Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ქართული პრესის ყურადღების ცენტრშია


ორშაბათს გამოსული ორი ყოველდღიური გაზეთი - ”რეზონანსი” და ”24 საათი”




- აქვეყნებს ინტერვიუს ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ოლვესთან, რომელიც 7 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს. ესტონეთის პრეზიდენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო კარგად ასრულებს ალიანსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, თუმცა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას უფრო აქტიურად ”ჩაერთოს ნატოს ოპერაციებში და წარმატებით განახორციელოს მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა.” ესტონეთის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის შესაძლო წინააღმდეგობაზე და იმ გავლენაზე, რომელიც შეიძლება იქონიოს მოუგვარებელმა კონფლიქტებმა ალიანსის გზაზე. ”მიმაჩნია, რომ თქვენ თქვენი გზა არჩეული გაქვთ და იმ გზაზე უნდა იაროთ. მავანნი თავს იმით იიმედებენ, რომ ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტური კერებია, მას ნატოში არ მიიღებენ. როგორ გგონიათ, მსოფლიო ვერ ხედავს თქვენს ძალისხმევას კონფლიქტების დასარეგულირებლად? ან იმას, თუ ვინ ამღვრევს წყალს? მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. არიან ძალები, რომლებსაც კონფლიქტების გამწვავებაც სურთ, მაგრამ მჯერა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოუვათ”, ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი ინტერვიუში, რომელსაც გაზეთები ”24 საათი” და ”რეზონანსი” ერთდროულად აქვეყნებენ.

გაზეთ ”ალიას” ყოველკვირეული დამატება ”ქრონიკა” კი ბეჭდავს ინტერვიუს ქართველ ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან, რომელიც 10 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობს და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერის გამო დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მკაცრად აკრიტიკებს. ”აქცია დაანახვებს სააკაშვილის მფარველებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს ის აღარ უნდა. მერე იქნებ ცოტა ჭკუაზე მოვიდნენ ის ბუში, ბლერი თუ ვინც იქნებიან, არ ვიცით. თუმცა ბლერი უკვე მოვიდა ჭკუაზე, მალე გადადგება და დავისვენებთ მაგის ადვოკატობისაგან,”- ამბობს შალვა ნათელაშვილი გაზეთ ”ქრონიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ორშაბათს გამოსულმა რამდენიმე გაზეთმა კვლავ წამოსწია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის თემა. გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან. რამდენიმე გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ავტორი აცხადებს, რომ ამ თემაზე ახალი ფილმის გადაღებას აპირებს: ”სკანდალური კი არა, ისეთი მასალები მაქვს, სადაც ყველაფერი პორდაპირ ჩანს. ამ მასალებით ნათლად ირკვევა, რომ ჟვანია გაზით არ გაგუდულა. ამ მასალებით დავამტკიცებ, რომ ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა არ ყოფილა”, აღნიშნავს ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გაზით გარდაცვალებას გამორიცხავს მისი ძმა, გოგლა ჟვანია, ყოველკვირეულ ”ასავალ-დასავალში” გამოქყვენებულ ინტერვიუში. ”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზურა საერთოდ არ მისულა საბურთალოს ქუჩაზე იმ ბინაში, სადაც ვითომ გაზით გაიგუდა. მკვლელობის შემდეგ მოაწყვეს ინსცენირება, დადგეს სპექტაკლი, რომ პრემიერ-მინისტრის კონსპირაციულ ბინაში გაზით გაიგუდა”, აღნიშნავს გაზეთ ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში გოგლა ჟვანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები იციან საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, რომლებიც სიმართლეს შეგნებულად მალავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG