Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერენ გაზეთები 26 აპრილს?


დღევანდელ პრესაში მწირი ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ.

“24 საათი” წერს, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს და მისი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტიციების წილი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის თემასაც შეეხნენ. გაზეთის თანახმად, ტონი ბლერს განუცხადებია: “რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან პარტნიორული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის. ასევე ევროპაც სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის. ეს რუსეთს კარგად უნდა ესმოდეს”, - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ამ სიტყვებს “24 საათი” აქვეყნებს.

დღევანდელ გაზეთებში გრძელდება რესპუბლიკურ პარტიაზე სტუდენტების ერთი ჯგუფის განაწყენების თემა. “რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ხიდაშელთან, რომელიც ამბობს: “ეს არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარე კამპანია. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვთხოვდი გაიხსენონ რა ხდებოდა ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც გაზეთი “ჯორჯიან ტაიმსი” ერთ დღეს გამოვიდა 200 ათასიანი ტირაჟით და ეს გაზეთი დაარიგეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა, ისევე როგორც არიგებდნენ გიგი უგულავას წინასაარჩევნო ბროშურებს. ყოველი სიტყვა, რაც იმ ბროშურებში ეწერა, იყო ტყუილი, ზუსტად ისევე, როგორც ახლა”, - ამბობს თინათინ ხიდაშელი “რეზონანსთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ რესპუბლიკელები “ხელისუფლების მხრიდან ამ ძალიან ბინძური კამპანიის” გაგრძელებას ელოდებიან.

“ახალ თაობაში” დღეს ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ოპონენტთათვის. მომზადებულ მასალაში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ მედიის საშუალებით საზოგადოებას არასრული ინფორმაცია მიეწოდება სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ. ციტატა პუბლიკაციიდან: “ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ბრალდება სასამართლოების მიერ პროკურატურის მოთხოვნათა თითქოსდა უპირობო შესრულებას უკავშირდება. 2007 წლის სამი თვის მონაცემებით კი, ამ ბრალდებაზე შემდეგი პასუხი არსებობს: მითითებულ პერიოდში უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ დამთავრებულია 372 საქმე საკასაციო საჩივრის გამო. აქედან განხილულია პროკურორის საკასაციო საჩივარი 57 საქმეზე. დაკმაყოფილდა 9, ანუ 15,8%.” ამას გარდა, უზენაესი სასამართლოს საზოგადოებისა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2006 წელი სასამართლო სისტემისთვის გარდამტეხი წელი იყო და რომ განხორციელებული რეფორმის პირველმა სერიოზულმა შედეგებმა უკვე პოვა ასახვა 2007 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკაში. ტექსტის ავტორები დასასრულს დასძენენ, რომ “დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით სასამართლოებში წარმოებაში არსებულ ათიათასობით საქმეს 278 მოსამართლე იხილავს. უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემაში წინსვლისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს მალე მედიის სახით დამნახავი, ხოლო საზოგადოების სახით შემფასებელი გამოუჩნდება.”

დღევანდელი “ალია” განაგრძობს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სამომავლო გეგმებზე ვერსიების გაშუქებას. პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ნამდვილად აპირებს პოლიტიკაში სერიოზულად დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ ის შექმნის პარტიას. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ოქრუაშვილს “აქვს იმის უნარი, რომ იყოს პოლიტიკოსი და შექმნას პარტია, რის შემდეგაც იქნება მასთან კონსულტაციები.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG