Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნუსლეს ხიდი” - პრაღაში თავის მოკვლის მსურველთა შორის ყველაზე პოპულარული ხიდი


პრაღის ცენტრიდან სამხრეთისკენ თუ გაუყვებით მთავარ მაგისტრალს,

რომელიც ქალაქს ბრნოსთან, შემდეგ კი ვენასა და ბრატისლავასთან აკავშირებს, აღმოჩნდებით “ნუსლეს ხიდზე”. “ნუსლეს ხიდი”, თბილისური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მშრალი ხიდია, რომელიც პრაღის ერთ-ერთი უბნის - ნუსლეს - თავზეა გადებული. ეს ხიდი არაფრით გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ აქედან ხშირად ხტებიან თავის მოკვლის მიზნით. ამიტომაც ხიდს პრაღაში, ნახევრად ხუმრობით, თუკი ამ თემაზე ხუმრობა შეიძლება, “მხტომელთა ხიდსაც” ეძახიან. ხიდი საკმაოდ გრძელია, ორსართულიანი. ზედა სართულზე მაგისტრალი გადის, ქვედაზე კი - მეტრო. აქ საკმაოდ ინტენსიური მოძრაობაა, მაგრამ ორივე მხარეს ისეთი მოაჯირებია გაკეთებული, რომ გადახტომა არცთუ ისე იოლია. პრაღის ქალაქის მმართველობა ბოლო ხანს ბევრს ფიქრობს იმაზე, როგორი მოაჯირი აღმართოს, რომ თავის მოკვლის მსურველმა მასზე აძრომა და გადახტომა ვერ მოახერხოს. მოაჯირის დაფარვა სულ ახლახან დაიწყეს ახალი ტექნოლოგიით. ქალაქში დავა იყო იმის თაობაზე, რა მასალით გაეკეთებინათ ეს საკმაოდ მაღალი მოაჯირი. პრობლემა ისაა, რომ მასალა, რომელზეც აძრომა გაჭირდებოდა, გაუმჭვირვალეა და ფარავს ხედს ხიდიდან. ხედი კი აქედან შესანიშნავია - მთელ პრაღაზე არა, მაგრამ ერთ- ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, “ვიშეჰრადის”, მიმართულებით კი - ნამდვილად. დილაობით ამ ხიდის გავლით ბევრი მიემართება სამსახურში, შესაბამისად, ბრუნდება უკანაც. დღის განმავლობაშიც შეხვდებით თითო-ოროლა გამვლელს, მათ შორის -ტურისტებსაც. აქ თუ ადამიანი მარტო მოდის და დიდხანს სეირნობს, ანუ საკუთარ თავში ეძებს ძალას გადასახტომად, როგორც კი ვინმე შეამჩნევს, პოლიციას ატყობინებს. დღეს აქ ჯერჯერობით ვერავის ვხედავ. ბოდიში ამ ხუმრობისთვის.

ხიდს ქვემოთ - როგორც გითხარით, ეს მშრალი ხიდია - არის შენობები, არის ქუჩები და არის რესტორანი, რომელსაც, პრაღაში არსებული ტრადიციით, განსაკუთრებული სახელი ჰქვია (ეს სახელები ასეთი სტილისაა: “შავ არწივთან”, “ძველ კოშკთან”, “სამ ვიოლინოსთან” და სხვ.) - “უ სკოკანა”, რაც ქართულად იქნება - არც მეტი, არც ნაკლები -“გადამხტომთან”. ხიდის თავში ახალგაზრდა წყვილს გავესაუბრე. მათ დამიდასტურეს, რომ აქედან ხტებიან ხოლმე, მაგრამ გადახტომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს აუცილებელ სიკვდილს.

(ქალის ხმა) “მართლა გასაკვირია, მაგრამ ყველა, ვინც აქედან ხტება, არ კვდება. ეს არ არის ასპროცენტიანი საშუალება თავის მოკვლის.”

მათ ცინიზმად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ხიდის ქვემოთ რესტორანს “გადამხტომთან” ჰქვია. ჩეხები დიდი ცინიკოსები არიანო, მითხრეს.

(ქალის ხმა)
“ძალიან, ძალიან! ჩეხები საკმარისად დიდი ცინიკოსები არიან.”

შეკითხვაზე, სად არის ის რესტორანი ზუსტად-მეთქი, ჩემმა თანამოსაუბრეებმა იხუმრეს:

(მამაკაცის ხმა)
“მე ვიტყოდი, რომ ის ხიდქვეშაა.” (იცინიან)

მეც სწორედ ხიდის ქვეშ აღმოვჩნდა. აქ ისეთი ხმაური არ არის, როგორც ხიდზე. სანამ რესტორანში შევიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ხიდიდან ხიდქვეშ მოსახვედრად, ცნობილი მეთოდის გარდა, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვლაპარაკობდით, ანუ გარდა გადმოხტომისა, არსებობს შემოვლითი გზაც, თუკი ტრანსპორტის გამოყენებას ისურვებთ. ეს რესტორანი ერთი რაღაც ჯურღმული გამოდგა, კარებშივე ჰაშიშის სუნი მეცა. მაინცდამაინც ხალხით სავსე არ არის. ორი აქ მჯდომი პიროვნება შემთხვევით აღმოჩნდა რესტორანში შემოსული და მის სახელწოდებასა და ისტორიაზე არაფერი იცოდა. ბარმენი ასევე სიტყვაძუნწია. უფროსი შვებულებაშია წასული და მე არაფერი ვიციო, მითხრა. ორი წელი მუშაობს ამ რესტორანში და ხიდიდან გადმომხტარი ჯერ არავინ უნახავს.

(ქუჩის ხმა)

მოდით, ამ ქალბატონს ვკითხოთ. ძაღლს დაასეირნებს და, ეტყობა, ამ ქუჩაზე ან ცხოვრობს, ან ხშირად დადის აქ. ჩაცმულობისა და იერის მიხედვით, აქაური უნდა იყოს.


(ქალის ხმა)
“ერთხელ ვნახე გადმომხტარი კაცი. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და მეორედ ასეთი რამის ნახვას არ ვისურვებდი. ეს საშინელებაა, საშინელება. ახლა უკვე ისე იოლი აღარ არის გადმოხტომა მოაჯირის გამო, მაგრამ ვისაც ეს უნდა და გადაწყვეტილი აქვს, მოახერხებს.”

(მამაკაცების ხმა)

ეს ბატონები აქ უშუალოდ ხიდის ქვეშ არსებულ სპორტულ ბარში მუშაობენ. ეს კაცი, როგორც ნამდვილ ძველ პრაღელს შეეფერება, ხიდს ძველი სახელით - გოტვალდის ხიდად -მოიხსენიებს. მან დაადასტურა, რომ ეს ხიდი პრაღაში თავის მოკვლის მსურველთა შორის ყველაზე პოპულარული ადგილია; ისიც დაამატა, ხანდახან თვეში რამდენიმე შემთხვევაა, ხან კი შეიძლება ნახევარი წელიწადი გავიდეს და ხიდიდან გადმოხტომა არავინ ისურვოსო.

ხიდის ქვეშ არაერთი კაფე, ბარი და რესტორანია. აქ არ არის, ასე ვთქვათ, თვითმკვლელობის ატმოსფერო. არავის, ვისაც კი მე გავესაუბრე, არა აქვს იმის განცდა, რომ ცხოვრობს და მუშაობს იმ ხიდის ქვეშ, სადაც მუდმივად თვითმკვლელობა ხდება. ეს მაინც უფრო ლეგენდაა, რომელიც ხანდახან შეახსენებს ხოლმე კაცს თავს, შეახსენებს, რომ არსებობს ხიდი, არსებობს სიცოცხლე, არსებობს ადამიანი, ვისაც უნდა თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება, არსებობს მთავრობა, რომელიც ცდილობს, ხალხი ხიდიდან არ გადახტეს და ამისათვის უფრო მაღალ მოაჯირს აშენებს. პრაღელები თავისთვის ცხოვრობენ და აღიარებენ, რომ ეს არის ხიდი, ყოფილი გოტვალდის ხიდი, ახლა ნუსლეს ხიდი, საიდანაც გადმოხტება ხოლმე ის, ვისაც სიცოცხლე აღარ უნდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG