Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


კერძო საკუთრების დაცვის თემის აქტუალურობა პრესაში კვლავ გაიზარდა,

ამჯერად თბილისში, თაბუკაშვილის 50 ნომერში მდებარე კორპუსის დემონტაჟის გამო. ”ნგრევის საათია?” - კითხულობს ”რეზონანსის” რედაქტორის სვეტის ავტორი და წერს: ”რამდენიმე წელია თბილისის მერია უფასო სანახაობას გვაყურებინებს, პირობითი სახელწოდებით - თანამედროვე გოგია უიშვილები. ხან რესტორნებს მისდგნენ, ხან - კაფე-ბარებს, ახლა კორპუსების ნგრევაზე გადავიდნენ. ამ ფონზე ძალზე საინტერესოდ ჩანს ერთი ფაქტი - პრეზიდენტის მშენებარე რეზიდენციის წინ მდებარე რესტორნებიდან ყველა უკანონოდ აშენებული და მერე სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი აღმოჩნდა. ერთადერთი კმაყოფილი პერსონაჟი, რომელიც მაშინ ”რუსთავი-2”-მა გვიჩვენა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმა, ვინმე კოდუა აღმოჩნდა, რომელიც შესაშური ოპტიმიზმით გვიყვებოდა ამ ადგილას განსახორციელებელი გლობალური პროექტების მშენებლობის შესახებ. მავანი, ალბათ, იტყვის, ბნელაო. არა, მეგობრებო, არ ბნელა! უბრალოდ, თავს ზემოთ ძალა არ არის და ვიდრე უკვე რესტორნის წართმევასთან ერთად ციხეში ყოფნის პერსპექტივა გაგიჩნდებოდეს, გონიერი ადამიანი ამჯობინებს ნაჩუქრობის ხელშეკრულებას საკუთარი ნებით მოაწეროს ხელი”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი და დასძენს, რომ ”ნგრევა, რაოდენ კეთილშობილურ საქმესაც უნდა ემსახურებოდეს, ნგრევაა და არავინ იცის, როდის ააშენებს სიყვარული იმას, რაც მტრობამ უკვე დაანგრია.”

საკუთრების თემას ეხება ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც ამბობს: ”კონფლიქტის ტრანსლაციის პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა ნონსენსი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის სიმბოლური გახლავთ. ხელისუფლების, უფრო ზუსტად კი, დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მობინადრეებს კომპენსაციას მისცემდნენ. თავის მხრივ, მობინადრეები ამბობდნენ, რომ არავითარი კომპენსაცია მათთვის კონკრეტულ პირს არ შეუთავაზებია. არადა, ორივე მხარე ერთმანეთის პირისპირ იდგა, თავზე კი კორპუსის ნანგრევები აცვიოდათ. ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალური სახელმწიფოს პირობებში მობინადრეებს კომპენსაციაზე არათუ წინასწარ გაურიგდებოდნენ, არამედ მისცემდნენ კიდეც და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სახლის დემონტაჟი”, - ამბობს სოსო ცინცაძე ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

”ახალი თაობა” ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ცდილობს ხაინდრავას მიმართ ევროკავშირის თანხების გაფლანგვის ბრალდების მოტივი გაარკვიოს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ყველაფერი ხაინდრავას ოპოზიციურ მოღვაწეობას უკავშირდება. ”ის ჯერ კიდევ მინისტრი იყო, როცა ღიად მოითხოვდა სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელებისა და დამკვეთების დასჯას. როგორც ამბობენ, გირგვლიანების ოჯახს მაშინ თანადგომა, ხაინდრავას გარდა, ოქრუაშვილმაც გამოუცხადა. მათგან არც ერთი აღარ არის დღეს მთავრობაში. ერთი მათგანი ოპოზიციაში წავიდა, მეორე კი პოლიტიკურ ჩრდილშია და არავინ იცის, პოლიტიკური ჩრდილიდან გამოსვლის შემდეგ რას მოიმოქმედებს. გოგა ხაინდრავა კი პირობას იძლევა, რომ თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს. შოთა მალაშხიამ, შესაძლოა, არც კი იცის, რა პიარი გაუკეთა ამით გოგა ხაინდრავას”, - წერს ”ახალი თაობა”.

წარმატებულ პიარსა და ირაკლი ოქრუაშვილზე წერს ”კვირის ქრონიკა”. ავტორი ყოფილ თავდაცვის მინსტრს პიარის ცოდნას უქებს: ”სხვათა შორის, მედიაც მშვენივრად გამოიყენა. ერთი წელიწადია, კაცს არც კომენტარი გაუკეთებია, ”უტკაც” მშვენიერი შემოაგდო და, როგორც ამბობენ, ჯერ არშექმნილი პარტიითაც მშვენივრად ვაჭრობს. ნელ-ნელა ”ოქრო” საკუთარ ოქრო-ბიჭებს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორიდან თავისთან იბრუნებს და საშემოდგომოდ ერთ კარგ პარტიულ კამპანიასაც მოაწყობს”, - წერს ”კვირის ქრონიკა”.

”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელთან. საუბარი საქართველოში კონფლიქტების მოგვარების გზებსაც ეხება. პოლიტოლოგი ამბობს: ”ვფიქრობ, რომ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როცა საზოგადოება არა მარტო ვერ აღუდგა ვერც ერთ ომს, არამედ მხარიც დაუჭირა, ახლა სხვა რესურსი არსებობს. ჩვენ უნდა ვიყოთ ნაციონალისტები, მაგრამ არა - ეთნიკური, არამედ სახელმწიფო მშენებლობის ნაციონალისტები. ეს ნაციონალიზმი გამოიწვევს აღმშენებლობას. ”ჩვენ ვართ გამორჩეული ერი” - ეს არაფერს იძლევა, ნგრევისა და ეთნიკური ომების გარდა, და ვინაიდან ჩვენ, ქართველები, უმრავლესობა ვართ, ჩვენ ვაგებთ პასუხს სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმის პოლიტიკის გატარებაზე”, - ამბობს ალექსანდრე რონდელი ”24 საათთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG