Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქრონიკა” “კურიერის” კვალდაკვალ


არჩევნებამდე დარჩენილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკას,



რომელიც დღეს, მთავარი ტენდენციების გვერდით, გამოსაჩენიც არ არის. რა ხდება ქართულ საინფორმაციო სივრცეში და რა მიმართულებით “ამწიფებს” საზოგადოებრივ ცნობიერებას სატელევიზიო ინფორმაციული ნაკადი?

ვარდების რევოლუციამდე მრავალი წლით ადრე, პირველად ქართულ საინფორმაციო სივრცეში, პროგრამა “კურიერმა” საპროტესტო აქციების სისტემატური გაშუქება დაიწყო. “რუსთავი 2”-ის მაყურებელი ყოველდღე ადევნებდა თვალყურს სიუჟეტებს ქუჩის გადაკეტვის, კაბინეტის აჭედვის, შიმშილობის, დემონსტრაციის, მიტინგის შესახებ... სიუჟეტები მთელ საქართველოში მზადდებოდა და “კურიერის” ყურადღების მიღმა ხალხის მცირედი უკმაყოფილებაც არ რჩებოდა. ვარდების რევოლუცია და მისი მშვიდობიანად დასრულება შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ქუჩაში იდგნენ, არამედ მთელი მოსახლეობის საერთო განწყობით, რომ ძველებურად ცხოვრება შეუძლებელია. ამ განწყობას კი წლიდან წლამდე აყალიბებდა “კურიერის” საინფორმაციო პოლიტიკა.

დღეს, როდესაც ტელეკომპანიები ცდილობენ ძველი ფუნქცია დაიბრუნონ, ზოგ შემთხვევაში, საკუთარი სურვილით და, ზოგ შემთხვევაში, კონკურენციის ძალით, ყურადღების ცენტრში ისევ სოციალური თემატიკა ექცევა. თუ დავაკვირდებით, რა შინაარსის ინფორმაცია შემოდის ყოველდღე ადამიანების ცნობიერებაში, ვნახავთ, რომ, ძირითადად, ეს არის ინფორმაცია ჩვენს ირგვლივ არსებული მწვავე პრობლემების შესახებ.

“ქრონიკა” წლების წინ “კურიერის” მიერ გაკვალულ გზას მიჰყვება. ტელეკომპანია “იმედისთვის” პირველი პრიორიტეტია სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული თემატიკა, რადგან საზოგადოების უკმაყოფილებას დღეს სწორედ ეს სფერო იწვევს. ბოლოხანს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინტერესი თანასწორობის ინსტიტუტის პერმანენტული საპროტესტო აქციების მიმართ. რვასაათიან “ქრონიკაში” გასული ყოველი ათი სიუჟეტიდან, შესაძლოა, ორი ან სამი იყოს დადებითი ინფორმაციის შემცველი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე; დანარჩენი შვიდი კი, როგორც წესი, გადაუჭრელ პრობლემებს ეხება.

მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ “კურიერი” ან, თუნდაც, “მოამბე” მაყურებელს დადებით ემოციას სთავაზობდეს. მაგალითად, “კურიერის” 21 მარტის ცხრასაათიან გამოშვებაში საუბარი იყო: 16 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე; არასრულწლოვანთა პროტესტზე; ემზარ კვიციანის მხრიდან მუქარაზე; ექიმების სავარაუდო შეცდომის გამო გარდაცვლილ 23 წლის პაციენტზე; სამაჩაბლოდან დევნილ ქალბატონზე, რომელიც ხუთი თვეა შვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვს; რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაზე, სადაც ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა და გლდანის მოსახლეობის პროტესტზე წყლის კოლექტიური მრიცხველის დამონტაჟების გამო.

თუ 17 მარტის “მოამბეს” გადავხედავთ, მაყურებელმა ინფორმაცია მიიღო შემდეგ თემებზე: წილკანში მეოთხე საუკუნის ეკლესია გაქურდეს; სოდ-მა 300 გრამი ჰეროინი ამოიღო; კოკოითიმ და შამბამ განაცხადეს, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა აფხაზეთსა და ოსეთს არ ეხება; დიმიტრი სანაკოევმა 16 წლის წინ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა; აიკრძალება თუ არა საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტი; სათაფლიას ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევის გარეშე რჩება; ერთ დროს სახელგანთქმული კურორტი აბასთუმანი შავ დღეშია. შეგახსენებთ, რომ 17 მარტი შაბათი იყო და “მოამბის” მაყურებელმა ამ “თაიგულით” სწორედ შაბათ საღამოს “ისიამოვნა”.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 73% ოპტიმისტურად არის განწყობილი, 48% ფიქრობს, რომ საქართველო სწორად ვითარდება და 51% კმაყოფილია დემოკრატიის ხარისხით. ამასთან, გამოკითხულთა 74%-ისთვის მიუღებელია უნებართვო გაფიცვები და დემონსტრაციები. გამოდის, რომ საზოგადოება არ არის აგრესიული ხელისუფლების მიმართ და არსებული ვითარებით, ძირითადად, კმაყოფილია.

შესაბამისად, თუ საინფორმაციო პროგრამები და, განსაკუთრებით, “ქრონიკა” გააგრძელებს უარყოფითი ემოციების მატარებელი ინფორმაციით საზოგადოების ცნობიერების “დაბომბვას”, ის ტელემაყურებლის ნდობას დაკარგავს. თუმცა, იმავე კვლევის თანახმად, სწორედ “იმედის” მიმართ ნდობა მაღალია და წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, მეორე გზაც არსებობს: თუკი საინფორმაციო პროგრამების მაყურებელთა რიცხვი საგრძნობლად არ შემცირდება, მკვეთრად გაიზრდება აგრესიის დონე საზოგადოებაში. რადგან შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს ის უარყოფითი მუხტი, რომელიც “ქრონიკიდან” და, მის კვალდაკვალ, სხვა ტელეპროგრამებიდან უწყვეტად შემოედინება მაყურებლის თავსა და გულში. ამ რეალობაში, არ არის გამორიცხული, “იმედის” სტრატეგოსები მხოლოდ ცნობიერების დამუხტვის კი არა, განმუხტვის ფორმულაზეც მუშაობდნენ - ”რუსთავი 2”-ის ძველი მფლობელის მსგავსად.











XS
SM
MD
LG