Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კაკაბაძე, პრაღა


სომხეთში 12 მაისს საპარლამენტო არჩევნები იმართება. 2,3 მილიონამდე ოფიციალურად რეგისტრირებულ ამომრჩეველს საშუალება ეძლევა,

ხმა მისცეს თავის რჩეულს და მას 131 სადეპუტატო მანდატიდან ერთ-ერთის მოპოვებაში დაეხმაროს.

ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ არჩევნებში წარმატებას მმართველი რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს – ამ ვარაუდის საფუძვლიანობაზე წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკვლევებიც მეტყველებს. ამიტომ კითხვა, რომელიც სომხეთში მიმდინარე კენჭისყრასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ხშირად გაისმის, ასე ჟღერს: შეძლებს თუ არა სომხეთი, საერთაშორისო თანამეგობრობასაც და – უწინარესად – საკუთარ მოქალაქეებსაც დაუმტკიცოს, რომ მართლაც ხელეწიფება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

სწორედ ამისკენ მოუწოდებენ სომხეთის ხელისუფლებას ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები. უცხოეთის მთავრობებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ სომხეთისგან მნიშვნელოვან წინსვლას ელიან 2003 წლის არჩევნებთან შედარებით, როცა არჩევნების შედეგები - საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად - გაყალბებულ იქნა.

პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი პირობას დებს, რომ როგორც თვით კენჭისყრის, ისე ხმების დათვლის პროცესი არ გააწბილებს ეუთოს, ევროპის საბჭოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 400-ზე მეტ მეთვალყურეს.

(სერჟ სარქისიანის ხმა) "ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ წინა არჩევნებზე უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ, არამედ ჩვენი მიზანია, არჩევნები ისე ჩავატაროთ, რომ მან საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს."

ოპოზიციას სერჟ სარქისიანისა და მისი თანაპარტიელების დაპირებების არ სჯერა.

(ისმის დემონსტრანტთა შეძახილები)

ერევანში გამართული ამ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ითხოვენ. თავად ქოჩარიანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამ პოსტზე მესამე ვადით დარჩენას მას კონსტიტუცია უკრძალავს. ამიტომ, მიმომხილველთა აზრით, ქოჩარიანი შეეცდება, პრეზიდენტის სავარძელი პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანს გააულოცოს – თანამოაზრესა და თანაპარტიელს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ მმართველი პარტიის ეს გეგმა ჩაიშლება:

(არამ კარაპეტიანის ხმა) "ჩემი აზრით, სომხეთში რევოლუცია მოხდება. ის აუცილებლად მოხდება, თუნდაც არჩევნების სახე ჰქონდეს. რადგან ძალაუფლების არსებული სისტემა რევოლუციის გზით უნდა დაემხოს."

ეს არამ კარაპეტიანია, "ახალი დროების" პარტიის ლიდერი –ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციისა იმ სამიდან, რომლებმაც ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანება მოახერხეს. ერთ-ერთი პრეტენზია, რომელსაც კარაპეტიანისა და სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მხრიდან ხშირად გაისმის, სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი მედიის მიერ საარჩევნო პროცესის მიკერძოებული გაშუქებაა. უცხოელი მეთვალყურეები უკვე შეუდგნენ ამ პრეტენზიების შესწავლას და კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ თავიანთ ანგარიშსაც წარმოადგენენ. ჯერჯერობით კი მათ ისღა დარჩენიათ, იმედი გამოთქვან, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების პროცესი თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

(ურდურ გუნარსდოტირის ხმა) "რა თქმა უნდა, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, თავისი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების წინაშე ღირსეულად გამოჩნდეს არჩევნების პროცესში. მაგრამ, ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თავისსავე ხალხს დაანახოს, რომ ძალუძს კარგი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ხალხს არჩევნების რწმენა უნდა გაუჩნდეს, რადგან სწორედ ეს არის ყოველივეს თავი და თავი, უამისოდ ყველაფერ დანარჩენს აზრი ეკარგება."

ეს გახლდათ ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენელი ურდურ გუნარსდოტირი.
XS
SM
MD
LG