Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა ცდილობს დამატებითი დეტალები შესთავაზოს მკითხველს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე.

”მინიშნებები შურისძიებაზე კეთდება. მელიქიშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბევრი რამ ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული”, - წერს ”რეზონანსი”. ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის პირობებში ავტორი ზოგიერ ვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, ის წერს: ”შარაძის მკვლელობის ფაქტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ, რომლებმაც გაქცეული სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდომისას დააკავეს - ოღონდ მოშორებით, მრგვალი ბაღის მახლობლად. ჩნდება კითხვა: თუ პატრული მკვლელობას შეესწრო და მკვლელი დაინახა, რატომ მიეცა მას გაქცევის საშუალება და ადგილზევე არ დააკავეს? იმედია, ამ და სხვა კითხვებს ახლო მომავალში გამოძიება პასუხს გასცემს. ბუნდოვანია ბარათელის დაჭრის ფაქტიც. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ბარათელს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოგვიანებით კი ბარათელი დაჭრილი აღმოჩნდა და წმ. მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, იგი ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა”, - წერს ”რეზონანსი”.

”ალია” ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, ბარათელის მიერ წინასწარი ძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებს აცნობს მკითხველს. წყაროს თანახმად, ”ბარათელი წერს, რომ 1997-2000 წლებში იგი გურამ შარაძის შვილთან - გიორგი შარაძესთან -მეგობრობდა და ისინი სტუდია ”აუდიენციაში” ერთად მუშაობდნენ. 2000 წლის ბოლოს შარაძემ გადაღებაზე შვეიცარიაში, კერძოდ კი, ჟენევაში წასვლა შესთავაზა. ბარათელის ჩვენების მიხედვით, ჟენევაში ჩასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ არავითარი გადაღებები არ იგეგმებოდა. გიორგი შარაძე, სიტუაციის გარკვევის მოტივით, სხვა ქალაქში წასულა, ბარათელი კი ჟენევაში უფულოდ დაუტოვებია. რამდენიმე დღის განმავლობაში მას საჭმელიც კი არ ჰქონია და ამის გამო იძულებული გამხდარა მაღაზიაში ჯინსის ქურთუკი მოეპარა. იგი ქურდობის ფაქტზე დააკავეს, მაგრამ გიორგი შარაძეს უყურადღებოდ დაუტოვებია და საქართველოში დაბრუნებულა”. ”ალიას” პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბარათელს შარაძესთან ურთიერთობა არ ჰქონია. ორიოდე კვირის წინ ბარათელს გიორგი შარაძის ახლობელი შეხვედრია, რომელთანაც შვეიცარიის ინციდენტზეც ჩამოვარდნილა ლაპარაკი და ბარათელს მისგან შეუტყვია, რომ გიორგი შარაძე ყველაფერში ბარათელს ადანაშაულებდა. ამ საუბრის შემდეგ ბარათელს შურისძიება გადაუწყვეტია. ასეთია ”ალიას” მიერ მკითხველისთვის შეთავაზებული ვერსია.

”ახალი თაობა” წერს იმაზე, რომ მაისის დასაწყისში გიორგი ბარათელს ექიმი გრიგოლ მირზიკიანი დაუჭრია და 20 მაისს დილითაც სამართალდამცავები ამიტომ ეძებდნენ მას როგორც დეიდის ბინაში, ასევე ”რუსთავი-2”-ის ოფისში. პუბლიკაციის დასასრულს კი ავტორი წერს: ”როგორც ჩანს, შარაძეების ოჯახი რაღაც თავდასხმის მოლოდინში იყო. ”რუსთავი-2”-ის პროდიუსერს მაისის დასაწყისში გურამ შარაძის ვაჟი დაუკავშირდა. გიორგი შარაძე ლაფერაშვილისგან სიუჟეტის გაკეთებას ითხოვდა. როგორც ლაფერაშვილი ამბობს, გიორგი შარაძე მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობდა და სურდა ამ თემაზე მასალა გაკეთებულიყო. თუმცა გიორგი შარაძეს არ უთქვამს, ვინ და რა მიზეზით ემუქრებოდა მათ ოჯახს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლაფერაშვილმა სამართალდამცავებს უკვე მისცა ჩვენება”, - წერს ”ახალი თაობა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG