Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბათიაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა - უშიშროების ყოფილ მინისტრს განაჩენს 23 მაისს გამოუტანენ


თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს ირაკლი ბათიაშვილს განაჩენს 23 მაისს, 12 საათზე, გამოუტანს.

ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა 22 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო. საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ედება. თავად ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც პატიმრობაში 2006 წლის 29 ივლისიდან იმყოფება, ბრალდებას უარყოფს და უვადო შიმშილობას აცხადებს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბათიაშვილს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

22 მაისის სხდომა მთლიანად დაცვის მხარეს დაეთმო. ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა დეტალურად გაარჩია პროკურორის საბრალდებო სიტყვა, პროცესზე წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და განსასჯელის მიერ მიცემული ჩვენებები. საათნახევრიანი გამოსვლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატმა ასეთი დასკვნა გააკეთა:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა]

იოსებ ბარათაშვილის შემდეგ, ირაკლი ბათიაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას გელა ნიკოლაიშვილი შეეცადა. ადვოკატმა თქვა, რომ სატელეფონი საუბრების ჩანაწერები გაყალბებულია, რომ განსასჯელი 2006 წლის ივლისის მოვლენების დროს, ემზარ კვიციანის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსაც უკავშირდებოდა, რითაც მოსალოდნელი სისხლისღვრისა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შეჩერებას ცდილობდა. გელა ნიკოლაიშვილმა ვრცელი გამოსვლის დასასრულს პერსონალურად მოსამართლეს მიმართა:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა]

უნდა ითქვას, რომ დაცვის ვრცელმა სიტყვამ და არგუმენტებმა აზრი ვერ შეაცვლევინა სახელმწიფო მბრალდებელს.

[ირაკლი კობიძის ხმა]

პროკურორ ირაკლი კობიძისაგან განსხვავებით, განსასჯელმა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მთელი ერთი საათი ილაპარაკა. ირაკლი ბათიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელიც მას პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის, მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საშუალებას არ მისცემს, თუმცა უკან დახევას არც ირაკლი ბათიაშვილი აპირებს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა]

გაჩერებას არ აპირებენ ირაკლი ბათიაშვილის მეგობრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 22 მაისს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა გიორგი კობახიძემ სასამართლოს ეზოში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

[გიორგი კობახიძის ხმა]

ხელმომწერთა შორის იყო და სასამართლო პროცესს ესწრებოდა ცნობილი რეჟისორი გოგი ქავთარაძეც. მისი თქმით, ხელისუფლება ირაკლი ბათიაშვილის გასამართლებით საზოგადოების ნაწილს, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, აფრთხილებს:

[გოგი ქავთარაძის ხმა ]

თუმცა, ამის მიუხედავად, გოგი ქავთარაძე იმედს მაინც არ კარგავს და 23 მაისისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე მისვლასაც აპირებს. მოსამართლე მაია თეთრაული გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოს შენობაში 12 საათზე გამოაცხადებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG