Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გაამართლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვამ საქართველოს მოლოდინი


როგორც ცნობილია, 10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

სხდომას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავის გამოსვლაში გაეროს უშიშროების საბჭოს დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება პრინციპისადმი, აფხაზეთის საკითხი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საკითხის განხილვის შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოში, რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის გამოისობით, ხმაურით წარიმართა, მიღებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია. რეზოლუციის საფუძველი აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება უნდა გახდეს, ამ მოხსენებას კი საქართველოს მხარე მაინცდამაინც კმაყოფილი არ დაუტოვებია. რამდენად გაამართლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვამ საქართველოს მოლოდინი?

მას შემდეგ, რაც ყველა დარწმუნდა, რომ კოდორიდან აფხაზეთს საფრთხე არ ემუქრება, რეზოლუცია საქართველოს მხარის მიმართ ნაკლებად მომთხოვნი, წინა რეზოლუციასთან შედარებით, პოზიტიური და საქართველოსადმი კეთილგანწყობილი იქნება, - ითქვა ქართველი ექსპერტების მიერ ამ დღეებში. რამდენად გამართლდება მათი ეს მოლოდინი, ორიოდე დღეში გაირკვევა. გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხის განხილვის შემდეგ რეზოლუციას 13 აპრილს მიიღებს.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ჯერჯერობით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულებულია რეზოლუციაზე მუშაობა, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ეს რეზოლუცია არ იქნება ისეთი ანტიქართული, როგორიც ეს უნდოდა რუსეთს. თქვენ იცით, რომ იქ სკანდალი მოხდა, ჩურკინმა მიატოვა სხდომა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 10 აპრილს მოწყობილი სკანდალი ახსენა, უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის მიერ მოწყობილი სკანდალი. აფხაზეთის საკითხის განხილვა მან განხილვის დასრულებამდე ხმაურიანი განცხადებით მიატოვა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასათვის ნიუ-იორკში ჩასასვლელად ვიზის მიუცემლობას დიპლომატიური და პოლიტიკური შეცდომა უწოდა. შამბას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება სურდა და მის ამ მოთხოვნას გაეროს მეგობართა ჯგუფში მხარს მარტო რუსეთი უჭერდა. ”რუსეთი მეგობართა ჯგუფში ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ შესაფერისი დროა ნიუ-იორკში ბატონ შამბას ჩამობრძანებისთვის,” - ასე გამოეხმაურა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალეხანდრო ვოლფი ჩურკინის პრეტენზიას. მან საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის ქცევას, მათ შორის, ჩურკინის მცდელობას პარალელი გაევლო აფხაზეთისა და კოსოვოს პრობლემებს შორის:

[ალეხანდრო ვოლფის ხმა] ”ჯგუფის არც ერთი წევრი არ ეთანხმება ელჩ ჩურკინს. მან არასწორად გაავლო პარალელი კოსოვოსთან და განზრახ მავნებლურად ეცადა გაერთულებინა ეს დისკუსია, გამოსვლის შემდეგ კი მაშინვე დატოვა სხდომა და პრესასთან სალაპარკოდ წავიდა. არ დარჩა და არავის მოუსმინა. მე ვფიქრობ, სურს პრესა გახადოს იმ თეატრის ნაწილი, რომლის შექმნასაც თავად ცდილობს. ”

ეს იყო გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალეხანდრო ვოლფის შეფასება. მაგრამ დავუბრუნდეთ უშუალოდ ამ დღეებში მისაღებ რეზოლუციას, რომლის საფუძველიც აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალური მდივნის მოხსენება უნდა გახდეს. მოხსენების პოზიტიურ მხარედ საქართველოში მიაჩნიათ ის, რომ გენერალურმა მდივანმა მხარეებს მოუწოდა დაიწყონ მოლაპარაკება ბოდენის ცნობილი დოკუმენტის საფუძველზე, რაც კომპეტენციათა გამიჯვნას ითვალისწინებს; ამას გარდა, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა პროგრესი ზემო აფხაზეთში უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნების რეალიზაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში რა არის საქართველოს მხარისთვის მიუღებელი, აი, რას ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია:


[თემურ მჟავიას ხმა] ”გამოკვეთილად აღიარებს პან გი მუნი კონფლიქტის მხარედ აფხაზებსა და ქართველებს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო წლების მანძილზე აღიარებს რუსეთს კონფლქიტის მხარედ და არა მედიატიორად. კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმას, რომ რუსეთი არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს, ჩვენთვის მიუღებელია.”

გაეროს უშიშროების საბჭო ამ დღეებში მიიღებს მორიგ რეზოლუციას აფხაზეთთან დაკავშირებით და ამ რეზოლუციით გაუგრძელებს გაეროს სამხედრო მისიას მანდატს კონფლიქტის ზონაში. მისიის მანდატი 15 აპრილს იწურება.
XS
SM
MD
LG