Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები ქართული პარლამენტარიზმის განმტკიცებას რეკომენდაციებით შეეცდებიან


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, რომელმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად ერთი კვირის წინ 20 მილიონი დოლარის გამოყოფას მოაწერა ხელი, ცდილობს პარლამენტარიზმის განმტკიცებაშიც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს.

ამერიკელ კონგრესმენთა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელსაც კონგრესმენი დევიდ პრაისი ხელმძღვანელობს, 3 აპრილს გვიან ჩამოვა საქართველოში და ოთხშაბათიდან კონსულტაციებს გამართავს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფთან. ის ფაქტი, რომ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ჩამოდიან უკრაინიდან, სადაც საპარლამენტო და სახელისუფლებო კრიზისია, მათ ვიზიტს გარკვეულ ინტრიგას სძენს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ქართული პარლამენტარიზმის გამტკიცებისათვის მხარდაჭერაზე ზრუნვა 2005 წელს დაიწო. იდეა ეკუთვნოდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის მხარდასაჭერ ბევრ პროგრამას ახორციელებს. ნიშანდობლივია, რომ კონგრესმენებისა და სახელმწიფო დეპარამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს საკმაოდ გავლენიანი კონგრესმენი ჩრდილოეთ კაროლინიდან, დეივიდ პრაისი, რომელიც რამდენიმე კომიტეტის - მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოების ასიგნებათა ქვეკომიტეტის - თავმჯდომარეა. თუმცა, როგორც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში გვითხრეს, კონგრესმენთა ჯგუფის ჩამოსვლა არ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ კონგრესმენთა ვიზიტს მხოლოდ გაცნობითი ხასიათი აქვს.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”უბრალოდ, აინტერესებთ ურთიერთობა ჩვენს პარლამენტთან. მათ შორის, ჩამოსულია ტრენინგზე ჩვენი ”სტაფერების” ჯგუფები, ამერიკელი კოლეგებისა, და შემდეგ კონგრესმენებთან ექნებათ შეხვედრა ”სტაფერებსაც.”[სტილი დაცულია]

შარშან ასეთი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სტუმრობდა ქართველ პარლამენტართა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი დავით ზურაბიშვილი. იგი ამჯერადაც იქნება მიწვეული შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში 4 აპრილს იგეგმება. დავით ზურაბიშვილს არ დაუმალავს რადიო
”თავისუფლებასთან” საუბარში, რომ ამ შეხვედრას არ ანიჭებს დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”და ჩვენ რომ ვიყავით, პრინციპში, ძირითადად, გაგვაცნეს, იქ როგორ მუშაობენ. თუ ეს იმ პროგრამით იყო, ის პროგრამა ძალიან ისეთი იყო, რა. ძირითადად, პოლიტიკურ საკითხებს ნაკლებად ეხებოდა.”[სტილი დაცულია]

თანამოაზრისაგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა უფრო კრიტიკულია და ფიქრობს, რომ ამერიკელი კონგრესმენები არ უნდა ცდებოდნენ იმისათვის, რომ პროცედურაზე მუშაობა, მედიასთან ურთიერთობა და ერთმანეთის აზრის პატივისცემა ასწავლონ ქართველ დეპუტატებს. კუკავას თქმით, ქართული პარლამენტარიზმის ნაკლი დემოკრატიზმის დეფიციტია, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება და არა რეკომენდაციები:

[კახა კუკავას ხმა] ”რეალურად ჩვენ პარლამენტს არანაირი სწავლება არ სჭირდება. ყველამ კარგად იცის, რაზეცაა ლაპარაკი. მთავარია პოლიტიკური ნება და პოლიტიკურ ნებას კონგრესის დელეგაცია არ სჭირდება! კონდოლიზა რაისის თანაშემწემ რომ დაურეკოს, ერთი ზარი რომ მისცეს სააკაშვილს და უთხრას, მოიქეცი დემოკრატიულადო, დანარჩენი თითონ იცის სააკაშვილმა, დემოკრატია რას ნიშნავს. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და არა რაღაც ტექნიკური გადაიარაღება.”[სტილი დაცულია]

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფმა სამუშაო შეხვედრები გამართა უკრაინის უმაღლეს რადაში, რომლის დაშლასაც სწორედ ამერიკელი კონგრესმენების იქ ყოფნის დღეებში მოაწერა პრეზიდენმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი. საქართველოში საპარლამენტო კრიზისი არ შეიმჩნევა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციას სულ უფრო უჭირს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, რაც დასავლური პარლამენტარიზმის უმთავრესი ქვაკუთხედია. 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კონტროლის პალატამ უარით უპასუხა ოპოზიციის მოთხოვნას და გრიფი ”საიდუმლო” დაადო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2005 წლის პირველი ივლისიდან 2006 წლის პირველ ივლისამდე გაწეული ხარჯების ჩამონათვალს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG