Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თავდგირიძე თავისუფალია


თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს

თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორი, გადამდგარი პოლკონიკი გიორგი თავდგირიძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა ბოლომდე არ გაუმართლებია. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სამი მუხლით, რომელთაგან სასამართლომ ერთ მუხლში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ცნო დამნაშავედ. თავდაცვის აკადემიის ყოფილ რექტორს სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.


თავდაცვის აკადემიის ყოფილმა რექტორმა გიორგი თავდგირიძემ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებამდე საკანში 8 თვე და 15 დღე დაყო. სამხედრო პოლიციამ იგი 2006 წლის 6 სექტემბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოსთვის მატერიალური ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. ბრალდების მიხედვით, გიორგი თავდგირიძემ, თავდაცვის მინისტრის ბრძანების გვერდის ავლით, თვითნებურად დაიქირავა პედაგოგები, რომელთათვისაც ხელფასის სახით გადახდილი თანხით დააზარალა სახელმწიფო. მუხლები, რომლებშიც თავდგირიძეს ბრალი ედებოდა, საერთო ჯამში, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესის დასასრულს პროკურატურამ ბრალდება შეამსუბუქა და სასჯელად 3 წლითა და 6 თვით მის პატიმრობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, 22 000 ლარის გადახდას ითხოვდა. დაცვის მხარის მტკიცებით კი, განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ ყოფილა:

[სოსო ბარათაშვილის ხმა]“ გიორგი თავდგირიძის ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს თავდაცვის მინისტრის საწინააღმდეგოდ დადო ხელშეკრულება პედაგოგებთან, შესაბამისად, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ასევე არ დაემორჩილა მეთაურის ბრძანებას, რაც არ დასტურდება არანაირად საქმეში არსებული მტკიცებულებებით. დღეს წარმოვთქვით ვრცელი დაცვითი სიტყვა, სადაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, თავად განსასჯელის ჩვენებასთან ერთად, მოვიყვანეთ დოკუმენტური მტკიცებულებები, დავასაბუთეთ კვალიფიკაციის არასწორობა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური იქნება სასამართლო, მან აუცილებლად უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.“(სტილი დაცულია)

განგვიცხადა განაჩენის გამოცხადებამდე ორიოდე საათით ადრე გიორგი თავდგირიძის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა. მისი თქმით, განკარგულება მასწავლებელთა ხელშეკრულებით დაქირავების აკრძალვის თაობაზე, რომელიც 2004 წლის დეკემბერში იქნა გაცემული, აკადემიაში მხოლოდ 2006 წლის თებერვალში მიიღეს. ამასთან, თავად თავდგირიძე აკადემიაში 2005 წლის ივნისიდან აღარ მუშაობდა. დაცვით სიტყვაში განსასჯელმა თავდგირიძემ თავის მხრივ შენიშნა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ბრძანების შესრულებას ასწავლიან, ბრძანების შეუსრულებლობაში მისი დადანაშაულება აბსურდულია.
„მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვმოქმედებდი“, თქვა გიორგი თავდგირიძემ. აკადემიის მაშინდელმა პრორექტორმა კახა კაციტაძემ კი დასძინა, რომ გიორგი თავდგირიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ძირითადი მიზეზი მინისტრსა და აკადემიის ადმინისტრაციას შორის არსებული კონცეპტუალური უთანხმოება იყო:

[კახა კაციტაძის ხმა]“პრობლემა შეიქმნა იმაში, რომ ბატონ ოქრუაშვილს ოფიცრის კარიერა ესმოდა სულ სხვანაირად, ოფიცრის ფუნქცია და ოფიცრის როლი ესმოდა სულ სხვანაირად და ჩვენს გუნდს ესმოდა სულ სხვანაირად. სინამდვილეში ეს მთელი პროცესი იყო სწორედ, აი, მინისტრსა და აკადემიის ხელმძღვანელ გუნდს შორის დაპირისპირების მიზეზი. ნიშანდობლივია, რომ მთელი მუშაობის პროცესში, თუ ზუსტად მახსოვს, ბატონ ოქრუაშვილს აკადემიის რექტორი არც ერთხელ არ მიუღია.“(სტილი დაცულია)

კახა კაციტაძე, ისევე როგორც გიორგი თავდგირიძის მხარდამჭერები და ადვოკატები, მიიჩნევს, რომ გიორგი თავდგირიძე უპირობოდ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა იმ ფონზე, რა ფონზეც სასამართლოებს გადაწყვეტილებები გამოაქვთ, შედეგით კმაყოფილია.




XS
SM
MD
LG