Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის პრესა


გასული კვირის პუბლიკაციები საქართველოს პრესაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში მოსვლის თემით დაიწყო:

”გაერთიანება ოქრუაშვილის ან პატარკაციშვილის ირგვლივ”, ”ოქრუაშვილმა ”თანაფრაქციელები” უკვე იპოვა” - გაზეთებმა ”მთელმა კვირამ” და ”ახალმა თაობამ” სტატიები ამ სათაურებით პირველ გვერდებზე გამოაქვეყნეს. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი დავით ზურაბიშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში აღნიშნავს: ”ოპოზიციის გაერთიანება დღეს ირაკლი ოქრუაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შეუძლიათ. ძლიერი ძალა შეიკვრება მაშინ, თუ პატარკაციშვილი ისურვებს რომელიმე პარტიის დაფინანსებას ან ირაკლი ოქრუაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობას. თუ ოქრუაშვილი გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, ვეღარ მოახერხებენ მის დისკრედიტაციას”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომლის კომენტარიც ორშაბათს გამოსულმა გაზეთმა ”რეზონანსმა” დაბეჭდა.

”ახალი თაობა” კი წერს, რომ ”ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტში ფრაქცია ეყოლება. ახალი ფრაქციის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, კოკა გუნცაძე იქნება. ამბობენ, რომ სწორედ გუნცაძე იქნება ოქრუაშვილის პარტიის გენერალური მდივანიც”, - წერს ”ახალი თაობა” და ფრაქციის სავარაუდო წევრებად ლევან გაჩეჩილაძეს, გია თორთლაძეს, გია ცაგარეიშვილს და აგრეთვე უმრავლესობის წევრ რამდენიმე დეპუტატს ასახელებს.

კვირის დასაწყისში პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზეც წერდა. ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში მიწვევასა და ევროპარლამენტართა წინაშე გამოსვლაზე ამბობს: ”ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მთელ პროცესში ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია. ოსურ მხარეს, პირველად წლების განმავლობაში, უფლება მიეცემა ევროსტრუქტურებისა და ზოგადად დასავლეთის წინაშე თავისი სიტყვა თქვას. ასეთ რამეზე, ბუნებრივია, უარს არც კოკოითი იტყოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპამ თავისი არჩევანი ამ შემთხვევაში უკვე გააკეთა და პრიორიტეტებიც დასახა.”

რონდელის კოლეგა თემურ იაკობაშვილი კი ”24 საათთან” ვრცელ ინტერვიუში განმარტავს: ”იმ სიტუაციამდე მივედით, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეების სამხედრო პროვოკაციების სურვილიც უკვე აშკარაა. ამ შემთხვევაში თუ საქართველო ინიციატივას დაკარგავს, ჩვენ წავაგებთ. თუ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება, წავაგებთ. ამდენად, პრეზიდენტის სიჩქარე, მისი მიმწოლობა და აგრესიულობა, ალბათ, ამ სიტუაციაში საჭიროც არის. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დღეს გარისკული და ამ რისკების პირობებში პოლიტიკას უკან ვერ შევატრიალებთ. ამდენად, კოკოითმა უნდა იცოდეს, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ისიც უნდა იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში, რომ საქართველო ომს არ აპირებს, მაგრამ მათი აქტიური მხარდაჭერით ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.”

უკვე კვირის ბოლოს გამომავალი გაზეთები კი ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მისულ მოვლენებზე წერდნენ. გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, 28 ივნისს სოფელ წნურთან მდებარე რუსი სამშვიდობოების ბლოკ–საგუშაგოსთან ვითარება ისე დაიძაბა, რომ ღია შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება საკმაოდ რეალური გახდა.

„ჩვენ ქართველი ძალოვნები მიზანში გვყავს ამოღებული და, მათი მხრიდან რუსი სამშვიდობოების ან ჩვენი მისამართით რაიმე აგრესიული მოქმედების შემთხვევაში, მათ გავანადგურებთ“, – ატყობინებდა, გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი მიხაილ მინძაევი ჟურნალისტებს ტელეფონით. ამავე გაზეთის ინფორმაციით, მოსკოვში წასვლის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თავისი არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.

გასული კვირის გაზეთ ”24 საათს” უყურადღებოდ არც მესხი რეპატრიანტების თემა დაუტოვებია და ”კავკასიური სახლის” თანამშრომელთა საპროტესტო განცხადება-განმარტება გამოაქვეყნა, რომელიც მაჰმადიანი მოსახლეობის რეპატრიაციის საკითხზე პოლიტიკოსთა განცხადებებს შეეხება. სტატიის ავტორები წერენ: ”მთელი 300 ათასი კაცის ღირსება და ბედისწერა იმას ეწირება, რომ სხვა საქმეში ხელმოცარულნი კარგხელფასიან პარლამენტში მოხვდნენ ან დარჩნენ. მათ მიერ დანერგილი აგრესიისა და სიძულვილის ატმოსფერო რეალურად ერთადერთი პრობლემაა, რომელიც მართლაც ახალ უბედურებას დაატეხს თავს საუკუნოვანი ძალადობის მსხვერპლთ - მაჰმადიან მესხებს. ჩვენ ამის გვეშინია.”

იგივე გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ”ბისეკის” ქვეყნების საიუბილეო სამიტს სტამბულში და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ”ქართული დიპლომატიის სამშვიდობო შეტევად”აფასებს. სტატიაში მოყვანილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები: ”ჩვენ აფხაზ და ოს ხალხს ვთავაზობთ ფართო ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში. საზღვრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ძალიან სახიფათოა და შეიძლება რეგიონში მდგომარეობა ააფეთქოს”,- აღნიშნა სტამბულში გამოსვლისას სააკაშვილმა, რომელიც, რუსული პრესის პროგნოზების მიუხედავად, სტამბულში პრეზიდენტ პუტინს პირისპირ არ შეხვედრია და არ შეუთავაზებია მისთვის მხარი დაეჭირა დიმიტრი სანაკოევის ხელისუფლებისთვის, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.

გაზეთ ”რეზონანსის” თანახმად კი, საქართველოში გაყინული კონფლიქტების არსებობა და ესკალაციის საშიშროება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში, რომელმაც საკუთარი მიმართვა ინტერნეტგამოცემით გაავრცელა. ”აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედების ნებისმიერი სახით დაწყება საქართველოში აგრესიად შეფასდება და ამ შემთხევაში თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართული დიასპორა ისტორიულ სამშობლოს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს”, - ასეთ ტექსტს აქვეყნებს 26 ივნისს გამოსული გაზეთი ”რეზონანსი”.

გასული კვირის ”ახალი ვერსის” ერთ-ერთი ნომერი ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 300 მილიონი დოლარის ხარჯვით დაინტერესდა. სტატიის ავტორი ცდილობს გაარკვიოს იმ პროექტის დეტალები, რომელიც ”სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას” გულისხმობს. გაზეთის ინფორმაციით, თავდაპირველი სარეაბილიტაციო მარშრუტიდან ერთ-ერთი სექცია - ”ხერთვისი-ვარძია” - ამოვარდა, რამაც შეიძლება რეგიონის მოსახლეობის საპროტესტო აქციები გამოიწვიოსო, დაასკვნის ავტორი და აღნიშნავს: ჯორჯ ბუშის მიერ ნაჩუქარი 300 მილიონი დოლარი, ანუ ნოღაიდელ-არველაძის ინტრიგა, მიხეილ სააკაშვილს შეიძლება შენელებული მოქმედების ნაღმად ექცეს. ნაღმის აფეთქების შემთხვევაში პრეზიდენტი პასუხს, ცხადია, ზურაბ ნოღაიდელს მოსთხოვს, რადგან ის ”მილენიუმის ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კვირის ბოლო დღეს გამომავალი გაზეთები კი ყურადღებას, ძირითადად, საქართველოს პარლამენტში მოწყობილ სამთავრობო საათსა და იქ განათლების მინისტრის კახა ლომაიას გამოსვლას უთმობდნენ. ”24 საათი” წერს, რომ ლომაიას გამოსვლის შემდეგ გაცოფებამდე ბევრი აღარაფერი აკლდათ ოპოზიციური ფრაქციის წევრებს, რომელთა კითხვები კახა ლომაიამ სამ კატეგორიად დაყო: აბსურდული, ბუნდოვანი შინაარსის და მფრინავი სპილოები. მათზე პასუხებიც ამ კატეგორიების შესაფერისი იყო.

კახა ლომაიას მთელი გამოსვლის მანძილზე სახეზე ირონიული ღიმილი არ მოსცილებიაო, წერს გაზეთი ”ალია”. მინისტრმა ბურჯანაძეც კი გააბრაზა და განათლების მინისტრის მოხსენებით, ოპოზიციის გარდა, უკმაყოფილო საპარლამენტო უმრავლესობაც დარჩაო, აღნიშნავს გაზეთი ”ალია”.
XS
SM
MD
LG