Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოგვიტანს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი პოლიტიკა


ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე რეფორმა განახორციელა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი,

ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი განათლების რეფორმაა, რომელიც თავიდან სანიმუშოდ იყო მიჩნეული, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ განათლების სფეროს საყრდენი ორგანიზაცია - სკოლა - მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაშია და, სხვა მრავალ სირთულესთან ერთად, აგრესიის ბუდეა. რას უპირისპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის პრობლემებს?

ათი წელიწადი ვასწავლიდი სკოლაში და ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, რაც სკოლაში ხდება - გაკვეთილია. როდესაც გაკვეთილი საინტერესოა, როდესაც მოსწავლეები და მასწავლებელი ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთისგან სწავლობენ და კმაყოფილები არიან იმით, რაც გაკვეთილზე ხდება - სკოლა თავის ფუნქციას ასრულებს.

მაგრამ სკოლის პრობლემების სათავე ისაა, რომ ხშირად გაკვეთილი ან საერთოდ არ ტარდება, ან ისე არ ტარდება, რომ მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთისთვის მიმზიდველი გახადოს.

საბჭოთა სკოლებში ამგვარი პრობლემა არ არსებობდა, რადგან ავტორიტარული სისტემა თავისთავად უზრუნველყოფდა გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრებასაც და სწავლების გარკვეულ დონესაც. მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში სკოლის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ერთი მხრივ, თავისუფალმა აზროვნებამ და დიდმა ინფორმაციულმა ნაკადმა მოსწავლეებში დაბადა გაცილებით მაღალი მოთხოვნა მასწავლებლის პროფესიონალიზმის მიმართ; მეორე მხრივ - სასკოლო ატესტატის როლის დაკნინებამ და დაბალმა ხელფასმა პედაგოგებს სრულიად გაუქრო მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მოტივაცია. შესაბამისად, მოსწავლეებმა მოიხსნეს სკოლაში ყოველდღე წასვლის და ყველა გაკვეთილზე დასწრების ვალდებულება, ხოლო მასწავლებლებმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა გაკვეთილის ჩატარებასა და მის ხარისხზე.

ამ ფაქტორთა ერთობლიობა არ ნიშნავს, რომ საქართველოში კარგი სკოლები აღარ არსებობს, ან კარგი მასწავლებლები და მოსწავლეები სანთლით არიან საძებნელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატება ეყრდნობა არა სკოლას, არამედ - რეპეტიტორობის ინსტიტუტს.

საკუთრივ სკოლის პრობლემებმა კი თავი იჩინა განათლების დაბალ ხარისხში, შესაბამისად, ღირებულებების ყირამალა სისტემის ჩამოყალიბებაში და, ამის შესაბამისად, მოზარდთა მასობრივ აგრესიაში. იმის გამო, რომ გაუნათლებლობა და ღირებულებების აღრევა ისე არ “ყვირის”, როგორც დანით თუ იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, სკოლის პრობლემები წლების განმავლობაში საოჯახო განხილვის თემად რჩებოდა. დღეს კი საზოგადოება შიშით და ძრწოლით შეიმეცნებს, რამდენად გაუფასურებულია ადამიანის სიცოცხლე ჩვენი მოზარდი თაობის თვალში.

რას უპირისპირებს განათლების სამინისტრო სკოლაში არსებულ და მისგან მომდინარე პრობლემებს? რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იგეგმება ძალადობასთან მეტი ძალადობით ბრძოლის პოლიტიკა, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას, რთული მოსწავლეების გაგზავნას სპეციალურ სკოლებში, მეტალოდეტექტორების დადგმას, მკაცრ ჯარიმებს და სხვა მსგავს ღონისძიებებს. უნდა ითქვას, რომ, ღონისძიებათა ეს სისტემა, სავარაუდოდ, სწრაფად დაანგრევს “სკოლის მაყურებლის” მავნე ინსტიტუტს, რადგან მოსწავლე, რომელიც სკოლის წესდებას არ დაემორჩილება და საკუთარი წესრიგის დამყარებას დააპირებს, უმტკივნეულოდ განიდევნება. მაგრამ სადაც არ უნდა მოვუყაროთ თავი ასეთ რთულ მოზარდებს, მათ ვერც გავაქრობთ და ვერც ქვეყნიდან გავაძევებთ. ისინი დარჩებიან ჩვენს გვერდით და ბუნებრივი იქნება, თუ კიდევ მეტ პრობლემას შექმნიან. ვიდრე მოზარდებში თვითდამკვიდრების გზა ძალადობაზე გადის, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო ძალის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ახალ ასპარეზსა და სტიმულს მისცემს ახალგაზრდების სისასტიკეს.

მართალია, დღევანდელი მძიმე ვითარების გამოსწორების მარტივი რეცეპტი არავინ იცის, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ აგრესიის აგრესიით ამოშანთვის პოლიტიკა, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად, მხოლოდ გააღრმავებს მას. სამინისტრომ, სკოლამ, ოჯახმა და საზოგადოებამ, პირველ რიგში, უნდა იფიქროს არა იმაზე, თუ რა ხდება დერეფნებში, ტუალეტებში, ეზოს ბნელ კუნჭულებსა თუ სადარბაზოებში, არამედ იმაზე, თუ რა ხდება გაკვეთილზე; უნდა ვიფიქროთ მასწავლებლისა თუ მოსწავლის მოტივაციაზე, რომ გაკვეთილი გახდეს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღების ადგილი, აგრეთვე, რაც ყველაზე მთავარია, ადგილი, სადაც ადამიანების ცნობიერებაში ღირებულებების სწორი სისტემა ყალიბდება.


XS
SM
MD
LG