Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გელა ბეჟუაშვილი ცხინვალის რეგიონთან მიმართებით "გარღვევაზე" ლაპარაკობს


ამ დღეებში ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.

ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტ აჰტო ლობიაკასს მიეცა შესაძლებლობა, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა ქართველ მინისტრთან.

ჩვენი კორესპონდენტი უწინარეს ყოვლისა დაინტერესდა ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას უკავშირდება. რეგიონის ალტერნატიული ლიდერი, დიმიტრი სანაკოევი (მას, როგორც ცნობილია, დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ლიდერის სტატუსი მიენიჭა) გასულ კვირაში წარდგა საქართველოს პარლამენტის წინაშე. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მიმართული?

[გელა ბეჟუაშვილის პასუხი] “ეს ნამდვილი გარღვევაა. ამ შეფასებას იზიარებს არა მარტო ხელისუფლება, არამედ პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრი საქართველოში, და მთავარი ეს არის. ეს არის გარღვევა! პირველად მოხდა, რომ ყოფილმა სეპარატისტებმა, რომლებიც 1992-93 წლებში მოწინააღმდეგე მხარეზე იბრძოდნენ, თქვეს - “საკმარისია, გვეყოფაო”. სანაკოევმა დიდი მხარდაჭერა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობისაგან, როგორც ქართველების, ისე ოსებისაგან.”

გელა ბეჟუაშვილის ამ პასუხის შემდეგ - როგორც მოისმინეთ, მინისტრი ცხინვალის რეგიონის გარშემო მიღწეულ “გარღვევაზე” ლაპარაკობს, ჩვენმა კორესპონდენტმა დასვა შეკითხვა კოდორის ხეობის შესახებ. ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმის გაკეთებას აფხაზეთშიც, რაც სამხრეთ ოსეთში გააკეთა - ადგილობრივი ალტერნატიული სახელისუფლო სტრუქტურის შექმნას?

[გელა ბეჟუაშვილის პასუხი] “არა, ეს განსხვავებული საკითხია. ყველა კონფლიქტი განსხვავებულია და საქართველოს ტერიტორიაზეც კონფლიქტები ერთმანეთისაგან განსხვავდება. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა - კონფლიქტის დაასწყისშივე არსებობდა, 92 თუ 91 წლიდან. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იყო განთავსებული და მათ თვითონვე გადაწყვიტეს აფხაზეთში გადასვლა. მათ კოდორი აირჩიეს, რადგან ის არის აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს. ასე მარტივადაა ყველაფერი. ეს იმისაგან განსხვავდება, რაც ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ხდება”.

რას მოელის საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე, კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში, ევროკავშირისაგან? ამ შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ეწვია ევროკავშირის შტაბ-ბინას, გამოთქვა ოფიციალური თბილისის სურვილი, რომ მოლაპარაკების პროცესში მოსკოვის დომინანტური როლი შესუსტდეს, მოლაპარაკების პროცესში ასევე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მონაწილის გააქტიურების შედეგად.

[გელა ბეჟუაშვილის პასუხი] “ვგულისხმობ ევროკავშირის, როგორც პროცესის მონაწილის მნიშვნელობას - ეს არის პროცესი, რომელსაც პირველ რიგში ევროკავშირის აქტიური მონაწილეობა ესაჭიროება, მერე კი რუსეთის აქტიურობაც -პოზიტიური პერსპექტივით. ევროკავშირის როლი ორგვარია. ჯერ ერთი, ევროკავშირის აქტიურობა თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესში და მეორე - ევროკავშირის დისკუსია რუსეთთან ამჟამად არსებულ ფორმატში, საქართველოში კონფლიქტების მოგვარებისთვის შექმნილ ჩარჩოებში. ეს საკითხიც უნდა შედიოდეს რუსეთ-ევროკავშირის დიალოგის დღის წესრიგში”.

რუსეთ-ევროკავშირის დიალოგს, მის მორიგ რაუნდს ამჟამად ყველა განსაკუთრებული ინტერესით მოელის პარასკევს ქალაქ სამარაში რუსეთ-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით. დაპირდნენ თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს (ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე), რომ ევროკავშირი წამოიჭრის საქართველოს საკითხსაც მოახლოებულ სამიტზე?

[გელა ბეჟუაშვილის პასუხი] “საქმე დაპირებაში არ არის. ჩემი მისია აქ იყო ევროკავშირის ლიდერებისთვის აქტუალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ და, რასაკვირველია, ეს ჩვენს ინტერესებში შედის - ევროკავშირის წარმომადგენლებს ვთხოვე, შეიტანონ ეს საკითხები სამიტის დღის წესრიგში. გააკეთებენ თუ არა ამას, და ქნება თუ არა საამისოდ საკმარისი დრო - არ ვიცი”.

დაბოლოს, ძალიან მოკლედ ანტისარაკეტო თავდაცვის ფარზე, რომლის განთავსებსაც აშშ გეგმავს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. იყო ინფორმაცია, რომ ანტისარაკეტო დანადგერების ნაწილი, შესაძლოა, კავკასიაშიც განთავსდეს. ბრიუსელში ჩვენმა კორესპონდენტმა ამ ინფორმაციის კომენტირება სხთოვა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს. გელა ბეჟუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ეს საკითხი თბილისის მიერ არ განიხილება, მასზე არ მიმდინარეობს რაიმე კონსულტაციები - რომ საქართველოს არ მონაწილეობს ამ გეგმაში.
XS
SM
MD
LG