Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ჟურნალისტს კლავენ, ვის აღელვებს ეს?


როცა დამოუკიდებელი პრესის შევიწროებას ცდილობენ,

გაზეთს ხურავენ ანდა, უფრო უარესი - როცა ჟურნალისტს კლავენ, ამაზე, ძირითადად, მხოლოდ საელჩოები, პოლიტიკოსები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები რეაგირებენ. ისინი წერენ ღია წერილებს, ავრცელებენ პრესრელიზებს და მოუწოდებენ რეპრესიულ მთავრობებს, სამართლიანად გამოიძიონ ესა თუ ის საქმე. თუმცა, მიუხედავად ამისა, დამნაშავე ხშირად მაინც დაუსჯელი რჩება, ხოლო ხალხი ასეთ ფაქტებს მხოლოდ მცირედი პროტესტით ეხმიანება. რა ხდება? არის თუ არა პრესის თავისუფლება და ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანი დსთ-ს ქვეყნებისთვის?


ჟურნალ "მონიტორის" მთავარი რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი საკუთარ სახლთან 2005 წლის 2 მარტს მოკლეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ძირითადად, კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებდა. ვერსიებისა და ცალკეული პირების დაკავება-დაკითხვის მიუხედავად, ჰუსეინოვის მკვლელობის საქმე ოფიციალურად გახსნილი არ არის. დასავლელი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კეთილგანწყობილი ქვეყანაა მსოფლიოში. დამოუკიდებელი პრესის ცნება არც ხალხში წარმოშობს განსაკუთრებულ ემოციებს.

(ჰუსეინოვას ხმა)

შეკითხვაზე, რამდენად ცნობილია მოკლული ჰუსეინოვის ამბავი და რა იცის ამ ფაქტის შესახებ, 42 წლის ბაქოელი ქალი სედაქეთ ჰუსეინოვა პასუხობს, რომ თითქმის არაფერი იცის, იმის გარდა, რაც ტელევიზიით მოუსმენია. "რა თქმა უნდა, გაკვირვებული ვარ მკვლელობის გამოძიება რომ ვერ მოხერხდა... ჩვენ ყველა ასეთი შემთხვევა გვაკვირვებს, მაგრამ რა უნდა ვქნათ?" – კითხულობს ის.

დაუსჯელობა საერთო სენად იქცა და სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ერთდღიან კონფერენციას იმ კონგრესის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია 28 მაისიდან 2 ივნისამდე მოსკოვში ჩაატარებს. ფედერაციის გენერალური მდივნის აიდან ვაითის თქმით, დაუსჯელობის ფენომენი განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა რუსეთში, სადაც ხალხი ნაკლებად აპროტესტებს ამ ფენომენს. ამის მიზეზად აიდან ვაითი იმ დისბალანსს მიიჩნევს, რომელიც ხალხისა და ხელისუფლების ძალასა და შესაძლებლობებს შორის არსებობს და რომლის გაცნობიერებაც ხალხში თვითცენზურის ბერკეტის ამოქმედებას უწყობს ხელს. ვაითის ორგანიზაციის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია გამოიძიებს დაუსჯელობის ფაქტებს რუსეთში მოკლულ 5 ჟურნალისტთან მიმართებით. ესენი არიან ვალერი ივანოვი, ალექსეი სიდოროვი, ედუარდ მარკევიჩი, დიმიტრი ხოლოდოვი და ვლადიმირ კირსანოვი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ჟურნალისტთა სიკვდილის სტატისტიკის ნუსხაში რუსეთი მესამეა, ერაყისა და ალჟირის შემდეგ. 2000 წლის შემდეგ რუსეთში, სულ ცოტა, 14 ჟურნალისტი მოკლეს. ყველა ეს მკვლელობა კავშირში იყო მსხვერპლის პროფესიულ საქმიანობასთან. ყველა ეს საქმე გაუხსნელია.

ჯოელ საიმონი, ნიუ-იორკში მოქმედი ორგანიზაციის - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის - დირექტორი, ამბობს, რომ ჟურნალისტების მკვლელობის გამოძიებას პოლიტიკური ნება სჭირდება. ის კი ხშირად აბსოლუტურად არ არსებობს:

(საიმონის ხმა) "ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ნების საკითხია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში ბოლო 15 წლის მანძილზე მოკლული ჟურნალისტების საქმეების 85%-ზე მეტი გაუხსნელია და მკვლელები არ დასჯილან. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტების მკვლელებს ხელეწიფებათ შეირჩინონ დანაშაული. და ეს აქეზებს მათ, ვინც ისწრაფვის გააჩუმოს პრესა, მოსპოს კრიტიკა და ჟურნალისტებს არ მისცეს გამოძიებისა და მწვავე საკითხების გაშუქების საშუალება. ერთადერთი გამოსავალი აქ ის არის, რომ მთავრობებმა აღიარონ ეს საშინელი სტატისტიკა და თქვან: ჩვენ გავიღებთ რესურსებს, გამოვავლენთ პოლიტიკურ ნებას და დავუპირისპირდებით ჟურნალისტების მკვლელებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გავლენიანი პირები არიან, ზოგჯერ – თავად მთავრობის წიაღიდანო. ერთი სიტყვით, ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელთან გამკლავების ერთადერთი გზა მთავრობის აქტიურობაა. ბევრ მათგანს კი ამის გაკეთება, უბრალოდ, არ სურს."

ასეთია თურქმენეთის მთავრობაც – ექსპერტთა აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული მთავრობა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. რადიო ”თავისუფლების" კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა გასული წლის სექტემბერში ციხეში დაიღუპა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ის იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, როგორც ამბობენ, თურქმენეთის მთავრობამ ის სულ სხვა მიზეზის გამო დაიჭირა – მურადოვა ფრანგ ჟურნალისტს თურქმენეთში დოკუმენტური ტელემასალის შეგროვებაში ეხმარებოდა. მთავრობა ირწმუნება, რომ მურადოვა ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მას თავისა და სახის არეში ცემის კვალი აღენიშნებოდა და რომ მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ მიყენებული ტრავმა გახდა.

მურადოვას მსგავს შემთხვევებს ყოველთვის აქტიურად ეხმაურებიან მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ შორისაა პარიზში დაფუძნებული "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანდა ნიუ-იორკში მოქმედი ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ. თუმცა თურქმენეთში ბევრი რამ არც მათ შესახებ სმენიათ:

(თურქმენი ქალის ხმა) "ჩვენ არაფერი ვიცით ჟურნალისტების უცხოური ორგანიზაციების შესახებ. კი, რაღაც გვსმენია მათი არსებობის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ვიცით მათზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი კავშირი არა აქვს უცხოელ ჟურნალისტებთან. მათ აკრძალული აქვთ თურქმენეთში ჩამოსვლა."

თურქმენეთი იზოლაციაშია, ხალხიც პასიურობს. არადა, ჯოელ საიმონი სწორედ ხალხის აქტიურობას მიიჩნევს უდიდეს ძალად და იხსენებს შემთხვევებს, როდესაც მთავრობები სწორედ ხალხის პროტესტმა აიძულა, გამოეძიებინა ესა თუ ის საქმე. ექსპერტს 2 მაგალითი მოჰყავს: არგენტინაში მოკლული ხოსე ლუის კაბეზასისა და უკრაინაში მოკლული გიორგი ღონღაძის.

თუმცა ჯერჯერობით შედეგით არ დასრულებულა რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს მოსკოვში, საკუთარ სახლთან მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვაზე უამრავმა ხალხმა გამოთქვა პროტესტი. ამ პროტესტს პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ სამართლიანი გამოძიების პირობა მოჰყვა. ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, სამართლიანი გამოძიების არ სჯერა. ის პოლიტკოვსკაიას მკვლელობას იხსენებს:

(რუსი ქალის ხმა) "ეს ამ წელიწადში მოხდა, სადღაც - ზამთარში, მოსკოვში... ის თავის სადარბაზოში მოკლეს... ჟურნალისტი იყო, გაზეთში მუშაობდა - "ნოვაია გაზეტაში" ან "ნოვოე დელოში" თუ რაღაც მსგავსში... მისი მკვლელი ჯერ არ უპოვიათ და, ალბათ, არც არასდროს იპოვიან, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში მკვლელებს, როგორც წესი, არ პოულობენ, მით უმეტეს – ჟურნალისტების მკვლელებს."

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, მსოფლიოს მასშტაბით, ფართოდ გაახმაურეს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ფაქტი და განგაშიც ატეხეს, 23 წლის ყაზანელ სტუდენტს, მომავალ ჟურნალისტს, ილფარ კარიმოვს, რომელმაც კარგად იცის პოლიტკოვსკაიას საქმის ბევრი დეტალი, არაფერი სმენია ამ ორგანიზაციების შესახებ. მისი ლოგიკა ასეთია:

(კარიმოვის ხმა) "რადგანაც ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი ორგანიზაციების არსებობის შესახებ, ესე იგი, ისინი არაეფექტიანად მუშაობენ. მათი მუშაობა რომ ეფექტიანი ყოფილიყო, საზოგადოებას ეცოდინებოდა მათ შესახებ."

ასე სკეპტიკურად მხოლოდ კარიმოვი არ უყურებს მცდელობებს რიგი დასავლური ორგანიზაციების მხრიდან, დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს საწინააღმდეგო აზრიც.

მაგრამ ქვეყნებში, სადაც მთავრობები პრესის დამორჩილებას მიზანმიმართულად ცდილობენ, დაუსჯელობასთან ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულება საზოგადოების აქტიურობასა და გამბედაობას შეუძლია.





  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG