Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი და რუსეთი დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას ცდილობენ


მოსკოვში გრძელდება აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტი. დღეს გაიმართა რაისის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.

დღესვე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცალკე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. ამ დიპლომატიური აქტიურობის ფონია დაძაბულობა რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობაში.

კონდოლიზა რაისი დასავლეთს და რუსეთს შორის განხეთქილებაზე ლაპარაკს ზედმეტად მიიჩნევს, მითუმეტეს ლაპარაკს ახალ “ცივ ომზე”. თუმცა, ეს არ ნიშნავს, თითქოს რაისს მოსკოვში ვიზიტისას კრიტიკა არ გამოეთქვას: როგორც მან ორშაბათს აღნიშნა, რუსი ოფიციალური პირების ემოციური კომენტარები კონსტრუქციულობით არ გამოირჩევა.

ემოციური კომენტარებით, სავარაუდოდ, იგულისხმება, რუსი ოფიციალური პირების, მათ შორის ვლადიმირ პუტინის მზარდი კრიტიკა დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ის მისამართით. გასულ კვირაში პუტინის მიერ წარმოთქმული რამდენიმე ფრაზა ბევრმა კომენტატორმა გაიგო, როგორც აშშ-ის პოლიტიკის შედარება მესამე რაიხის - ნაცისტური რეჟიმის - კურსთან. თუმცა პუტინის იმ გამოსვლის დღიდან მოყოლებული, კრემლი ირწმუნება, რომ ასე არ ყოფილა, რომ რუს ლიდერს მსგავსი პარალელი არ გაუვლია.

კრიტიკული რიტორიკაც რომ არ იყოს, რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოებას კონკრეტული თემები იწვევს: მათ შორის აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო თავდაცვის ფარი განათავსოს ცენტრალურ ევროპაში (მოსკოვი ამ გეგმის წინააღდმეგია) და კოსოვოსთვის ნაწილობრივი დამოუკიდებლობის მინიჭების გეგმა, რასაც აშშ ემხრობა - მოსკოვისაგან განსხვავებით.

ჰარმონიულს კაცი ვერც ევროკავშირთან მოსკოვის ურთიერთობას უწოდებს. არადა, სამიოდ დღეში, 18 მაისს რუსეთ-ევროკავშირის სამიტი იმართება. მანამდე დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც მოსკოვშია ჩასული.

ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ჩიჟოვმა ორშაბათს მიუთითა უთანხმოებაზე ევროკავშირის წევრ პოლონეთთან: ეს უკანასკნელი ვეტოს იყენებს რუსეთთან ევროკავშვირის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ახალი ხელშეკრულების დასაბლოკად - იმის გამო, რომ რუსეთს პოლონეთიდან ხორცის იმპორტი აქვს აკრძალული.

[ჩიჟოვს ხმა] “მე ვიტყოდი, რომ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც აბრკოლებს ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობას. ზოგი მიზეზი კარგად არის ცნობილი, ზოგი - ნაკლებად. რასაკვირველია, შესაძლებელი იქნებოდა მეტი პროგრესის მიღწევა”, უთხრა რუსმა დიპლომატმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” ორშაბათს. იმავე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რუსეთთან 18 მაისის სამიტის დღის წესრიგის შესათანხმებლად. სამიტი რუსეთის ქალაქ სამარაში უნდა გაიმართოს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება: [შტაინმაიერის ხმა] “შესაფერისი დროა ევროპა-რუსეთის სამიტისთვის? ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ შეხვედრაზე არავინ გამოსულა წინადადებით სამიტის გაუქმების შესახებ. პირადად მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საუბარი სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ურთიერთობა გართულებულია”.
XS
SM
MD
LG