Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში კოსოვოს სამომავლო სტატუსის შესახებ ანგარიში წარადგინეს


გაეროს უშიშროების საბჭოს დღეს წარუდგინეს გეგმა, რომელიც წინასწარვე დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. საქმე ეხება გაეროს საგანგებო წარმომადგენლის,

მარტი აჰტისაარის წინადადებას კოსოვოს მომავალი სტატუსის შესახებ. ცნობილია, რომ აჰტისაარის წინადადება კოსოვოს “არასრულ კონტროლირებად დამოუკიდებლობას” ითვალისწინებს და რომ მას დასავლეთის ქვეყნები ემხრობიან, მაშინ როცა რუსეთი ფრიად კრიტიკულად არის განწყობილი.
აჰტისაარი თავის ანგარიშში წერს, რომ დამოუკიდებლობა ერთადერთი შესაძლებლობაა, ოლქის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისათვის.
გაეროს წარგზავნილი ასახელებს ასევე უმცირესობათა დაცვის საკითხს, დეცენტრალიზებას და სამართლებრივი სახელმწიფოს. საერთაშორისო ზედამხედველობა მაშინ დასრულდება, აჰტისაარის თანახმად, როცა კოსოვო განახორცილებს ამ ანგარიშით გათვალისწინებულ ზომებს.
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნაკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს გაეროს წარგზავნილის ამ წინადადებას.
ბერნსი შეეხო რუსეთის თემასაც. მან განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე რუსეთთან შეთანხმება საკმაოდ საჩოთირო რამაა.
სერბიამ გამოაცხადა, რომ წინადადების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას “კატეგორულად არ ეთანხმება”. სერბიის პრეზიდენტმა ბორს ტადიჩმა “დაბეჯიდებით გამოთქვა კრიტიკა” დამოუკიდებლობის მიმართ. ტადიჩი დარწმუნებულია, რომ დიალოგის შესაძლებლობა კიდევ არის, და რომ აჰტისაარიმ არ ამოწურა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა. ბელგრადი ოლქის დამოუკიდებლობას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. კოსოვოს ალბანელმა პრეზიდენტმა ფატმირ სეჯდიუმ თქვა, რომ ეს კოსოსთვის ისტორიული დღეა. აჰტისაარი წერს სერბიის შემადგენლობაში კოსოვოს ოლქის დარჩენის შესაძლებლობაზე, რომ ეს გამორიცხულია, რადგან ალბანელებსა და სერბებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია მოწამლულია. აჰტისაარის თანახმად, კოსოვოში სერბიის ძალაუფლების აღდგენა მოსახლეობის აშკარა უმრავლესობისთვის მიუღებელი იქნებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ნათქვამი აქვს, რომ მოსკოვი უარს იტყვის აჰტისაარის გეგმაზე, თუ ის სერბიის ინტერესებს არ გაითვალისწინებს. აჰტისაარის გეგმას ოფიციალური მოსოკოვი აკრიტიკებს იმის გამო, რომ მასში საკმარისად დაცულად არ მიიჩნევს კოსოვოს სერბული უმცირესობის უფლებებს, ზოგი რუსი ექსპერტი კი ჩივის, რომ გაერო ორმაგ სტანდარტებს მიმართავს, როცა პატივს სცემს კოსოვოელი ალბანელების თვითგამორკვევის უფლებას, მაგრამ ამას არ აკეთებს აფხაზების, დნესტრისპირელებისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა შემთხვევაში.

რუსული მხარის კრიტიკულმა პოზიციამ რახანია, წამოჭრა შეკითხვა, ხომ არ გამოიყენებს მოსკოვი უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას კოსოვოს გეგმის ჩასაგდებად. მაგრამ ჩვენი რადიოს ექსპერტს პატრიკ მურს ვერ წარმოუდგენია, უშიშროების საბჭოს დასავლელმა წევრებმა მისცენ რუსეთს ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება: [პატრიკ მურის ხმა] “ვფიქრობ, რუსეთი ივაჭრებს და ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ ვფიქრობ აგრეთვე, რომ რუსეთში ესმით - თუ ვეტო გამოიყენეს, იმავე წუთში დაკარგავენ მთელს პოლიტიკურ კაპიტალს ამ კონკრეტულ საკითხში”.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, წინ ნუ აღუდგება რეზოლუციას, ნუ იტყვის უარს “პასუხისმგებლობით სავსე მულტილატერალიზმზე”.

ამ გეგმით, კოსოვოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი6 თუმცა ნამდვილ, სრულ დამოუკიდებლობამდე საქმე არ მივა, რადგან რეგიონს კვლავაც საერთაშორისო თანამეგობრობა გაუწევს მეთვალყურეობას, უწინარეს ყოვლისა, სერბული უმცირესობის დაცვის მიზნით.

კოსოვო გაეროს კონტროლს ექვემდებარება 1999 წლიდან - მას შემდეგ, რაც ნატოს სამხედრო-საჰაერო ოპერაციებმა სერბია აიძულა, გაეყვანა ჯარები ამ პროვინციიდან. ამჟამად სამშვიდობო მისიას კოსოვოში ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი ასრულებს, მათ შორის ქართველის სამხედროებიც არიან.
დღეს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ უშიშროების საბჭო
ამ თემაზე აპრილში იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG