Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციამ საგადასახადო კოდექსის ცვლილებების ალტერნატიული პროექტები მოამზადა


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულმა საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებების პროექტმა სერიოზული კამათი და დისკუსია გამოიწვია.

პროექტის მიხედვით, სოციალური გადასახადი საშემოსავლო გადასახადში ერთიანდება და მათი ჯამი 32-დან 25 პროცენტამდე მცირდება. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ ცვლილებას დასაქმებული მოქალაქეების ხელფასების შემცირება მოჰყვება, რადგან მათ, უწინდელი 12 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, 25 პროცენტის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, ოპოზიციამ ალტერნატიული კანონპროექტები მოამზადა.


საგადასახადო კოდექსის ცვლილებების, კერძოდ კი, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანებისა და მისი საერთო მოცულობის შემცირების ალტერნატიული პროექტი მოამზადა საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიულმა ფრონტმა”. ეს პროექტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 7 ივნისს წარადგინეს. ოპოზიციური კანონპროექტი მთავრობაში მომზადებული ცვლილებებისგან იმით განსხვავდება, რომ სოციალური გადასახადი კვლავ რჩება და მისი მოცულობა 20-დან 15 პროცენტამდე მცირდება, ხოლო საშემოსავლო - 12-დან 10-მდე. ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, კომენტარი:

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენი პროექტის მიხედვით, გადასახადი შემცირდება არა მხოლოდ ჯამურად, არამედ დაქირავებული პირებისთვისაც 12-დან 10 პროცენტამდე. დღეს, რაც პრეზიდენტის ინიცირებული არის, ჯამური კი მცირდება 32 პროცენტიდან 25-მდე, მაგრამ დაქირავებულ პირებს აწვება ეს 25 პროცენტი, რაც იწვევს ხელფასების შემცირებას 12-13 პროცენტით. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ დაქირავებული პირები ხელფასების კლებისაგან.”(სტილი დაცულია)

ასეთივე ცვლილების მომხრეა ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი იაშვილიც. ”მრეწველების” პროექტის მიხედვით კი, გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი შუაზეა გაყოფილი: ერთ ნაწილს დამქირავებელი იხდის, მეორეს კი - დაქირავებული.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ორი გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადში გაერთიანება და რატომ არ გააკეთა ისე, როგორც ახლა ”დემოკრატიოული ფრონტის” კანონპროექტშია ასახული? - ამ კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს მივმართე.

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”ამ გადასახადმა თავისი ფუნქცია დაკარგა მას შემდეგ, რაც იქ აკუმულირებული თანხები აღარ მიედინება სოციალურ ფონდში. ასე რომ, სოციალური გადასახადი ეს აღარ იყო და ჩვენ არ ვართ ის მთავრობა, რომ ვაკეთოთ ის, რაც თავისი შინაარსით არასწორია.”(სტილი დაცულია)

მმართველი პოლიტიკური ძალა კი მთავრობის პოზიციის დაცვას იმით ცდილობს, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ადმინისტრირებას აქამდეც აგენტი, დამქირავებელი კომპანია ახორციელებდაო. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ შოთა გვენეტაძის, აზრით, მომავალშიც საშემოსავლო გადასახადზე პასუხისმგებელი სწორედ დამქირავებელი კომპანია იქნება და არა მისი უბრალო თანამშრომელი, რაც, გვენეტაძის აზრით, ხელფასების შემცირების ნაცვლად, მის მატებას გამოიწვევს;

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”სახელფასო ხარჯი მცირდება.ჩვენი ვარაუდით, ხელფასები ცოტათი გაიზრდება 2008 წლიდან. რა იქნება მათი სახელფასო კონტრაქტები, ეს უკვე.. ჩვენ არც აქამდე ჩავრეულვართ და არც მომავალში ვაპირებთ, რომ ჩავერიოთ. ანუ იმისთვის, რომ ადამიანს ხელზე აეღო 880 ლარი სახელფასო ხარჯი, კომპანიისთვის იყო 1200 ლარი. დღეს თუ 1200 ლარს დატოვებს კომპანია, ადამიანი ხელზე მიიღებს 900 ლარს.”

ოპოზიცია აცხადებს, რომ სახელფასო ფონდის უცვლელად დატოვება კერძო კომპანიის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო 25 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება კი კანონითაა განსაზღვრული და ის დაქირავებული უბრალო თანამშრომლის, ხელფასის ან ჰონორარის მიმღების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG