Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო

საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მოვლენებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებები რუსეთთან, საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი, კამათი ქონებრივი ამნისტიის შესახებ, ყოფილი დეპუტატის - ზვიად ცეცხლაძის -მკვლელობის საქმის გახსნა და სხვა ძირითადი ამბები გასული კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და რიგითი მოქალაქეების მსჯელობისა და კამათის საგანი იყო. ამ მოვლენებს თითქმის მთელი კვირის მანძილზე გასდევდა პარალელურად გამწვავებული ვითარება ეგრეთ წოდებული ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. გთავაზობთ ამ და გასული კვირის სხვა მოვლენების მიმოხილვას.

[სროლის ხმა]

ეს სროლის ხმა იმ დროსაა ჩაწერილი, როდესაც მონიტორინგის ჯგუფი, ქართული სოფლების - ხეთასა და თამარაშენის - დაცხრილვის ფაქტის შესასწავლად შემთხვევის ადგილს უახლოვდებოდა.

სროლა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გასული კვირის დაწყებისთანავე დაიწყო. ცხინვალის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი ქართულ სოფლებს 28 მაისის საღამოს გაუხსნეს. ჭურვები ძირითადად სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა და, შესაბამისად, მსხვერპლიც არ არის. მოსახლეობის თქმით, მსგავსი ინტენსივობის სროლა მათ 90-იანი წლების შემდეგ არ ახსოვთ.

[ჯონი მძინარაშვილის ხმა] ”ერთი საათის განმავლობაში სოფელ თამარაშენში ისმოდა სროლის ხმა...”

ეს იყო ცხინვალის რეგიონის მკვიდრი ჯონი მძინარაშვილი. მას და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას კოკოითის ხელისუფლებამ სროლა არ აკმარა და სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც ჩაუკეტა. შესაბამისად, წყლის გარეშე დარჩა დიდი ლიახვის ხეობის სოფლები. გაირკვა, რომ წყალი თავად ქალაქ ცხინვალს სწორედ ამ სოფლების გავლით მიეწოდება. შედეგად, ცხინვალიც წყლის გარეშე დარჩა. ამ ფაქტორის გამოყენებით, კოკოითის ხელისუფლება ეცადა ყველაფერი ქართული მხარისთვის გადაებრალებინა და ულტიმატუმიც წამოაყენა:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”ტრანსკავკასიური მაგისტრალი ბლოკირებული იქნება, სანამ თვითმარქვია მთავრობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ დატოვებს. რაც არ უნდა ადმინისტრაციული ერთეულები შექმნან და რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, ისინი ჩვენთვის მხოლოდ მოღალატეები არიან. სანამ ის ფორმირებები, რომლებიც ქურთასა და კეხვის მონაკვეთზე იმყოფებიან, იქიდან არ გავლენ და სამმხრივი საგუშაგოები არ გაიხსნება და სანამ არ შეწყდება რესპუბლიკის ოსი და ქართველი მოსახლეობის კონფლიქტის პროვოცირების მცდელობები, ჩვენ მოქმედებას და ამ ღონისძიებების ჩატარებას განვაგრძობთ. არანაირი შესუსტება არ იქნება.“

კოკოითის ამ ულტიმატუმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ დათქმულ დროში ეგრეთ წოდებული უკანონო ბლოკ-საგუშაგოების გაუქმება უნდა უზრუნველყოს, ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობამ კი შეძლოს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციული სტრუქტურის რეგიონიდან განდევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოკოითი იმუქრება, რომ პრობლემას საკუთარი ძალებით მოაგვარებს. თბილისში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”სულ ვწვალობდი მივმხვდარიყავი, ვის ჰგავს კოკოითი და ახლა მივხვდი - ბაყ-ბაყ დევს, რომელიც წყაროს თავში ზის და წყალს კეტავს. ახლა, ალბათ, ცისკარა გაახსნევინებს წყალს.”

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციამ ისიც დაუმატა, რომ საქართველოს მთავრობას ცხინვალის რეგიონში სპეცოპერაციის ჩატარება და კოკოითის დაპატიმრება მოსთხოვა.

საქართველოს მთავრობის პოზიცია კი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გამოთქმულია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში, რომელიც 29 მაისს გავრცელდა. „ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების არაადეკვატური მოქმედებების და, კერძოდ, პოლიტიკური ულტიმატუმის, პერმანენტული მუქარისა და რეგიონის დასახლებული პუნქტების ბლოკადის ფონზე, შერეული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, თითოეული პრობლემის დეტალური და საგნობრივი განხილვა და, მათზე დაყრდნობით, კონფლიქტის ზონაში რეალური მოქმედებების განხორციელება არის ერთადერთი გზა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვაგრძოთ კონსტრუქციული დიალოგი ზემოაღნიშნულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.“

საქართველოს ხელისუფლების ასეთ პოზიციას უკვე 3 ივნისს კოკოითის მთავრობის მორიგი ულტიმატუმი მოჰყვა, რომელიც ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორის ჩოჩიევმა, გამოაქვეყნა:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”უბრალოდ, ჩვენ იძულებული ვართ, იმიტომ რომ... თუ 3 საათამდე არ აღდგება წყლის მომარაგება, მაშინ გაითიშება სარწყავი არხები და გორის რაიონის ნაწილი, რომელიც სასმელ წყალს სამხრეთ ოსეთიდან იღებს.”

ამგვარი ულტიმატუმით ცდილობს ცხინვალის ხელისუფლება შეაღწიოს დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში, სადაც ცხინვალისკენ მიმავალი მილსადენი რამდენიმე ადგილასაა დაზიანებული, თუმცა წყლის ონკანი კოკოითის ხელისუფლების მიერ ჯავის რაიონის წყალსაქაჩ სადგურშია ჩაკეტილი და სასმელი წყალი მდინარეში ჩაედინება. დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ლიდერმა დიმიტრი სანაკოევმა ცხინვალს თბილისში 2 ივნისს გახსნილი ოსური ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც დღეს გაკეთდა ცხინვალის ხელისუფლების მიერ იმის შესახებ, რომ ქართულ დასახლებებს გადაუკეტავენ წყალს, მე ვიტყვი, რომ ეს პროვოკაციული ქმედებაა, რომლითაც მათ ვითარების გამწვავება უნდათ.”

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კი კოკოითის ადმინისტრაციის მუქარების მიმართ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩანს:

[სააკაშვილის ხმა] ”ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ - არაფრის თავი მაგათ არა აქვთ..”

შეძლებენ თუ არა მხარეები ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ, მომავალ კვირაში გამოჩნდება. ჩვენ კი ახლა გასული კვირის სხვა მოვლენებზე გადავიდეთ.

შუა კვირაში, 31 მაისს, თბილისს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა, მაქსიმ მედვედკოვის ხელმძღვანელობით. რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრის მთავარი თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება იყო. როგორც ცნობილია, ოფიციალური თბილისი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

უამრავი მოლაპარაკების მიუხედავად, მოსკოვმა ჯერჯერობით ვერაფრით შეძლო თბილისის დაყოლიება. საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგაც არ შეცვლილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ საუბარს როგორც თანაბარი პარტნიორები, რომელთაც, მე ვფიქრობ, ძალუძთ ერთმანეთის ინტერესების გაგება. გამშვები პუნქტების საკითხი, ანუ ლეგიტიმაცია ვაჭრობისა ორ ქვეყანას შორის, იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა რუსეთის გაწევრიანების გზაზე.”

ლაპარაკია თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, როკისა და ფსოუს საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგიტიმაციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ საბაჟო პროცედურებს ქართველი მებაჟეები უნდა ახორციელებდნენ, რითაც საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ლეგალური გახდება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე აცხადებს, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზების საერთაშორისო პრაქტიკა უკვე არსებობს:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდოვას საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე. დნესტრისპირეთი თავისი პრობლემატიკით საკმაოდ ჰგავს ჩვენს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის, სიტუაციას. ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის მისია, რომელსაც აკისრია მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივად ახორციელებენ საბაჟო ადმინისტრირებას.”

რუსეთის მხარემ ოფიციალური თბილისის პოზიცია არ გაიზიარა და მაქსიმ მედვედკოვმა დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივი, თითქმის ერთდღიანი, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, როკისა და ფსოუს საბაჟო პუნქტების ლეგალიზების საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირში არ არისო. ქართული მხარე იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მოსკოვმა, ფაქტობრივად, აღიარა, როკისა და ფსოუს საბაჟო პუნქტები არალეგალურად ფუნქციონირებენო.

კიდევ ერთი ეკონომიკური თემა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ მისიას უკავშირდება, რომელიც გასული კვირის პარასკევ საღამოს დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. როგორც მისიის ხელმძღვანელმა ჯონ ვეიკმან-ლინმა განაცხადა, საჭიროა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააძლიეროს კომერციული ბანკების ზედამხედველობა.

მისი თქმით, მისიამ ქართულ მხარეს მოუწოდა მიიღოს კანონი ბანკების მმართველებისა და მფლობელების "შესაბამისობისა და შესაფერისობის" მოთხოვნათა შესახებ. აღნიშნული კანონი 2006 წლის ბოლომდე უნდა მიღებულიყო, მაგრამ პარლამენტში მისი განხილვა ჯერ არც დაწყებულა

სავალუტო ფონდის კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებაა.

ეკონომიკის გარდა, გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო კრიმინალური ვითარების გამწვავება. ოპოზიციურმა ძალებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებაზეც კი დაიწყეს საუბარი, თუმცა ეს საუბრები ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის ზვიად ცეცხლაძის მკვლელობის საქმის უსწრაფესმა გახსნამ დაჩრდილა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 პიროვნება დააკავა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ქალბატონია.

კრიმინალური თემის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის აღშფოთების საგნად ქონების ლეგალიზაციის კანონპროექტი და საგადასახადო კოდექსის ცვლილებები იქცა. ჯერ პირველ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთ ლიდერს, კახა კუკავას, მოვუსმინოთ.

[კახა კუკავას ხმა] ”კანონი განსხვავებულ სიტუაციაში არ უნდა აყენებდეს ადამიანებს. ეს არის კანონის წინაშე ადამიანების უთანასწორობა, რაც ჩადებულია ამ კანონში. სასამართლო რას გადაწყვეტს, ჩვენ ვიცით. ”(სტილი დაცულია)

ახლა კი 2 გადასახადის შემცირებისა და გაერთიანების შესახებ დეპუტატ ირაკლი იაშვილს მოვუსმინოთ, ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციიდან.

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”თქვენ რომ გაქვთ კონტრაქტი ჩემგან გაფორმებული 1000 ლარზე და ხელზე იღებთ 880-ს, იმიტომ რომ 12 პროცენტი სახელმწიფოს უნდა მივცე, ახლა აიღებთ 750-ს 1000 ლარიდან. ჩემი კეთილი ნება არის, დაგიმატებთ იმ ფულს თუ არა, ჩემი ვალდებულება ეს არ არის. ”(სტილი დაცულია)

ამ და კიდევ მრავალ სხვა აქტუალურ თემას პასუხი მომავალი კვირის მანძილზე გაეცემა ანდა კვლავაც გაგრძელდება დისკუსია და კამათი.
XS
SM
MD
LG