Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”მოსკოვისგან თავის დაღწევა” - ამ სათაურით ”24 საათში” ქვეყნდება ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ესტონეთის პარლამენტის წევრ მარტ ლაარის, სტატია,




სადაც ის წერს: ”რუსეთი და, გარკვეულწილად, შეერთებული შტატები ის ქვეყნებია, რომელთაც საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ევროპამ უნდა უჩვენოს, რომ გარკვეული მნიშვნელობა მასაც აქვს. ესტონეთმა დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საბჭოთა მემორიალის გადაადგილებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კრიზისის დროსაც იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ, პრინციპულობისა და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელია რუსეთის ზეწოლასთან გამკლავება. ევროპამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ვაჭრობა სჭირდება და არა ჰუმანიტარული დახმარება. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შესაძლოა, იმ საშუალებად იქცეს, რისი მეშვეობითაც ქართველები საკუთარ თავს თავადვე უშველიან, ისევე როგორც ეს ესტონეთისთვის ახალი ბაზრების გახსნის შემთხვევაში მოხდა.”

”კავკასია ბალკანეთის სანაცვლოდ?” - ”რეზონანსის” ავტორი ცდილობს კოსოვოს მომავალ სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დააკავშიროს. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გაეროს უშიშროების საბჭოზე კოსოვოს სტატუსზე რეზოლუციისთვის კენჭისყრის 4 თვით გადადების ინიციატივით გამოვიდნენ. ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს დრო სასარგებლო იქნება სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის შეთანხმების მისაღწევად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დრო დასავლეთს სჭირდება რუსეთთან მოსალაპარაკებლადაც, რათა ამ უკანასკნელმა გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციას ვეტო არ დაადოს. ”რეზონანსის” ინფორმაციით, შეერთებული შტატები-ევროკავშირის მიერ ახალი ინიციატივის წარმოდგენამდე ხორვატიაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი წერდა, რომ შტატებსა და რუსეთს შორის გარიგება მოხდა: რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება კოსოვოს სტატუსზე კენჭისყრისას, რის სანაცვლოდაც შეერთებულმა შტატებმა კიდევ ორი წლით უნდა გადასწიოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ვადები. ”რეზონანსთან” საუბარში პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბალკანეთის თემის დახურვა დასავლეთს მეტად აძლევს ხელს, ვიდრე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ”ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ ასეთი გარიგება მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი და, კერძოდ, პრეზიდენტი პუტინი პირადად მაინც უწევს ანგარიშს დასავლეთს. შესაძლებელია, რომ პუტინს შეეთავაზებინა დასავლეთისთვის, რომ იგი არ დაადებდა ვეტოს კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს და, მარტივად რომ ითქვას, ”შუბლით არ შეასკდებოდა დასავლეთს”, სანაცვლოდ კი მისი პრეზიდენტობის დროს არ უნდა მომხდარიყო უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში. რუსეთს განსაკუთრებით უკრაინა აღელვებს”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში.

”ახალი თაობა” საქართველოს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მოსალოდნელი პროცესის განჭვრეტას ცდილობს და პირველივე გვერდიდან იუწყება - არც მეტი, არც ნაკლები - პრეზიდენტის მიერ პარლამენტის შესაძლო დათხოვნის შესახებ. ავტორი ინფორმაციას ამგვარად აწვდის მკითხველს: ”ამ ზაფხულს, შესაძლოა, პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს. ამბობენ, რომ ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით საუბარი მიდის. თუმცა ამაზე ღიად კომენტარს არავინ აკეთებს. პარლამენტის დათხოვნის შესახებ ინფორმაცია მოსაზრების დონეზეა, თუმცა საფუძველს მოკლებული არ არის. საუბრობენ იმაზეც, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნები ერთი წლით ადრე ჩაატაროს, ანუ გადაწყვეტილება მიიღოს და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2007 წელს დანიშნოს.”

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG