Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მოლდავეთის წარმომადგენლები ნატოზე სასაუბროდ თბილისში შეიკრიბნენ


ოთხშაბათს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის სრული ვერსია წარადგინა.

6 ივნისს კი ”ქორთიარდ მარიოტში” სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მოლდავეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხ ქვეყანას სხვადასხვა ამბიცია აქვს ნატოში გაწევრიანების თვლასაზრისით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს მათ საერთაშორისო პოლიტიკაში.

”სამხრეთ კავკასია და მოლდოვა ’Clearing House’ ”, ანუ სახლის განიავება - ასეთი მრავლისმეტყველი სახელი ჰქვია სამდღიან კონფერენციას, რომელიც, მორიგეობით, უკვე მერვედ იმართება მოლდოვაში, ერევანში, ბაქოსა და თბილისში. და რაც მთავარია, ოთხივე ქვეყანას ნატოში გაწევრიანების საკითხშიც კი სხვადასხვა ამბიცია აქვს. კიშინიოვს, ერევანს და ბაქოს სრულიად აკმაყოფილებს ინდივიდუალური პარტნიორობის არსებული დონე ალიანსთან ურთიერთობაში, მაშინ როცა თბილისის ამბიცია ძალიან შორს მიდის. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას - MAP-ს - 2008 წელს მიიღებს. შესაბამისად, იბადება კითხვა: რატომ ტარდება ასეთი კონფერენცია ოთხი განსხვავებული ამბიციისა და პრიორიტეტის მქონე ქვეყნისთვის ერთად და რა პრაქტიკული შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას თვალსაწიერ მომავალში? საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორმა, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა რობერტას საფრონასმა რადიო ”თავისუფლების” ამ შეკითხვას ასე უპასუხა:

[რობერტას საფრონასის ხმა] ”ტრანსპარენტულობა და ინფორმაციის გაცვლა არის ამ შეხვედრის მიზანი. ეს არის მერვე ასეთი ტიპის შეხვედრა, ეს არის პროცესი და ჩვენ არ გვაქვს მიზნად დასახული რაიმე საბოლოო შედეგის მიღწევა. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ქვეყნებს, რომლებიც, ”კლიერინგ ჰაუსის” ფორმატში, ორმხრივი შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობენ. ეს არის მიზანი და ამაზე მეტი დანიშნულება ამ კონფერენციას არა აქვს.”

რობერტას საფრონასმა დიპლომატიურად მიგვანიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესისთვის ვერ იქნება სტიმული კონფერენცია, თუ ქვეყანა ინდივიდუალურად ვერ შეძლებს მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და რეფორმების წარმატებაში ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს ვერ დაარწმუნებს. საქართველოც, შესაბამისად, ორ ფრონტზე იბრძვის: მასპინძლობს კონფერენციას, რომელსაც პრაქტიკული შედეგი ნაკლებად აქვს, და პარალელურად ინტენსიურ დიალოგს განაგრძობს ალიანსთან გაწევრიანების საკითხებზე. სწორედ 6 ივნისს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის სრული ვერსია წარადგინა ბრიუსელში. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება, რომელიც შესასრულებელი ჰქონდა საქართველოს, ინდივიდუალური გეგმის თანახმად, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ეს[(SDR] იყო მთავარი ქვაკუთხედი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გამოთქმული მოსაზრებებისა. ანუ ის, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება აგებული არის დიდხნიან დაგეგმარებით პროცესზე, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია ნატოსთან, ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებში.”(სტილი დაცულია)

პარალელურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ემზადება მართვის ერთიან ავტომატიზებულ სისტემაზე გადასასვლელად, რაც ბიუჯეტირებას, კადრების მართვას და ლოგისტიკას უფრო ეფექტურს და გამჭვირვალეს გახდის. სამხედრო უწყების ბიუჯეტი, რომელიც სულ მალე მილიარდ ლარამდე გაიზრდება, თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG