Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ეროვნულ ბანკში?


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა, სისხლის სამართლის კოდექსის

342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი გულგრილობის - ბრალდებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდი თანამშრომელი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2006 წლის 31 იანვარს ფორმალურად შეადგინეს ეროვნული ბანკის საცავში არსებული ფასეულობებისა და ფულის შემოწმების აქტი, რითაც უხეშად დაარღვიეს საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება. მოგვიანებით, 2006 წლის ნოემბერში, სარევიზიო ჯგუფმა ეროვნული ბანკის საცავში 96 ათასი ლარის დანაკლისი აღმოაჩინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე გასულ კვირაში, 10 მაისს, წარდგა. პარლამენტარებმა ქვეყნის მთავარ ბანკირს მართვის მეთოდები და მუშაობის შედეგები დაუწუნეს. მოგვიანებით კი, რომან გოცირიძის პარლამენტში სტუმრობიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე, 17 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი დააკავა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით პოლიციაზე ადრე განმარტება თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გააკეთა. საკასო დეპარტამენტის უფროსის გოჩა გორდეზიანის კომენტარი:

[გოჩა გორდეზიანის ხმა] „ჩვენი, საქართველოს ეროვნული ბანკის, ინიციატივით იქნა გადაგზავნილი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო... დაიკითხნენ გარკვეული თანამშრომლები, თუმცა იმის თქმა არ შეგვიძლია, რომ ყველა დაკავებული დამნაშავეა. ჩვენ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, დაინტერესებული ვართ, რომ გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე.“

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელიწად-ნახევრის წინ დაწყებული ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირდა შეუსაბამობა ფულის საცავში არსებული მოძველებული, გასანადგურებლად განკუთვნილი თანხის რაოდენობასა და საბუღალტრო ჩანაწერებს შორის. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელმაც საქმე მოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს გადასცა, თუმცა საქართველოს პარლამენტში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს არა რიგით კრიმინალურ შემთხვევასთან, არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სავარძლისათვის ბრძოლასთან.

[დავით გამყრელიძის ხმა] „შიდა სახელისუფლო ბრძოლებია. ასეთი რამ ყველა ქვეყანას და,მათ შორის, საქართველოსაც ახასიათებს. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიმარჯვებს, ვისი დაჯგუფება, ვისი კლანი. ეროვნული ბანკის ჩაგდება ყველა კლანს ძალიან უნდა.“

დავით გამყრელიძის ამ მოსაზრებას საქართველოს პარლამენტში ბევრი იზიარებს, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა ამბობს, რომ რომან გოცირიძეს პასუხი სხვისი დანაშაულის გამო არ უნდა მოეთხოვოს:

[ლადო პაპავას ხმა] „2002 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოსთხოვო პასუხი ბატონ რომანს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა 2005 წელს, ცოტა უხერხულია.“

დეპუტატები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა რომან გოცირიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე ამ მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებს:

[მაია ნადირაძის ხმა] „არა მგონია, რომ ეს სერიოზული დამოკიდებულება იყოს. მე გეუბნებით იმას, რაც იყო. რა იქნება, ეს მე არ ვიცი.“

მთავრობასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოების არსებობის ფაქტს არ ადასტურებს პრემიერ-მინისტრი. ზურაბ ნოღაიდელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „არ შევაფასებ მე რომან გოცირიძის მუშაობას. როგორც ვიცი, პარლამენტს ჰქონდა რეაქცია არა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რომელსაც მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს, არამედ სხვა საკითხებზე და ეს პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის განსახილველი საკითხია.“

დაბოლოს: კონსტიტუციის 96-ე მუხლისა და ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუკი დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს, ანდა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედობაუუნაროდ ცნობის გამო. ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა არა პარლამენტს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG