Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისთვის ემზადებიან


მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქრისტიანი დღეს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისთვის ემზადება.

წელს ქრისტიანობის ორი მთავარი მიმდინარეობა - კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა - აღდგომას ერთსა და იმავე დღეს ზეიმობს. ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მსახურება და წირვა-ლოცვა იმართება - იქნება ეს იერუსალიმი, რომი, ლათინური ამერიკა, თუ რუსეთი. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დღეს 10 საათზე დაიწყება, და დილამდე გასტანს. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაუძღვება.

პარასკევს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, მსოფლიოს გარშემო საგანგებო მსახურებები გაიმართა. რომში, კოლიზეუმთან გამართულ მსახურებას, რომელსაც პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე უზღვებოდა, ათასობით მორწმუნე სანთლებით ხელში შეუერთდა.

[საგალობელი]

პაპი მორწმუნეების წინაშე ქადაგებით გამოვიდა - მან ამჯერად ყურადღება გაამახვილა ჩაგვრაზე, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ქალები განიცდიან, და ადამიანებს სხვების ტანჯვის შემსუბუქებიკენ, და ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდა. კვირას პაპი ტრადიციულ სააღდგომო კურთხევას - "Urbi et Orbi" - ”ქალაქსა და მსოფლიოს” - აღავლენს.

ათასობით ქრისტიანმა მომლოცველმა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღისადმი მიძღვნილ მსახურებაში მონაწილეობა იერუსალიმში, წმინდა მიწაზე მიიღო.


[საგალობელი]

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ალექსეი მეორემ, რომის პაპს სააღდგომო მილოცვა პირადად გაუგზავნა. წარსულში ალექსეი მეორე ვატიკანს რუსეთში პროზელიტიზმში ადანაშაულებდა. პერსონალური მილოცვის გაგზავნა ბევრმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა გაუმჯობესების გზაზეა.

აღდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება ლათინური ამერიკის კათოლიკურ ქვეყნებში და ესპანეთშიც.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG