Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებას საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვით ხსნის


შუა წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაუმატოს.

1 მაისიდან საპარლამენტო კომიტეტებში შესაბამისი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა უკარნახა შემოსავლების ზრდამ, რამაც, საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 600 მილიონი ლარით მეტი შეადგინა. აქედან 445 მილიონი თავდაცვის სისტემის რეფორმისთვისაა განკუთვნილი. თუმცა იმის გამო, რომ, კანონპროექტით, თითქმის ორჯერ იზრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ოპოზიცია მოითხოვს წარმოდგენილი იქნეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ აპირებს სამხედრო უწყება თითქმის მილიარდიანი ბიუჯეტის ხარჯვას.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო რესურსი 614 მილიონი ლარით გაიზარდა, შესაბამისად იზრდება საგადასახადო შემოსავლები და უკვე სამ მილიარდ-ნახევარ ლარს შეადგენს. პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პროექტი სწორედ დამატებითი საგადასახადო შემოსავლების ხარჯვის ინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებს. ძალიან საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში არაფერია ნათქვამი საგანგებო ფინანსურ პაკეტზე, რაც, საქართველოს პრეზიდენტის 5 პუნქტიანი გეგმის თანახმად, ქურთაში მოქმედი დიმიტრი სანაკოევის მთავრობას უნდა მიეღო. თუმცა, როგორც რადიო ”თავისუფლებას” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ უთხრა, ხელისუფლებას ალტერნატიული ცხინვალის მთავრობის დაფინანსების სხვა წყაროები აქვს:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”ჩვენ გვაქვს, გარდა ბიუჯეტით გაწერილი ხარჯებისა, ასევე ფონდები - მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები, რომელშიც არის შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად, თუ იქნება მოთხოვნა რაიმე ხარჯის გასაწევად, მოხდეს აქედან ამ თანხის გაწევა.”(სტილი დაცულია)


ბიუჯეტში დამატებით შესული 600 მილიონი ლარიდან ყველაზე მეტ თანხას - 445 მილიონს - თავდაცვის სამინისტრო მიიღებს სისტემის რეფორმირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო - 67 მილიონი ლარით. 30 – 30 მილიონი ლარია დამატებით განსაზღვრული საგარეო ვალდებულებათა დაფარვისა და საგზაო ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციისათვის.
საპარლამენტო ოპიზიციას, რომელიც მხარს უჭერს სამხედრო სისტემის რეფორმას, სურდა გაეგო, თუ რამდენად გამჭვირვალედ დახარჯავს, საერთოდ, სამხედრო უწყება საბიუჯეტო თანხებს, რაც, ცვლილებების მიხედვით, თითქმის 1 მილიარდ დოლარს აღწევს. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”მრეწველების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა არ გამორიცხა, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ბიუჯეტის გაზრდა უკავშირდებოდეს ერაყში 2000 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, რაც ივნისის ბოლოსთვის იგეგმება:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”არ გამოვრიცხავ, რომ [ბიუჯეტის ზრდა] ასევე უკავშირდებოდეს ერაყში მისიას და, თუ ეს ასეა, მით უმეტეს, ჩვენ უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რაში იხარჯება თანხები.”(სტილი დაცულია)

პარლამენტართა და მედიის ინტერესების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში 1 მაისს ღია დებატები გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქავთარაძემ განაცხადა, რომ არმიის ხარჯების კანონიერება მკაცრად გაკონტროლდება საპარლამენტო ”ნდობის ჯგუფის” მიერ და დეტალური ინფორმაცია კომიტეტის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, წელს დახარჯული თანხა მთავრობას საშუალებას მისცემს შემდგომ წლებში არმიის შესანახი ხარჯები შეამციროს:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო ბიუჯეტი წელსაც აღწევს პიკს, თორემ შემდეგი წლიდან ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ შემცირებაზე, წლევანდელთან შედარებით, შემდგომი წლების თავდაცვის ბიუჯეტების.” [სტილი დაცულია]

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის ცვლილებას და სულ მალე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება სარეკორდო ციფრს - თითქმის ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტია, რაც საქართველოს მყარი პირველი ადგილის გარანტიას აძლევს მზარდი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყნებს შორის. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ნამატი საბიუჯეტო 600 მილიონი მთავრობამ ისე გაანაწილა, რომ სოციალური პროგრამებისათვის ერთი თეთრიც არ წაუმატებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG