Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა ეხმაურება სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის -“ახალი თაობა – ერთიანი


დღევანდელი პრესა ეხმაურება სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციის -“ახალი თაობა – ერთიანი საქართველოსთვის” - წევრების მიერ რესპუბლიკური პარტიის წევრ პაატა

ზაქარეიშვილის “რუსეთის აგენტად” შერაცხვის ფაქტს. “რეზონანსის” ცნობით, ზაქარეიშვილი სტუდენტებთან სასაუბროდ სამეგრელოში ჩასვლას აპირებს. “მოძრაობის წევრებზე გაბრაზებული არ ვარ. კვირის ბოლოს სამეგრელოში ჩავალ და პირადად გავარკვევ, რა პრეტენზიები აქვთ ზუგდიდელ სტუდენტებს ჩემთან. ასევე ვეტყვი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მათ ახალგაზრდულ ემოციებს თავის სასარგებლოდ იყენებს”, - უთხრა “რეზონანსს” პაატა ზაქარეიშვილმა.

ამავე ფაქტზე “24 საათში” ქვეყნდება დავით დარჩიაშვილის გამოხმაურება. ავტორი წერს, რომ არ ეთანხმება ზაქრეიშვილის რიგ მოსაზრებებს, რომლებსაც ის ბოლო დროს კონფლიქტებთან დაკავშირებით გამოთქვამს, თუმცა იქვე მიმართავს სტუდენტებს, რომლებმაც ზაქარეიშვილს “რუსეთის აგენტი” უწოდეს: “ამჯერად სწორედ იმ სტუდენტებს მინდა მივმართო, ვისაც ზაქარეიშვილი რუსეთის აგენტი ჰგონია – ვეჭვობ, თქვენ ჯერჯერობით არც ადამიანის უფლებების გაგეგებათ რამე, არც აზრთა განსხვავებულობისა და ეთნიკური თუ სხვა სახის ტოლერანტობის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რა გაუკეთებია პაატას აფხაზეთის ომის მსხვერპლთა გადასარჩენად ან ქართულ-აფხაზური ჩატეხილი ხიდის გასამთლიანებლად. მინდა იცოდეთ, რომ მე მწამს, მისი სატელევიზიო ინტერვიუ 23 აპრილს სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა”, - წერს დავით დარჩიაშვილი “24 საათში”.

დღევანდელ ნომერში გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტერი დევისთან, რომელიც კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ ევროსასამართლოში ყველაზე მეტი საჩივარი რუსეთიდან შედის. “როგორც ჩემთვის ცნობილია, ოთხი ქვეყნიდან შემოსული საჩივარი ამ საჩივრების მთელი რაოდენობის ნახევარს აჭარბებს. რუსეთი კი ამ მხრივ ერთ-ერთი პირველია... რუსეთის შემდეგ მოდის რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. საჩივრების უმეტესი ნაწილი ამ ოთხი ქვეყნიდან შემოდის”, - ამბობს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი “24 საათთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ საქართველო ამ სიაში მოწინავე ადგილზე არ არის.

დღევანდელ პრესაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გააქტიურების შესახებ: “ოქრუაშვილი გააქტიურდა – თავდაცვის ექს-მინისტრი შეიძლება პოლიტიკური პარტიის ლიდერის ამპლუაში მოგვევლინოს”; “რა დავალებით გაგზავნა სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში? რომელი დეპუტატები შევლენ და საიდან დაფინანსდება ირაკლის პარტია?” - ასეთ სათაურებს ნახავთ “რეზონანსისა” და “ალიას” პირველ გვერდებზე. “რეზონანსი” წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, შესაძლოა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ავტორი დასძენს: “კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექს-მინისტრის პარტიაში უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი გაწევრიანდება. თავად უმრავლესობაში ამ საკითხის კომენტირება არ სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არც “დემოკრატიული ფრონტის” წევრები აკეთებენ. ადრე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იმ ცნობილ პოლიტიკოსთა შორის, რომელთანაც ოქრუაშვილი აქტიურად ითანაშრომლებს, ერთ-ერთი სახე კობა დავითაშვილი იქნებოდა, თუმცა “ხალხის პარტიის” ლიდერმა ოქრუაშვილთან ალიანსი კატეგორიულად გამორიცხა”, - წერს “რეზონანსი”.

“ალიას” ინფორმაციით კი, ირაკლი ოქრუაშვილი “ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს: შედის, ხალხს ინტენსიურად ხვდება და, მათ შორის, ოსებსაცო”, - წერს “ალია” და იმასაც აუწყებს მკითხველს, რომ ორი კვირის წინ ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო დავალებით გაგზავნა. გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში დეპუტატი ლიახვის ხეობიდან გურამ ვახტანგაშვილი ამბობს: “ჯერ არავითარი პარტია არ არის შექმნილი. მე რეგიონს წარმოვადგენ, აქამდეც ყოველთვის უპარტიო კაცი ვიყავი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს... თუმცა იმას ვერ გაექცევი, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი აქვს”, - ვახტანგაშვილის კომენტარს “ალია” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG