Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრაკოვის ენერგეტიკული სამიტი ცენტრალურ აზიაში ვლადიმირ პუტინის ტურნეს ფონზე


11 მაისს პოლონეთში, კრაკოვში, ვაველის სასახლეში, დაიწყება ენგერგეტიკული სამიტი,

რომელზეც პოლონეთის, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ლიტვის ლიდერები ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. ენერგეტიკული სამიტის ჩატარების ინიციატივით პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მარტში, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, გამოვიდა. კრაკოვში უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ლიტვის ლიდერებთან ერთად
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც იყო მიწვეული, მაგრამ ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე - მათ შორის, კასპიის რეგიონიდან ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ენერგომატარებლების მიწოდების პროექტებზე - მსჯელობა მისი მონაწილეობის გარეშე წარიმართება. ნაზარბაევს კრაკოვის სამიტისთვის არ სცალია, ის ცენტრალურ აზიაში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მასპინძელია.
როგორც აღნიშნავენ, ანტირუსული ენერგეტიკული სამიტის დღეებში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის ჩაშლას უკავშირდება.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ლეხ კაჩინსკიმ აპრილში, თბილისში სტუმრობისას, მიიწვია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივას ენერგეტიკის თემაზე სამიტის მოწვევის თაობაზე პოლონეთში...”

სამიტი, რომელიც 11 მაისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიხსნება, ჩვენი დროის ყველაზე დიდ ბრძოლას უკავშირდება, ბრძოლას დასავლეთსა და რუსეთს შორის , სადაც ფრონტის ხაზი ენერგეტიკულ პროექტებზე გადის. კრაკოვში უნდა იმსჯელონ კასპიის რეგიონიდან, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების პროექტთა რეალიზების პერსპექტივაზე; მსჯელობა იქნება, კერძოდ, პოლონეთის წინადადებაზეც, ოდესა-ბროდის ნავთობსადენი პლოცკამდე და გდანსკამდე გაგრძელდეს, რაც ამ მარშრუტით ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს პორტებამდე ტრასპორტირებას, შემდეგ კი ტანკერებით ოდესამდე გადაზიდვას ითვალისწინებს - საბოლოოდ ევროპაში გადასატანად. საქმე ისაა, რომ მსჯელობა ამ და სხვა წინადადებებზე ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მონაწილეობის გარეშე წარიმართება. არადა, ნაზარბაევის პოზიციას ამ პროცესებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისთვის ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გაგრძელების წინადადებით, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე ამბობს, პოლონეთი კარგა ხანია უშედეგოდ გამოდის:
[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”წლებია ამაზე მიდის მუშაობა. პოლონელები და უკრაინელები აქტიურად მოძრაობდნენ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში იმისთვის, რომ ეს ტვირთები თავისად დაეგულებინათ, მაგრამ ეს არ ხერხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაინც არის სერიოზული მნიშვნელობის პოლიტიკური პროექტი და მეორე - ეს არის ძალიან ძვირი.... ” (სტილი დაცულია)

ენერგეტიკის საკითხებში მეორე ექსპერტი, გია ხუხაშვილიც, საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან ამოდის და ამბობს, რომ ენერგეტიკულ ომში რუსეთმა დასავლეთს ამ ეტაპზე შამათი სამ სვლაში გაუკეთა. ”რუსეთი ყველა გზით ცდილობს ხელიდან არ გაუშვას კონტროლი ცენტრალური აზიის ენერეგომატერებლების ექსპორტზე და ამას ახერხებს კიდეც. სანამ ევროპელები ენერგეტიკულ საკითხებზე სამიტებისა და კონფერენციების ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი, პუტინი ცენტრალური აზიის მიმართულებით მოქმედებდა. ასტანა- აშხაბადი-მოსკოვის გაზის სამკუთხედის შექმნა, ფაქტობრივად, ხაზს გადაუსვამს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, ყოველ შემთხვევაში, დროებით და, სამწუხაროდ, შეასუსტებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც”, -ამბობს გია ხუხაშვილი და კრაკოვის სამიტთან დაკავშირებით ნათქვამს დასძენს :

[გია ხუხაშვილის ხმა] ” პუტინის და ნაზარბაევის შეხვედრა და კრაკოვის სამიტი ერთმანეთის კონფრონტაციულ რეჟიმში წარიმართება. ნაზარბაევის დღევანდელი განცხადებები,ფაქტიურად, ანულებს პოლონეთში ამ სამიტის მნიშვნელობას. ” (სტილი დაცულია)

რატომ არის ნაზარბაევის პოზიცია ასე მნიშვნელოვანი? კასპიის აზერბაიჯანული რესურსი 2011 წლისთვის ათვისებული იქნება. ამდენად, ტრასკასპიური გაზსადენის პროექტი, ცენტრალური აზიის რესურსების გარეშე, აზრს კარგავს. ვარაუდობენ, რომ ნაზარბაევს მოუწევს ამერიკელებისთვის თავისი პოზიციის ახსნა, მით უფრო, რომ ის პირადად პრეზიდენტ ბუშს შეჰპირდა ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტში მონაწილეობას.




ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG