Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი: რთული მოლაპარაკება ბრიუსელში


ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის სამიტი: 27 წევრი ქვეყნის ლიდერები 2 დღე იმსჯელებენ ახალ ხელშეკრულებაზე,

რომელიც უნდა ჩაენაცვლოს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს მას შემდეგ, რაც პროექტი რეფერენდუმებზე უარყვეს საფრანგეთსა და ნიდერლანდში. მარტივი არ იქნება არც ახალ, რეფორმირებულ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება, რაც წინასწარვე ცხადი იყო პოლონეთისა და ბრიტანეთის პოზიციის გამო.

აი, რა უთხრა ჟურნალისტებს ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ხავიერ სოლანამ: [სოლანას ხმა] “ინსტიტუციური ხასიათის პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, რათა ევროპის კავშირის მთელი ენერგია, მთელი პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ მივმართოთ, და თან ევროპის კავშირს შევუქმნათ პირობები იმ მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, რომელსაც ის საერთაშორისო სარბიელზე უნდა ასრულებდეს.”

ბრიუსელში მიმდინარე სამიტს, რომლის მთავარი მიზანიც ხავიერ სოლანამ განმარტა, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უძღვება. მან წარუდგინა ევროკავშირის სხვა ლიდერებს პროექტი დოკუმენტისა, რომელსაც, ნიშანდობლივია, კონსტიტუციას კი აღარ უწოდებენ, არამედ რეფორმირებულ, შეცვლილ ხელშეკრულებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ კონსტიტუციის პროექტისაგან განსხვავებით, ახალი ხელშეკრულების პროექტში აღარ არის ლაპარაკი სიმბოლომბზე, როგორიცაა ევროკავშირის დროშა, ჰიმნი, ლოზუნგი, რადგან მათ - წინა პროექტში - ბევრს დაუტოვეს შთაბეჭდილება, როგორც ჩანს უსიამოვნო შთაბეჭდილება, რომ საქმე ევროპული სუპერ-სახელმწიფოს შექმნისაკენ მიდიოდა.

გამოდის, წინა პროექტის, კონსტიტუციის პროექტის დაწუნების მიზეზები ახალ პროექტში გათვალისწინებულია. მაგრამ ვარშავა კიდევ უფრო მეტ ცვლილებას მოითხოვს - ის აკრიტიკებს 2004 წელს მოწონებულ კენჭისყრის პრინციპს, ე.წ. ორმაგი უმრავლესობის სისტემას და გამოდის ინიციატივით, რომელიც ე.წ. კვადრატული ფესვის სისტემას ითვალისწინებს. ამ ორ სისტემაზე ჩვენს გუშინდელ გადაცემაში უკვე გვქონდა საუბარი.

რეფორმირებული ხელშეკრულების პროექტით უკმაყოფილოა ბრიტანეთიც: ის რამდენიმე პუნქტს ეწინააღმდეგება, მათ შორის ევროკავშირის საგარეო მინისტრის პოსტის შემოღებას. წინასწარი ინფორმაციით, ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია ახალი ხელშეკრულების პროექტში, რომელზეც სამიტზე მსჯელობენ. თუმცა ეს მარტო წინასწარი ინფორმაციაა.

როგორც უნდა იყოს, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე მთლიანობაში რომ მიაღწიონ კიდეც თანხმობას რეფორმირებული ხელშეკრულების შესახებ, მის დეტალებზე მოლაპარაკება სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. გეგმა ითვალისწინებს 2008 წლის მიწურულამდე მოლაპარაკების დასრულებას, რასაც მოჰყვება რატიფიცირების პროცესა და ბოლოს ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლა 2009 წლის ზაფხულისთვის - ზუსტად 2 წელიწადში.

გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ხავიერ სოლანა ბრიუსელში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ცნობების თანახმად, სოლანამ და იუშჩენკომ უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. სოლანამ შეაქო უკრაინის ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად და გამოთქვა იმედი, რომ ეს კრიზისი მოგვარდება 30 სექტემბრისთვის დანიშნული არჩევნების მეშვეობით.
XS
SM
MD
LG