Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუს ოპოზიციონერთა ელჩები “ძველ ევროპაში”


“ჩვენი ელჩები ძველ ევროპაში”

- ასე ჰყავს მოხსენიებული პოლონეთი, ჩეხეთი და ლიტვა ალექსანდრ მილინკევიჩს - ოპოზიციის ლიდერს ბელორუსიაში. მართლაც, სამივე ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, ახლა კი ევროკავშირის წევრები პოლონეთი, ჩეხეთი და ლიტვა ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებენ, ბრიუსელს აწვდიან ინფორმაციას ბელორუსი ოპოზიციონერების შესახებ, იცავენ მათს ინტერესებს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ძალისხმევას? შეძლებენ ევროკავშირის ახალი წევრები დემოკრატიის “ექსპორტს” ბელორუსიაში?

2006 წელს, ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოპოზიციონერ კანდიდატ ალექსანდრ მილინკევიჩის საარჩევნო გუნდში ევგენი სკრაბუტანიც მუშაობდა. მაგრამ ეს საქმე ძვირად დაუჯდა - ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

დღეს ევგენი ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობს, პოლონეთის მთავრობის ინიციატივით, და არა მარტო ლინგვისტიკით არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციაში მუშაობის ტექნიკასაც ეუფლება. [ევგენი სკრაბუტანის ხმა] “პოლონეთში ვხვდები ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე წინააღმდეგობას უწევდნენ კომუნისტურ რეჟიმს. მე მათგან გამოცდილებას ვიღებ, მიყვებიან, რა ხდებოდა მაშინ და ჩემი ესმით. მათთვის გასაგებია, რასაც ვუყვები, რადგან მათთანაც ასეთი სიტუაცია იყო”.

პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას ევგენი სკრაბუტანი ისევ ბელორუსიაში იყენებს: [ევგენი სკრაბუტანის ხმა] “ყოველ კვირას ჩავდივარ ბელორუსიაში და ვაკეთებ იმას, რასაც პოლონეთში ჩამოსვლამდე ვაკეთებდი. შესაძლოა, ახლა მეტი ძალა, მეტი უნარი მქონდეს, რადგან პოლონეთმა მომცა შესაძლებლობა გავიცნო ხალხი, ვითანამშრომლო უცხოურ ორგანიზაციებთან, რომელთაც სურთ დაგვეხმარონ.”

სკრაბუტანის ბედი ასობით ბლორუს სტუდენტს აქვს გაზიარებული: ისინიც ოპოზიციის მხარდაჭერის გამო გაყარეს ბელორუსიის სასწავლებლებიდან. პოლონეთში მათი ნაწილი შეიფარეს. სხვები ჩეხეთში, ლიტვაში, ესტონეთში ჩაირციხნენ უნივერსიტეტებში.

თუმცა, ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდების სასწლავლებლად მიღება არ არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ევროკავშირის ახალი წევრები იყენებენ ბელორუსიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ კადრების მოსამზადებლად. ბელორუსი ილია ჰლიბოვსკი პრაღაში მუშაობს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, რომლის სახელწოდებაა “ადამიანი განსაცდელში”.

[ილია ჰლიბოვსკის ხმა] “ეს არის, ერთი მხრივ, მორალური დახმარება, მორალური მხარდაჭერა. მაგალითად, ვაცლავ ჰაველი სულ გვწერს წერილებს ბელორუსიაში გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცდილობს მორალური მხარდაჭერა გაუწიოს ბელორუსიის ოპოზიციას. იგივე ეხება ყოფილ დისიდენტებს პოლონეთში. მეორე მხარეა ბელორუსიის ოპოზიციის, ბელორუსი დემოკრატების ტექნიკური და მატერიალური დახმარება.”

ჩეხეთს 300-მდე ბელორუსი ემიგრანტი ჰყავს შეკედლებული. პოლონეთი კი გასული წლიდან აფინანსებს რადიო “რაციას”, რომელიც ბელორუსიაზე მაუწყებლობს ბელორუსულ და რუსულ ენებზე. დაგეგმილია ტელემაუწყებლობის დაწყებაც. მეტიც, პოლონეთის, ჩეხეთის და ლიტვის ოფიციალური წარმომადგენლები, ევროკავშირის სხვა წევრებს აწვდიან ინფორმაციას, მათს ყურადღებას ამახვილებენ ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის პრობლემაზე.

ამ ძალისხმევის გამო უწოდა ბელორუსი ოპოზიციონერების ლიდერმა მილინკევიჩმა “ელჩები” პოლონეთს, ჩეხეთსა და ლიტვას. [ალექსანდრ მილინკევიჩის ხმა] “ისინი იმავდროულად არიან ჩვენი ელჩები ძველ ევროპაში, რადგან იქ ყველამ არ იცის, რას ნიშნავს შიშით მოცულ საზოგადოებაში ცხოვრება - დიდი ხანია ასეთ გარემოში არ უცხოვრიათ, ზოგს არც არასოდეს უცხოვრია! ამიტომ ამ ქვეყნებს, როცა მათს ლიდერებს ველაპარაკები, ყოველთვის ვთხოვ: იყავით ჩვენი ელჩები ძველ ევროპაში! დადგება დრო, როცა იქ ჩვენი ხალხიც გვეყოლება, მაგრამ ახლა თქვენ იყავით- მეთქი. და ისინი ასრულებენ ამ ფუნქციას”.

ამ ფუნქციის შესრულება, განმარტავს პოლონელი პოლიტოლოგი, ყოფილი დისიდენტი ეუგენიუშ სმოლარი, მორალური ვალდებულებაა. [სმოლარის ხმა]
“ჩვენ გვეხმარებოდნენ დასავლეთის პროფკავშირები, ამერიკის კონგესი, პრეზიდენტი რეიგანი, პრეზიდენტი კარტერი და პოლონელი გმირი ზბიგნევ ბჟეჟინსკი. როგორც ცნობილია, მათთვის ადამიანის უფლებები იყო საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატების საზომი. იგივე გვეხება ჩვენც. ზოგადად თუ ვიტყვით, პოლონელები დემოკრატიის მომხრენი არიან და სურთ დახმარების გაწევა, მოსწონთ, როცა ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც უჭირს. მითუმეტეს, თუ საქმე მეზობლებს ეხება”.

თუმცა, სმოლარი აღიარებს, რომ საქმე მარტო მორალურ ვალდებულებას არ ეხება. ვარშავას პრაგმატული მოსაზრებებიც ამოძრავებს: მისსავე, ისევე როგორც რეგიონის ყველა სხვა სახელმწიფოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული მეზობლის ყოლა - ოპოზიციის გამარჯვება ბელორუსიაში, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატურას უწოდებენ.
XS
SM
MD
LG