Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო


თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ,

საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალი პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ედება, თუმცა ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 2006 წლის 29 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა, ბრალდებას უარყოფს და ძიების მასალების გაცნობას მოითხოვს.

მოსამართლე მაია თეთრაულმა სხდომა დათქმულ დროს, 12 საათზე, გახსნა, სახელმწიფო ბრალმდებელმა ირაკლი კობიძემ კი საბრალდებო დასკვნის ჩაკითხვას ხუთი წუთი მოანდომა:

[ირაკლი კობიძის ხმა] „ბათიაშვილსა და ემზარ და ნორა კვიციანებს შორის 2006 წლის 23 ივლისიდან 25 ივლისის პერიოდში შემდგარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, კოდორის ხეობიდან ამოღებული სხვადასხვა სახის იარაღები, საბრძოლო მასალები და ექსპერტიზის დასკვნები, საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ირაკლი დიმიტრის ძე ბათიაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით...“

ირაკლი კობიძის განმარტებით, უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობის, „წინ, საქარათველოს“, ერთ-ერთ ლიდერს ბრალი სახელმწიფო წესწყობილების დამხობის მიზნით მოწყობილი ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ედება, თუმცა, პროკურორის თქმით, ამავდროულად, განსასჯელს მოეხსნა სხვა ბრალდება, კერძოდ:

[ირაკლი კობიძის ხმა] „ბრალდების მხარემ წარმოადგინა ირაკლი ბათიაშვილის ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, მას მოეხსნა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიხედვით ბრალდება. ეს არის მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.“(სტილი დაცულია)

პროკურორის გამოსვლის შემდეგ მოსამართლეს შუამდგომლობით თავად განსასჯელმა მიმართა. აღმოჩნდა, რომ ირაკლი ბათიაშვილი სრულად არ გასცნობია გამოძიების მასალებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] „შუამდგომლობის დაყენება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წინასწარი გამოძიების დროს, მიუხედავად ჩემი არაერთგზის წერილობითი თხოვნისა, არ მომეცა საშუალება გავცნობოდი ჩემი ბრალეულობის საქმეს სრული მოცულობით. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით, დაუყოვნებლივ გამაცნოთ ყველა მასალა, რასაც, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით, დღემდე არ ვარ გაცნობილი. პატივისცემით განსასჯელი ირაკლი ბათიაშვილი.“

როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო ბრალდება არ დაეთანხმა განსასჯელის შუამდგომლობას. ირაკლი კობიძის თქმით, გამოძიების მასალებს სრულად გაეცნო ბათიაშვილის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი, რომელსაც შეეძლო განსასჯელისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ამის პასუხად, ადვოკატმა ბარათაშვილმა განაცხადა:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „ვაცხადებ, რომ მე არ მქონდა ამის არც საშუალება და არც კანონი მავალდებულებს. საქმე შედგება სამი ტომისგან. არც ერთ მათგანს ბათიაშვილი არ იცნობს. თუ თქვენ არ მოგვცემთ გონივრულ ვადაში გაცნობის საშუალებას, მაშინ რა აზრი აქვს პროცესის ჩატარებას.“

საბოლოო ჯამში, იოსებ ბარათაშვილისა და განსასჯელის შუამდგომლობა მოსამართლე მაია თეთრაულმა დააკმაყოფილა. პროცესი 30 აპრილს, 12 საათზე, განახლდება. ირაკლი ბათიაშვილის მეგობარი და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შავიშვილი ამბობს, რომ განსასჯელს დანაშაული არ ჩაუდენია:

[რევაზ შავიშვილის ხმა] „განსასჯელია ირაკლი ბათიაშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, შეხედულებებისა, რომლებიც რადიკალურად არ ემთხვევა დღევანდელი ხელისუფლების შეხედულებებს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG