Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნული მოსამართლეები წარადგინა


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ხუთშაბათს სასამართლოში 10 ახლად დანიშნული მოსამართლე წარადგინა.


როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლეთა ახალი კანდიდატურების შერჩევა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების, საქმიანი და მორალური რეპუტაციის, ასევე პროფესიული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. თუმცა საუკეთესოთა გამოვლენაში სარეკომენდაციო წერილებით წვლილი საზოგადოების წევრებმაც შეიტანეს. ახლად დანიშნულმა მოსამართლეებმა 11 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს, 13 აპრილს სპეციალურ ერთკვირიან მოსამზადებელ კურსს დაასრულებენ, თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას კი 16 აპრილიდან შეუდგებიან.

2005 წლის დასაწყისიდან, სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ინტენსიურად ტარდება. სასამართლოში განხილული საქმეების რაოდენობის ანალიზის თანახმად, სასამართლოს ეფექტურობის ასამაღლებლად საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა 400–მდე უნდა გაიზარდოს. მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის პროცესში 2007 წელი გარდამტეხი იქნება. ძირითადად, სამოსამართლეო გამოცდების გარკვეული სახეცვლილების კუთხით, წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება იუსტიციის უმაღლესი სკოლა, როგორც მოსამართლეთა შერჩევისა და მომზადების ახალი სისტემა. ჯერჯერობით კი გამოცდა ორეტაპიანია – ტესტური გამოცდა და გასაუბრება, რომელიც წარმატებით დაძლიეს 2 აპრილს დანიშნულმა ახალმა მოსამართლეებმა.

[კოტე კუბლაშვილის ხმა] “ისინი არიან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი, როგორც ეს კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ისინი დაინიშნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ისინი გააკეთებენ იმ საქმეს, რასაც ჰქვია სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა მოსახლეობის მხრიდან.“

განაცხადა 10 ახალი მოსამართლის წარდგენისას საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მოსამართლეთა მორიგი საკვალიფიკაციო გამოცდა 19 მაისსაა დანიშნული. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რამდენი პირი გადაწყვეტს კონკურსში ჩართვის სურვილს, თუმცა ცნობილია, რომ 2 აპრილს დანიშნულმა მოსამართლეებმა 190 კაცში ისახელეს თავი. მათგან ერთ–ერთია მაია ჯვარშეიშვილი, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ გაამწესეს. აი, რა გვიპასუხა მან შეკითხვაზე, რამდენად მზადაა მიიღოს საზოგადოების გამოწვევა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების ერთგულებით იმუშაოს მაშინაც კი, როდესაც ამისი პირობები არ არის:

[მაია ჯვარშეიშვილის ხმა]“ სასამართლო არის სისტემა, რომელშიც მონაწილე და მოდავე მხარეები მოიყვანა პრობლემამ. პრობლემის გადაწყვეტისას ერთი მხარე ყოველთვის რჩება გულნაკლული. ხშირ შემთხვევაში კრიტიკა არის ძალზე გაზვიადებული. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება კომპლექტდება და დაკომპლექტდება ადამიანებით, რომლებიც ამ სისტემაში მოვიდნენ, ასე ვთქვათ, სუფთა ხელებით, ანთებული გულებით და იმის რწმენით, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება სამართლიანი და ობიექტური სასამართლო და ჩვენ ეს უნდა ავაშენოთ.“

მაია ჯვარშეიშვილის პათოსს იზიარებს მისი კოლეგა ლაშა ქოჩიაშვილიც, რომელიც საჩხერის რაიონულ სასამართლოში იმუშავებს. იგი ზესტაფონის სასამართლოშია მივლინებული.

[ლაშა ქოჩიაშვილის ხმა]“დამოუკიდებელიც ვიქნები და მიუკერძოებელიც. ამის შესახებ ჩვენ ფიციც დავდეთ გუშინ პრეზიდენტთან და ყველანაირად ვეცდებით, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ დაკარგული ნდობა აღვადგინოთ. წინააღმდეგობა არ იქნება, მე მგონი. თუ იქნება, ისე მოვიქცევი, როგორც მოგახსენებთ:დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.“
XS
SM
MD
LG