Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა 2007 წლის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით გამოდის


საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 2007 წლის ბიუჯეტის 641 მილიონი ლარით გაზრდის ინიციატივით მიმართა.

ეს მიმდინარე წელს მთავარი საფინანსო გეგმის შეცვლის პირველი მცდელობაა. პროექტის განხილვას პარლამენტში მომდევნო დღეებში დაიწყებენ და უახლოეს სესიაზე გაიტანენ დასამტკიცებლად. რის ხარჯზე იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი და რას მოხმარდება ნამატი სახსრები?

2007 წლის ბიუჯეტის ამოქმედებიდან 4 თვეც არ არის გასული და საქართველოს მთავრობამ უკვე მთავარი საფინანსო გეგმის 641 მილიონი ლარით გაზრდა გადაწყვიტა. იმის შესახებ, თუ რის ხარჯზე ხდება ბიუჯეტის ზრდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი გვესაუბრება:

[გრიგოლ გობეჯიშვილის ხმა] ”პირველი სამი თვის შესრულებიდან გამომდინარე, ასევე აპრილის თვის შესრულებას თუ მივადევნებთ თვალს, გეგმები გადაჭარბებით სრულდება დაახლოებით 30 პროცენტით. ეს საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ 600 მილიონი ლარით.”(სტილი დაცულია)

ამ მოცულობით იზრდება საგადასახადო შემოსავლები, ხოლო არასაგადასახადო შემოსავლები - დააახლოებით 41 მილიონი ლარით და, სულ, ბიუჯეტის ზრდა 641 მილიონს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი სტატისტიკური თუ სამთავრობო ინფორმაციის მიმართ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა თუ ბიუჯეტის ზრდაზე მეტყველებს:

[მოქალაქეთა ხმები] ”ჩვენ არაფერი არ გვეხება...”

”ხელფასს და პენსიას რა დაემატა, რაღაც კაპიკები. ასე გაგვიჭირდება ცხოვრება ძალიან.”

”ჩემთვის არაფერი, ჩემთვის გაუარესდა, პირიქით. ქვეყნისათვის უმჯობესდება, მაგრამ ჩემთვის გაუარესდა, პირიქით.”

ასე ამბობენ რიგითი მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მორიგი ზრდის კომენტირებისას. შესაბამისად, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რას მოხმარდება ბიუჯეტის ნამატი სახსრები. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს მოვუსმინოთ:

[გრიგოლ გობეჯიშვილის ხმა] ”ძირითადი პრიორიტეტები აქ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, ასევე იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, ასევე ენერგო სექტორი და საგზაო სექტორის რეაბილიტაცია.”(სტილი დაცულია)

იზრდება საგარეო ვალების მომსახურების მოცულობაც და მცირე მატებაა კულტურის სამინისტოსა და სხვა უწყებებში.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრის ირაკლი იაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს ხმარდება - დაახლოებით 450 მილიონი ლარი, მაგრამ რაში იხარჯება ეს თანხა, ნათლად არავინ იცის:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ” არა, ზოგადად იწერება - კაპიტალური ხარჯი, სხვა ხარჯი. ზუსტად რაში იხარჯება, ვინ გეტყვის მაგას.”

ბიუჯეტის ცვლილებათა კომენტირება გაუჭირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბეჟან ბუცხრიკიძესაც, რადგან პროექტი მხოლოდ ახლახან გამოჩნდა პარლამენტის კანცელარიაში.

გასულ წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2007 წლის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი 3 მილიარდ 703 მილიონ ლარს შეადგენს. ახლა ეს რიცხვი 641 მილიონით გაიზრდება და 4 მილიარდ 344 მილიონ ლარს გაუტოლდება.
XS
SM
MD
LG