Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტირებულთა საქმეზე სარჩელის გამო რუსეთი ევროსასამართლოზე ზეწოლას ცდილობს


საქართველოს სახელმწიფოს სახელით დეპორტირებულთა საქმეზე ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელი, შესაძლოა, რუსეთის მორიგი დემარშის საფუძვლად იქცეს.

ევროსაბჭოში ქართული საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის დეპუტატ ელენე თევდორაძის თქმით, რუსეთი, რომელიც ევროსაბჭოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, უარს ამბობს ევროსასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნაზე და მიზეზად მის წინააღდეგ საქართველოს სარჩელს ასახელებს. იმ დროს, როცა საქართველო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მეზობელ რუსეთს უჩივის, საქართველოში სულ უფრო მეტ მოქალაქეს უჩნდება სურვილი, სამართლის საძებრად ევროსასამართლოს მიმართოს.

რუსეთი ევროსაბჭოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ე.წ. მე-14 ოქმის რატიფიცირებას არ ახდენს, რითაც ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს შეიცვალოს 20 მოსამართლე, რომლებსაც მოქმედების ვადა ამოეწურათ. ამის მიზეზად რუსეთი ასახელებს მის წინააღმდეგ წარმოებულ მწვავე კრიტიკას ევროსაბჭოს კედლებში, რაც, რუსი პარლამენტარების აზრით, სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც ევროსაბჭოს ყველაზე მსხვილი გადამხდელია. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომელიც ერთი კვირის წინ იმყოფებოდა სტრასბურგში, ამბობს, რომ მოსკოვის მოთმინების ფიალა აავსო საქართველოს მიერ დეპორტირებულთა საქმეზე შეტანილმა სარჩელმა:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”არ არის არც ერთი ასამბლეის სხდომა, სადაც რუსეთის მიმართ არ ისმის კრიტიკა. მეორე იყო, უკვე სლუცკიმ (რუსი დეპუტატი საპარლამენტო ასამბლეაში) დაამატა, რომ ჩვენ ნამდვილად სულ არ გვინდა, რომ სასამართლომ განიხილოს საქართველოს, აი, ასეთი სარჩელი და, თუ გამოიტანსო, ესეც გავლენას მოახდენსო დადებითსო დეპუტატებზე.”[სტილი დაცულია]

აღნიშნული ინფორმაცია ქართულმა დეპუტაციამ მიიღო ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სიტყვით გამოვიდა რუსეთის შესახებ მომხსენებელი ლუკ ვან დერ ბრანდე. თურმე მოსკოვში მყოფი ბელგიელი დეპუტატი რუსეთის დუმის არც ერთმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა არ მიიღო და მე-14 ოქმის ბედიც უცნობია. მაგრამ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართველი დეპუტატი ნინო ნაკაშიძე ფიქრობს, ევროსაბჭო რუსეთის ულტიმატუმის წინაშე უკან დახევას არ აპირებს:

[ნინო ნაკაშიძის ხმა] ”სავარაუდოდ, რამდენიემ ვარიანტი არის: რომ რუსეთს შეუჩერებენ უფლებამოსილებას და რუსეთის გარეშე გაიტანენ ამ პროტოკოლს და მონიტორინგი იქნება ძალიან მკაცრი. მაგრამ ეს არის ჯერ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ.”(სტილი დაცულია)

თუ რუსეთმა ივნისამდე არ მოახდინა მე-14 ოქმის რატიფიცირება, რაც ახალი მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს, მაშინ, პარლამენტარ ელენე თევდორაძის ვარაუდით, სტრასბურგის ევროპული სასამართლო ქმედობაუუნარო გახდება. ეს კი დააბრკოლებს ყველა იმ მოქალაქის - აგრეთვე სახელმწიფო - საქმის განხილვას, რომლებიც სამართლის პოვნას სტრასბურგში ცდილობენ. მათ შორის, შესაძლოა, აღმოჩნდეს ქართველი გიორგი მიქიაშვილი, რომელიც, წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან 28 აპრილს გათავისუფლდა.

[გიორგი მიქიაშვილის ხმა] ”შემდეგი ეტაპი იქნება უზენაესი სასამართლო და შემდეგ სტრასბურგი, თუ არ გაგვამართლებენ.”

23 წლის გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის 29 ოქტომბერს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. თუმცა, როგორც ქართველი სამართალდამცველები აცხადებდნენ, დაკავებისას მიქიაშვილს ისე მძიმედ სცემეს, რომ იგი კარგა ხანს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG