Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


”ლილო პარალიზებულია”, ”აფხაზეთში საკურორტო სეზონი ჩავარდნის პირასაა”, ”კირკიტაძის და ბოკერიას გუნდებს შორის ახალი დაპირისპირება იწყება”,

”როგორ გამდიდრდნენ და რა შეიძინეს პოსტებზე მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ”, ”ნატო და რუსეთი საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფენ” - ამ და სხვა სათაურების სტატიებია გამოქვეყნებული 17 ივლისის ქართულ პრესაში. 17 ივლისის ქართულ გაზეთებშიც მთავარია არსებული შიდა პოლიტიკურ-კულუარული მოძრაობები, სალარო აპარატებით უკმაყოფილო მოვაჭრეების პრეტენზიები, ამას გარდა, ოპოზიციის მიერ დაწყებული მოძრაობა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად .... 17 ივლისის ერთ-ერთი ქართული გაზეთი აქტუალობას სძენს საქართველოს ნეიტრალიტეტის თემას... ეს გაზეთი ”ახალი თაობაა”. ”ნატო და რუსეთი საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფენ? ” - ასეთი შეკითხვით დასათაურებულ სტატიაში მოყვანილია ეროვნული ფორუმის წარმომადგენელთა განმარტებები იმის შესახებ, თუ, რას მოუტანს კი არა, რას ვნებს საქართველოს ნატოში გაწევრიანება... ეროვნულ ფორუმში მიაჩნიათ, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარები იდგებიან, დანარჩენ ტერიტორიაზე კი - ნატოს ჯარები. ასე ფიქრობენ კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეს ადამიანები ქვეყნის ღალატის გზაზე მდგომად მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის უმთავრეს ამოცანად სახავენ. ..


17 ივლისის გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს რამდენიმე ჟურნალისტის ღია წერილს საქართველოს პრეზიდენტისადმი : სტუდია ”მონიტორის” , გაზეთების ”რეზონანსისა” და ”ალიას” ჟურნალისტები პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს კანონში ”საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებებს, რომლებიც კრძალავს სასამართლო პროცესებზე ტელეკამერების დაშვებას. ” სასამართლოს რეპუტაციის აღსადგენად სწორი ნაბიჯი რომ ყოფილიყო ტელეკამერებისთვის სხდომის დახურვა, თავის დროზე თქვენ არ იქნებოდით პირველი მომხრე სასამართლო სხდომებზე ტელეკამერების დაშვების”, - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც რამდენიმე ჟურნალისტი აწერს ხელს.

გაზეთი ” რეზონანსი” ეხმაურება ოპოზიციის საარჩევნო მოთხოვნასაც, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისთვის მუშაობის დაწყებას უკავშირდება, და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ოპოზიცია სამი მოთხოვნიდან ორზე ჩამოვიდა და მაინცდამაინც იმის დათმობას ითხოვს, რის დათმობასაც ხელისუფლება არ აპირებს. ოპოზიციის მოთხოვნით, ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს არა ერთიან პარტიულ ჯგუფს, არამედ ცალკეულ კანდიდატებს, ამასთან, მანდატები საუკეთესო შედეგების მქონე იმდენ კანდიდატს უნდა ერგოს, რამდენი მანდატიცაა განაწილებული შესაბამის ოლქში.. დღეს არსებული სისტემით, სხვაგვარად ხდება...


გაზეთი ”24 საათი” წერს საშიშ დემოგრაფიულ ტენდენციაზე საქართველოში. ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში ნათქვამია: დემოგრაფების დასკვნით, 2050 წლისთვის საქართველოში ქართველების და არაქართველების რიცხვი გათანაბრდება, შემდგომ კი ქართველები ეთნიკურ უმცირესობად იქცევიან.. სტატიის ავტორი საზოგადოებას და, პირველ რიგში, ხელისუფლებას შეახსენებს, რომ თავის დროზე დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებისთვის რადიკალური რეფორმების გატარება მოუხდა საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლს და ამ რეფორმებმა საფრანგეთში დადებითი შედეგები გამოიღო..

XS
SM
MD
LG