Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი გადასახადები შემცირდება და ვისი გაიზრდება საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შედეგად


საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში საგადასახადო კოდექსის

ცვლილებათა განხილვას დაიწყებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მომავალი წლიდან მოგების გადასახადი, 20 პროცენტის ნაცვლად, 15 პროცენტი იქნება. სოციალური და საშემოსავლო გადასახადები კი გაერთიანდება და მათი განაკვეთი, საერთო ჯამში, ამჟამინდელი 32 პროცენტის ნაცვლად, 25 პროცენტი გახდება. ამ უკანასკნელმა ცვლილებამ ოპოზიციის აღშფოთება და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიების გადასახადების შემცირებით, იზრდება კომპანიების თანამშრომელთა, დაქირავებულთა გადასახადები. მე შევეცადე გამერკვია, იწვევს თუ არა, მართლაც, გადასახადების შემცირება რიგითი მოქალაქეების საგადასახადო ტვირთის გაზრდას.

თუ მოგების გადასახადის ცვლილება ოპოზიციასაც მოსწონს, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანება, შემცირება კამათის საგნად იქცა. 28 მაისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილება საპარლამენტო ფრაქცია ”მრეწველების” ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააპროტესტა. მას და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ, რომ სოციალური და საშემოსავლო გადასახადების შემცირებული საერთო მუცულობის გადახდა დაქირავებულის ტვირთს წარმოადგენს და არა დამქირავებლისას. მრეწველების წარმომადგენლის გია ცაგარეიშვილის განმარტება:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”სოციალური გადასახადის ბაზის გადატანა ხდება საშემოსავლო გადასახადში. ერთი შეხედვით, პროცენტული გადასახადი იკლებს, ჩამოდის 32-დან 25-მდე. მაგრამ თუ ჩვენ საშემოსავლო გადასახადის ბუნებას გავითვალისწინებთ, საშემოსავლო გადასახადს იხდის მუშაკი, დაქირავებული ადამიანი. ანუ ტვირთი და წნეხი დააწვება უბრალო ადამიანს და ის, 12-ის ნაცვლად, გადაიხდის 25 პროცენტს.”

ოპოზიციის მსგავსად, სოციალური გადასახადის ტვირთის გადატანას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტი დავით ნარმანია ეთანხმება. მისი აზრით, გაუმართლებელია საგადასახადო ტვირთის გადატანა დამქირავებლიდან დაქირავებულზე:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ხელისუფლება ამბობს, მოგების გადასახადს შევამცირებ 20-დან 25 პროცენტამდე, რაც მათ სტიმულს მისცემს გაუზარდონ ხელფასები დაქირავებულ მოქალაქეებს და ამ გაზრდილი ხელფასებიდან იმდენი თანხა მაინც მიიღონ ხელზე, რასაც მანამდე იღებდნენო.”(სტილი დაცულია)

იგი ფიქრობს, რომ სოციალური გადასახადის გაუქმება ცუდი ინიციატივა არ არის. მსოფლიოს ბევრ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ეს გადასახადი არ არსებობს და მოქალაქეებს შეუძლიათ საპენსიო თუ სოციალური დაზღვევა ნებაყოფლობით, თავისი სურვილის შესაბამისად, უზრუნველყონ. საქართველოში ჯერჯერობით ეს ასე არ არის, ამიტომ ამ ტვირთის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადატანას დავით ნარმანიაც ეწინააღმდეგება.

სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ეკონომისტი შოთა გვენეტაძე. იგი ამბობს, რომ სახელფასო ფონდთან დაკავშირებული გადასახადის მოცულობა მცირდება, შესაბამისად, დამქირავებლის მიერ შექმნილ სახელფასო ფონდში უფრო მეტი თანხა რჩება:

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”სახელფასო ფონდთან დაკავშირებული გადასახადი შემცირდა, მთლიანობაში. უბრალოდ, მოხდა ამ შემთხვევაში გადასახადის გაერთიანება. ამის ადმინისტრირებაზე, მის გადახდაზე პასუხისმგებელი იქნება აგენტი და ამით, თუ არ გაიზრდება სახელფასო ფონდი, მას აქვს საშუალება ხელფასები გაუზარდის ან მოგება მიიღოს ამ გამოთავისუფლებული თანხით.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია ფიქრობს, რომ კერძო კომპანიებს სახელფასო ფონდში ძველი სოციალური გადასახადის თანხის დატოვებას ვერავინ დაავალდებულებს და 25 პროცენტიანი გადასახადის ტვირთი დაქირავებული თანამშრომლების ხელფასებს დააწვება. გია ცაგარეიშვილის კომენტარი:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”ჩვენ ჩვენს პროტესტს დავაფიქსირებთ, არც მეტი და არც ნაკლები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია რეალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ამგვარი ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში.

საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ისინი ძალაში შევა 2008 წლის პირველი იანვრიდან.

XS
SM
MD
LG