციას მივუბრუნდეთ, რომელიც ორიოდე დღის წინ “EU Observer”-ში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში ინტერნეტგამოცემასთან ზოგადი საუბრისას პეტერ სემნების უთქვამს, რუსეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილს სჯერა, რომ ევროკავშირი შეიძლება სტაბილურობის ხელშემწყობი იყოს საერთო სამეზობლოში, რაც რუსეთისთვისაც მომგებიანი იქნებოდაო, თუმცა სემნებიმ ისიც კარგად იცის, რომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ევროკავშირის გააქტიურებას პოსტსაბჭოთა არეალში ბევრი რბილი ხერხებით ამ ტერიტორიის დაპყრობად აღიქვამს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები ახლა მოსკოვში იმყოფება, საიდანაც ის სომხეთში გაემგზავრება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG