Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო


საქართველოში დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. პროგრამის პროექტი, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოამზადა,

მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამ გზით სამუშაო ადგილების შექმნას. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ლარით დაახლოებით 25 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. როგორ წარიმართება დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი და რა არის საჭირო მასში მონაწილეობისათვის?

"დასაქმების პროგრამა 2007"-ში მონაწილეობის მსურველებმა ”პროკრედიტ ბანკის” ნებისმიერ ფილიალს უნდა მიაკითხონ. წინა წლისგან განსხვავებით, 3 თვიანი ხელფასის ნაცვლად, მსურველი დაბალპროცენტიან და გრძელვადიან კრედიტს მიიღებს. ”პროკრედიტ ბანკს” 5 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი სახელმწიფომ გამოუყო, ხოლო თუ რატომ გადაწყდა უმუშევრობის დაძლევის პროგრამის დაკრედიტების ფორმით განხორციელება, ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძისგან შეიტყობთ.

[გიორგი არველაძის ხმა] ”ჩვენი მოქალაქეები აიღებენ სესხებს და ამით შექმნიან ახალ ბიზნესებს ან განავითარებენ არსებულ ბიზნესებს. და, შესაბამისად, ეს იქნება არა დროებითი დასაქმება, არამედ მათი სტაბილური დასაქმება და ბიზნესის სტაბილურად წამოწყება.” (სტილი დაცულია)

”პროკრედიტ ბანკიდან” წლიური 12 პროცენტიანი სესხის აღება რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მსურველს შეუძლია. კრედიტის მოცულობა ათასიდან 50 ათას ლარამდეა და მას იმ მცირე და საშუალო საწარმოებზე ან კერძო პირებზე გასცემენ, რომლებიც ბანკის საკრედიტო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საკრედიტო პირობების შესახებ ”პროკრედიტ ბანკის” წარმომადგენელი ლალი სვიმონია გვესაუბრება:

[ლალი სვიმონიას ხმა] ”ადამიანები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმებს, სადაც ისინი წერენ ბიზნესის მოკლე ანოტაციას, პროექტის მოკლე აღწერას და შემდეგ ამ პროექტს საკრედიტო ექსპერტები შეამოწმებენ. ანუ ჩვეულებრივი სესხი როგორც გაიცემა, ისეთი პროცედურა არის.”(სტილი დაცულია)

მოქალაქეთა დასაქმების გარდა, პროგრამის მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაცაა. დღეს არსებული საოჯახო სასტუმროების თუ სხვა ტურისტული ობიექტების რაოდენობა და ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ტურისტების ერთიორად მზარდი ნაკადის მოთხოვნილებებს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ოთარ ბუბაშვილის კომენტარი:

[ოთარ ბუბაშვილი] ”ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას. არც ერთი ტურისტული ინფრასტრუქტურა არ განვითარებულა სახელმწიფოს დახმარების გარეშე.”

შარშან დასაქმების სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპს ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მას საბიუჯეტო სახსრების წინასაარჩევნო ხარჯვად მიიჩნევდნენ, მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ; ექსპერტები კი სხვადასხვა კომპანიებში უმუშევართა დასასაქმებლად სამი თვის მანძილზე ხელფასების გაცემას უშედეგო ნაბიჯს უწოდებდნენ. დასაქმების წლევანდელი პროგრამის კომენტირება ვთხოვე წინა მოწვევის პარლამენტის წევრს, ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს. იგი ამბობს, რომ არც გასული წლის პროგრამა ყოფილა უშედეგო:

[დემურ გიორხელიძის ხმა] ”ნებისმიერი პროგრამა, რომელიც, რაღაც ფორმით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ოდნავ შვებას მაინც მისცემს, მისასალმებელია. მცირე ბიზნესისათვის კრედიტების გაცემა უფრო კარგია, ვიდრე ის პირველი ეტაპი იყო.”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დასაქმების პროგრამის მეორე ეტაპით 250-მდე მეწარმე ისარგებლებს და მათ მიერ შექმნილ ბიზნესში დაახლოებით 25 ათასი მოქალაქე მიიღებს სამუშაო ადგილს.
XS
SM
MD
LG