Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ესაუბრა მიხეილ სააკაშვილი სერგეი ბაღაფშს?


გასულ კვირაში გაზეთი ”რეზონანსი” ყოველდღე აქვეყნებდა სტატიებს გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

”გაზი გაძვირდა. 1 კუბურ მეტრ აირში 34 თეთრის ნაცვლად თბილისელებს დღეიდან უკვე 51 თეთრის გადახდა მოუწევთ” - წერდა გაზეთი ”რეზონანსი” 1 მაისს.

ოთხშაბათს ”რეზონანსი” კვლავ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”გაზის გაძვირებას ერთ დღეში პურის გაძვირება მოჰყვა”. - პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ყველა იმ პროდუქციის ფასი, რომლის წარმოებისთვისაც ბუნებრივი აირია საჭირო. ამასთან, ავტორი დასძენს: ”ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმთავრესი პრობლემა სურსათზე ფასების მატება კი არა, მოსახლეობის თვიური შემოსავლის სიმცირეა. ”რეზონანსის” სტატიაში ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სამრეწველო პროდუქციის ფასებს შორის საკმაოდ დიდი დისპროპორციაა.”

ხუთშაბათს კი ”რეზონანსი” უკვე გაზის ტარიფის გაიაფების შესაძლებლობებზე საუბრობს. ”ბუნებრივ აირზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმების შემთხვევაში გაზის ტარიფი თბილისში 42 თეთრამდე შემცირდება, ხოლო რეგიონებში 41-დან 47 თეთრამდე” - წერს გაზეთი ”რეზონანსი” და ქვესათაურად გამოაქვს: ,,პარლამენტის წევრებს ღილაკზე ერთი დაჭერით შეუძლიათ გაზის ტარიფი 9 თეთრით შეამცირონ.”

გაზის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მომატების საშიშროებაზე პარასკევს გაზეთი ”ახალი თაობაც” წერდა. ”პურის ფასი 1 ლარი გახდება” - გვამცნობს ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სტატიის სათაური.

თუმცა იმავე დღეს გაზეთი ”რეზონანსი” უკვე ოდნავ დამაიმედებელ პროგნოზს აწვდის საზოგადოებას. ,,მართალია, პური ძვირდება, მაგრამ შემოდგომის შემდეგ ფქვილი თვალშისაცემად გაიაფდება”, - წერს გაზეთი 4 მაისის ნომერში და განმატავს: ”ექსპერტები ამბობენ, რომ პურის ფასის ნახტომისებური მატება გამორიცხულია, რადგანაც, გაზის ტარიფის მატების პარალელურად, პურის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი, ფქვილი, გაიაფდა.”

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის გასული წლის ანგარიშის მეორე ნაწილი მიმდინარე წლის დასაწყისში შევიდა პარლამენტში. პლენარულ სხდომაზე მოსმენამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მას რამდენიმე ეტაპად მოისმენს. ანგარიშის ერთი ნაწილი გასულ კვირას უკვე მოისმინეს. პარასკევს კიდევ ერთი ნაწილის მოსმენა შედგა. შაბათს გაზეთი ”ალია” ამ ანგარიშს ეხმაურება. ციტატა პუბლიკაციიდან: ”სოზარ სუბარის მოხსენება დეპუტატებში მაზოხისტურ გრძნობებს იწვევს. - ასეთი დასკვნა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა გამოიტანა: სუბარი მთელი წლის განმავლობაში აგროვებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მერე აკეთებს მათ ანალიზს, ხშირ შემთხვევაში დამნაშავეებსაც პოულობს და ამ ყველაფრით დატვირთული მიდის პარლამენტში. იქ კი ვინ ხვდება? ოპოზიცია. მხოლოდ მათ სურთ სახალხო დამცველის მოსმენა. უმრავლესობიდან კი თავს არავინ იწუხებს. ... ამიტომ სოზარის მოსმენის შემდეგ გაჩენილ კითხვებს ისევ სოზარს უბრუნებენ, არადა, ოპოზიციას პასუხები უმრავლესობისგან უფრო აინტერესებს”, - ვკითხულობთ გაზეთ ”ალიას” შაბათის პუბლიკაციაში.

გასული კვირის განმავლობაში ქართული პრესა ბევრს წერდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული სტუდენტების ბედის შესახებ. ამ პრობლემას დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ორშაბათს გაგრძელდა საუბარი ”რუსთავი-2”-ის ეთერით გასული სიუჟეტის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიასა და მის წევრ პაატა ზაქარეიშვილზე ხელისუფლების წარმომადგენელთა და სტუდენტთა იერიშის თაობაზე. ”კუდ-ს კუდზე დავაბიჯე” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ორშაბათს გაზეთი ”მთელი კვირა” ვრცელ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან. ციტატა პუბლიკაციიდან: ”მთელი ხელისუფლება გამწარებულია იმაზე, რომ მე ვახსენე ”კუდ”-ი. ”კუდ”-ს კუდზე დავაბიჯე. ამიტომ აეწვათ კუდი. 10 საათზე გავიდა ”პოსტ სკრიპტუმში” ეს სიუჟეტი. მეორე დილით, 9 საათზე, აწყობენ ზუგდიდში ბავშვები პრესკონფერენციას. სად ჩაუტარებიათ საქართველოში დილის 9 საათზე პრესკონფერენცია? თანაც, იმ გადაცემაში ჩემი საუბარი იყო წმინდა ექსპერტული და არაფერი საერთო ამას არ ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიასთან. არადა, მთელი ყურადღება გადაიტანეს რესპუბლიკურ პარტიაზე. აშკარად გამოიყენეს ეს მომენტი რესპუბლიკურ პარტიაზე დარტყმისთვის”, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ ”მთელ კვირასთან” ინტერვიუში.

დატყვევებული სტუდენტების ბედს ქართული მედიის საშუალებით მთელი კვირა ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოება. ხუთშაბათს, გვიან საღამოს, ტყვეობიდან დახსნილი სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტს უკვე თბილისში შეხვდნენ. შაბათის ქართული პრესა ფართოდ აშუქებს ამ ამბავს. ”გამოხმაურებები სტუდენტთა გათავისუფლების გამო” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ”24 საათი”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,,აფხაზების ორთვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი სტუდენტები - ლევან ღაჭავა, ივერი ყორშია და კობა რიგვავა - გუშინ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. სტუდენტების მოულოდნელი გათავისუფლების დეტალები არ ხმაურდება... ”

ამავე თემას ეძღვნება გაზეთ ”რეზონანსის” შაბათის პუბლიკაცია, სათაურით: ”როდის ესაუბრა მიხეილ სააკაშვილი სერგეი ბაღაფშს?” გაზეთში ვკითხულობთ: ”ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი სტუდენტების გათავისუფლება ქართული და აფხაზური ხელისუფლების პირველი პირების უშუალო შეთანხმების შედეგად მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 30 აპრილს ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს აცნობა, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას ადგილსამყოფელის შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად განმუხტა სიტუაცია”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” შაბათის ნომერში სტუდენტების მოულოდნელი გათავისუფლების ერთ-ერთი ვერსიის შესახებ.
XS
SM
MD
LG