Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''თავისუფლება პოლიტპატიმარს!'' - ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების კომიტეტი მიმართვას ავრცელებს


თბილისის საქალაქო სასამართლოში უშიშროების ყოფილი მინისტრისა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის საქმის განხილვა ერთი კვირის წინ დასრულდა,

მაგრამ, ამის მიუხედავად, მსჯავრდებულის ადვოკატებს, ოჯახის წევრებსა და თანაპარტიელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება პოლიტიკური პატიმრის, ირაკლი ბათიაშვილის, დაუყოვნებელი გათავისუფლებისათვის“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 30 მაისს ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების კომიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს დაუგზავნა.

ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ბიძა, ცნობილი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, ამბობს, რომ სასამართლო პროცესი ფორმალურად ჩატარდა:

[გიგა ბათიაშვილის ხმა] „იცით რაშია საქმე? დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ იმ სიტუაციებში, რაც 1937 წელს იყო და რაც არის ახლა... არ ვაზოგადებ არაფერს, ამ კონკრეტულ ფაქტზე ვლაპარაკობ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ნულია მტკიცებულება. არის სინდისის პატიმარი! არის პოლიტპატიმარი!“

საწინააღმდეგოს ამტკიცებს სახელმწიფო ბრალმდებელი. ირაკლი კობიძის თქმით, უშიშროების ყოფილი მინისტრი ამბოხებულ ემზარ კვიციანს არწმუნებდა მოქმედების მართებულობაში და უღვივებდა წარმატების მიღწევის რწმენას:

[ირაკლი კობიძის ხმა] „ირაკლი ბათიაშვილს ბრალი არ წაჰყენებია პოლიტიკური შეხედულებებისა და გამოსვლების გამო. იმისათვის, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა წარმოიდგინოს ირაკლი ბათიაშვილის დანაშაულის მთელი სიმძიმე, უნდა წარმოვიდგინოთ რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი, თუკი ემზარ კვიციანი დაგეგმილ მიზანს მიაღწევდა.“

ემზარ კვიციანმა დაგეგმილ მიზანს ვერ მიაღწია, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ბათიაშვილმა კი პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა გამოაცხადა. პარალელურად შეიქმნა ბათიაშვილის გათავისუფლების საერთაშორისო კომიტეტი, რომელმაც 30 მაისს მიმართვის ტექსტი გაავრცელა:

„მივმართავთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ადეკვატური რეაგირება მოახდინონ საქართველოში სინდისის პატიმრების გაჩენის უკიდურესად საგანგაშო მოვლენის მიმართ და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ირაკლი ბათიაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისათვის“.
მიმართვის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი კობახიძე, ამბობს, რომ ირაკლი ბათიაშვილი განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის გაასამართლეს:

[გიორგი კობახიძის ხმა] „მიმართვა იმის გამო გავავრცელეთ, რომ მიგვაჩნია, ეს არის ერთ-ერთი საშუალება მივაღწიოთ სამართლიანობის აღდგენას, მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია ირაკლი ბათიაშვილის - უკანონო პატიმრის - განთავისუფლება. გარდა იმისა, რომ ირაკლი ბათიაშვილი უკანონო პატიმარია, ის არის პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ის არის ერთი კერძო პირის პატიმარი და ეს კერძო პირი არის ქვეყნის პრეზიდენტი.“

გიორგი კობახიძის თქმით, 22 მაისს გამოცხადებული შიმშილობის გამო ირაკლი ბათიაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ირკვევა, თავს დაცულად ვერც ირაკლი ბათიაშვილის ცოლ-შვილი გრძნობს:

[მაია ბათიაშვილის ხმა] „არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა თუ არა... ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ოჯახი. მეშინია, ვერ ვამბობთ ამას... ბავშვსა და ჩემზეა ფიზიკური მუქარები.“

თუმცა, მუქარის მიუხედავად, ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თავად ირაკლი ბათიაშვილი კი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ აგრძელებს შიმშილობას და პროტესტს გამოხატავს მთავრობის იმ სამართლებრივი, სოციალური და სულიერი ტერორის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც საქართველო უფსკრულისკენ მიჰყავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG