Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების ჯერ კიდევ ბუნდოვანი პერსპექტივა


18 ივლისს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება

ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ. უფრო ადრინდელი - 2005 წლის ოქტომბრისა და 2006 წლის თებერვლის - დადგენილებებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად ( ეს დადგენილებებიც სამშვიდობო ძალებს ეხებოდა), 2006 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უარყოფითად შეაფასა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობა და საქართველოს მთავრობას დაავალა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება. დავალების გაცემიდან ერთი წლის თავზე
საქართველოში გრძელდება რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა უკანონო ქმედებები.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის ქმედებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. გენერალი კულახმეტოვი მაშინ ქართულ სოფლებს შორის შემოვლითი გზის მშენებლობას აბრკოლებდა. სამშენებლო ტერიტორიიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გაძევება ქართულმა მოსახლეობამ დაიწყო და შერეული სამშვიდობო ძალების საქართველოს ბატალიონმა დაასრულა. საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობო მისიით გამწესებულ რუსეთის ჯარისკაცებთან ჭიდილი კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაგრძელდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონში 2 რუსი ჯარისკაცი დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საპატრულო პოლიცია სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მიერ გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალის გახსნას შეუდგა. მაგისტრალი რუს ჯარისკაცებს ჰქონდათ გადაკეტილი, ისინი მგზავრებს აჩერებდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ბრძანებით, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონოდ ამოქმედებული ბლოკ-პოსტი მოიხსნა, თუმცა იმის მსგავსი სამეგრელო- ზემო სვანეთის გზაზე, ხაიშთან, გაიხსნა. სამეგრელო -ზემო სვანეთის გზაზე გადაადგილებაში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა პრობლემები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც შეუქმნეს. სამშვიდობო ძალების მსგავსი უკანონო ქმედებები ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა სპეციალური განცხადების გავრცელებით, შემდგომ კი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. საერთო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას თვითნებობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ პარლამენტის დადგენილების მიღებიდან ერთი წლის თავზე ხდება. 2006 წლის ივლისის დადგენილებამდე იყო 2005 წლის ოქტომბრის დადგენილება. აფხაზეთში განთავსებული სამშვიდობო ძალებისთვის გამოსაცდელი ვადა სწორედ 2005 წლის 11 ოქტომბერს დაწესდა 2006 წლის ივნისამდე - თან, ასეთი განცხადებებით:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ” თუ მოხდა ისე, რომ სამშვიდობო ძალები გამოიღვიძებენ, აღდგებიან ფერფლიდან, ამ დროისთვის მათ ჩვენ გავაცილებთ ზარ-ზეიმით, თუ არადა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ 5 დღის ვადაში დაიწყოს მათი გასვლა ჩვენი ტერიტორიიდან..”(სტილი დაცულია)

ეს იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის 2005 წლის ოქტომბრის განცხადება. 2006 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მთავრობას დაავალა პროცედურების დაწყება აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისთვის, ამავდროულად კი, მუშაობის დაწყება სამშვიდობო ფორმატის შეცვლისათვის. ეს ყველაფერი, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, 2006 წლის 18 ივლისს მოხდა. ამ დღიდან საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა გახდა საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ შეიძლებოდა და არ შეიძლება იმ ვითარების შენარჩუნება, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები მანდატით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობით ქმნიან. გავიდა ხანი და საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღების მსურველი ქვეყნების რიცხვმა მოიმატა. თავიდან თუ სურვილს მარტო უკრაინა გამოთქვამდა, სურვილი ბალტიისპირა ქვეყნებმაც გამოთქვეს, მათთან ერთად კი, როგორც ერთხელ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუმინეთმა და პოლონეთმაც. მაგრამ მარტო სურვილი არ კმარა. ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი განცხადებით: ”ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია აიღებს თავის თავზე სამშვიდობო მანდატის გაცემას.” აქვე სამაგალითოდ განვმარტავ, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა მოხდება ავტომატურად მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი ჩანაცვლების შესახებ. მაგრამ უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს...

აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარეობს და არა გაეროს ეგიდით, ცხინვალის რეგიონში კი - რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში არასწორად მიაჩნიათ ლაპარაკი იმაზე, რომ ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტისთვის საქართველოს მხარის გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი...
XS
SM
MD
LG