Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იყო ანდრანიკ მარქარიანი?


სომხეთის პოლიტიკურ ელიტას გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, თითქმის 7 წელი იმსახურა

მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე - პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარქარიანი. ის გუშინ გარდაიცვალა გულის შეტევით.

ამასობაში, სომხეთში მთავრობა გადადგა, რასაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შემთხვევაში. ახალი მთავრობა ათ დღეში უნდა ჩამოყალიბდეს.

ანდრანიკ მარქარიანს დიდი ხანია, გული აწუხებდა. მას ორჯერ აქვს გადატანილი ოპერაცია: ერთი სომხეთში 1999 წელს, მეორე - საფრანგეთში. გარდა ამისა, ის რეგულარულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას საფრანგეთისა და რუსეთის კლინიკებში. როგორც იუწყებიან, 55 წლის პრემიერ-მინისტრი კვირას უკვე უგონოდ იყო, გული აღარ უცემდა, როცა ერევნის ბინაში ნაშუადღევს მიაკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალმა. მარქარიანის გადარჩენის მცდელობა ამაო გამოდგა.

[ტიგრან ტოროსიანის ხმა] “ეს არის მძიმე დარტყმა სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის და პარტიისთვის, რადგანაც მრავალი წლის მანძილზე ანდრანიკ მარქარიანი იყო ერთ-ერთი საყრდენი და სირთულეების ჟამს - მთავარი ძალა, რომელსაც შეეძლო ძალიან დაშორებული პოზიციების დაახლოება ერთმანეთთან. მისი ძალისხმევის წყალობით შევძელით, თავიდან აგვეცილებინა სხვადასხვა რყევები”, ასე შეაფასა ანდრანიკ მარქარიანის პოლიტიკური ღვაწლი ტიგრან ტოროსიანმა - პარლამენტის თავმჯდომარემ და განსვენებული პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელმა - სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრმა, რომელსაც მარქარიანის დაკრძალვის ორგანიზება დაევალა.

მარქარიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე იყო. რანგით მეორემ ამავე პარტიაში, თავდაცვის მინისტრმა სერჟ სარქისიანმა მოსკოვში ყოფნისას შეიტყო პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ამბავი და მაშინვე მიაშურა ერევანს.

უნდა ითქვას, რომ სარქისიანს დიდ გავლენას მიაწერენ რესპუბლიკურ პარტიაში, აქამდეც ამ პარტიის ფაქტობრივ ლიდერად მიიჩნევდნენ და ბევრი მოელოდა, რომ სომხეთში წელს, 12 მაისისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანდრანიკ მარქარიანი გადადგებოდა და სწორედ სერჟ სარქისიანი დაიკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს - ამ პოსტზე კი უკვე პრეზიდენტობისთვის შეუდგებოდა მზადებას.

2000 წლიდან პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა ანდრანიკ მარქარიანს, განათლებით კომპიუტერის სპეციალისტს, რომლის პოლიტიკური აქტიურობაც გასული საუკუნის 70-იან წლებში იწყება. მარქარიანი, იატაკქვეშა ორგანიზაციაში გაერთიანებულ თანამოაზრეებთან ერთად, სომხეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდა, 2 წელი პოლიტიკური პატიმარიც იყო, 1989 წელს კი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელთა შორის აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარქარიანი ორი წამყვანი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ ქოჩარიანის და თავდაცვის მინისტრ სარქისიანის ჩრდილში იდგა, თითქმის არასდროს ეწინააღმდეგებოდა მათ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებში. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ანდრანიკ მარქარიანმა ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურს მისცა გასული წლის მიწურულს: [მარქარიანის ხმა] “არ მინდა იმის თქმა, თითქოს სომხეთში უარყოფითი მოვლენები აღარ იყოს და თითქოს ისინი ჩემი მმართველობის პერიოდში მომსპარი გვქონდეს. ჩემი მმართველობის პერიოდში ჩვენ ღიად ვლაპარაკობდით ყველა ამ პრობლემასა და ნაკლოვანებაზე, სიღარიბით დაწყებული და კეთილდღეობის თანაბრად განაწილებით დამთავრებული. ღიად ლაპარაკობდით ამ საკითხებზე - კიდევ უფრო ღიად, ვიდრე ოპოზიცია. ვებრძოდით აგრეთვე კორუფციას და ვაღიარებდით, რომ იყო კორუფციის დიდი პრობლემა და რომ საჭიროა მასთან ბრძოლა. ამაზე ვლაპარაკობდით არა მარტო შეხვედრებსა და პარლამენტის სხდომებზე! ვამბობდით, რომ პრობლემები არის და რომ მივმართავთ ზომებს მათს წინააღმდეგ”.

ანდრანიკ მარქარიანმა ასევე ზოგადი ფრაზებით ილაპარაკა იმაზე, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილებას არა მარტო სომხეთში გამოთქვამენ. [მარქარიანის ხმა] “ყველა ქვეყანაში უნდა იყოს რაღაც უკმაყოფილება, აშშ-ით დაწყებული და ევროპით დამთავრებული. რომელ ქვეყანაში არ არის უკმაყოფილება? ქვეყანაში, რომელშიც უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, ტოტალიტარიზმი სუფევს”.

ინტერვიუ, რომელშიც ანდრანიკ მარქარიანმა მთავრობის მუშაობაზე და მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა, შარშან დეკემბერში ჩაწერა ჩვენი რადიოს სომხურმა სამსახურმა.

განსვენებულ პრემიერ-მინისტრს ოთხშაბათს დაკარძალავენ - 28 მარტს, რომელიც პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ამასობაში, სომხეთს მრავალი ქვეყნიდან მიუსამძიმრეს - მათ შორის რუსეთიდან და აშშ-დან. საქართველოდან - სომხეთის პრემიერ-მინისტრის დარკძალვაზე ჩავა დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG