Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ “24 საათში” საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმიტი


დღევანდელ “24 საათში” საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმიტი კოდორის დაბომბვის ფაქტის მიმართ საერთაშორისო

საზოგადოებრიობის დამოკიდებულებაზე წერს: “რთულია წარმოიდგინო, თუ რას ელოდებიან დასავლეთის ქვეყნები, ვინაიდან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ გამოძიებას ატარებს, მოქმედებს გაეროს, საქართველოს, რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის კონსენსუსის საფუძველზე. საუკეთესო შემთხვევაში, გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტი ფაქტების დეტალურ აღწერას მოახდენს, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა მტკიცებულებებია ნაპოვნი, როგორია თვითმხილველთა ჩვენებები და ა.შ.”, - წერს დევიდ სმიტი “24 საათში” და დასძენს, რომ “დოკუმენტში არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობის დასკვნა არ იქნება”.

ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტ თემურ იაკობაშვილთან, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლა და საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის განხორციელება რეალურია: “დღეს რუსეთის პოლიტიკა ძალზე ცვალებადია. შეიძლება უტოპიად მოგეჩვენოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსები თავად დაგვეხმარებიან აფხაზეთის დაბრუნებაში”, - ამბობს თემურ იაკობაშვილი “24 საათთან” საუბარში და დასძენს, რომ ჯერჯერობით საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გარდაუვალობა რუსეთში არ ესმით, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად დარწმუნდებიან ამაში.

“გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ფუნქციისთვის”, - ასეთი გახლავთ “მთელი კვირის” მოწინავე სტატიის სათაური. ავტორი წერს, რომ “სამხრეთკავკასიური დერეფნის განვითარებას საფრთხე ექმნება. შეიძლება, სანავთობო ტვირთებმა ირანისკენ გადაინაცვლოს და საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური შანტაჟირების საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რუსეთსა და ევროპას შორის დაწყებული ომი აქტიურ ფაზაში გადადის. ამ ბრძოლაში ის მოიგებს, ვინც სამხრეთკავკასიურ დერეფანზე კონტროლს შეინარჩუნებს. რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ევროპის დასაყრდენი ქვეყნები – აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი ერთმანეთს დააპირისპიროს”, - წერს “მთელი კვირა”.

“რიყეზე რესტორნებს ერთ კვირაში დაანგრევენ, მეპატრონეები აქციებით იმუქრებიან”, - წერს “ახალი თაობა”. გაზეთის თანახმად, მართალია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ავალიანი ირწმუნება რესტორნების მეპატრონეებთან რესტორნების დემონტაჟზე შეთანხმება მიღწეულიაო, სინამდვილეში მეპატრონეები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი კი ამ საკითხზე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს: “ნორმალური სახელმწიფოს ნორმალური განვითარება ერთ მარტივ პრინციპს ემყარება – პარტნიორობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის. როდესაც, ქვეყნის ინტერესების მოტივით, ხალხის ინტერესებს არად აგდებენ და ამ “საქვეყნო ინტერესებში”, საბოლოოდ, ძალზე მარტივად პირადი ინტერესები იშიფრება ხოლმე, დანაშაულია. მერწმუნეთ, ეს ტენდენცია სახელმწიფო განვითარებაში აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს. სწორედ ასეთი სიტუაციაა რიყესთან დაკავშირებითაც. მეორე მხრივ, რესტორნის მეპატრონეებს ერთი ცნობილი ქართული ანდაზის შესაბამისად დაემართათ – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. მათ რომ თავის დროზე პრინციპული პოზიცია დაეკავებინათ და ხელისუფლებასთან ამ კრიმინალურ გარიგებაზე არ წასულიყვნენ, დღეს მათი შენობები დანგრევას გადაურჩებოდა”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

“ახალი ვერსია” კი გადასახადების ზრდის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი სამყურაშვილს ესაუბრა: “წყლის გადასახადი თავის დროზე გაძვირდა. ტარიფი კიდევ გაიზრდება თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება. ხელისუფლებას არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უწევს. ასეთი, შესაძლოა, ტრანსპორტზე, დენზე, წყალსა თუ სხვა რამეზე გადასახადის მომატება იყოს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ამგვარი არაპოპულარული ნაბიჯები აუცილებელი საჭიროებით არის განპირობებული”, - ამბობს რატი სამყურაშვილი “ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG