Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ესწრებიან მოსკოვში მიმდინარე ჟურნალისტთა ფორუმს ხელისუფლების წარმომადგენლები?


მოსკოვში მიმდინარეობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი - მედიის მუშაკთა წარმომადგენლობითი თავყრილობა,

რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. მოსკოვის ფორუმის მიმართ ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ რუსეთი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ჟურნალისტები დალხენილად ცხოვრობენ და მუშაობენ. როგორც რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტი ქლოი არნოლდი იუწყება, ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ კონგრესის გახსნასა და მის პირველ სხდომებს რუსეთის მთავრობის არც ერთი ოფიციალური პირი არ დასწრებია. სიუჟეტი, რომელსაც ახლა მოისმენთ, დავით კაკაბაძემ მოსკოვიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის გახსნაზე დამსწრეთ უჩვენეს დოკუმენტური კადრები, რომლებიც ბოლო წლებში რუსეთში მოკლულ ჟურნალისტთა დაკრძალვის ცერემონიებს ასახავს. ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებში აშკარად იგრძნობოდა შეშფოთება იმის გამო, რომ მდგომარეობა არათუ არ უმჯობესდება, არამედ პირიქით, სულ უფრო აუტანელი ხდება. აი, რა თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რუსეთის პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვლადიმირ რიჟკოვმა:

[ვლადიმირ რიჟკოვის ხმა] "ჩვენში ჟურნალისტები დაცული არ არიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტის პროფესია რუსეთში მეტად სახიფათოა და იმაზეც, რომ საზოგადოებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. მოწმენი ვართ თანამდებობის ბოროტად გამოყენების უამრავი ფაქტისა, კორუფციის მრავალი შემთხვევისა. ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ხდება დანაშაულებრივი გარიგებები და ის ჟურნალისტები, რომლებიც ყოველივე ამაზე წერენ, მუდმივი რისკის პირობებში მუშაობენ."

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი რუსეთის მთავრობის სასახლიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ტარდება, მაგრამ ფორუმზე დასწრება - არაერთი ოფიციალური მიპატიჟების მიუხედავად - ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ ისურვა.

"ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი, რომლის თანამშრომელი იყო 2006 წელს მოკლული ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, სკეპტიკურად აფასებს პერსპექტივას, რომ კონგრესი რაიმეს შეცვლის. მურატოვი განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ დაუსჯელობის პრობლემისადმი მიძღვნილი სხდომა კონგრესის ოფიციალური პროგრამის ფარგლებს გარეთ იყო გატანილი.

[დმიტრი მურატოვის ხმა] "დღეს კონგრესის მთავარი მომხსენებლებისგან ასეთი სიტყვები მოვისმინეთ: "დაგმობა", "განხილვა" და "ხელისუფლებისთვის რაღაც მესიჯების გაგზავნის აუცილებლობა". ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანთა სიკვდილზე კონკურსგარეშე პროგრამით, ფაკულტატურად, გახურების რეჟიმში, როგორც როკ-მომღერლები ამბობენ. აქ არ არიან ის ადამიანები - რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები - რომლებსაც უნდა მოესმინათ დღეს გამომსვლელთა მოხსენებები. ან იქნებ გგონიათ, რომ მათ ამ მოხსენებებს რუსეთის ტელევიზიით უჩვენებენ?"

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, რუსეთი ჟურნალისტის საქმიანობისთვის მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქვეყანაა ერაყის შემდეგ. ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ციფრები მართლაც შემზარავია: 1993 წლიდან დღემდე რუსეთში 289 ჟურნალისტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მრავალი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და, შესაბამისად, დაუსჯელი რჩება დანაშაულის ჩამდენი.

სწორედ დაუსჯელობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხთა კოორდინატორმა მიკლოშ ჰარასტიმ:

[მიკლოშ ჰარასტის ხმა] "სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ მხოლოდ ერთი რამ არის ჟურნალისტთა დევნა-შევიწროებაზე, ფიზიკურ თავდასხმებზე თუ მკვლელობებზე უარესი - ეს მთავრობების მიერ დევნა-შევიწროებაზე, თავდასხმებზე და მკვლელობებზე თვალის დახუჭვაა."
XS
SM
MD
LG