Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებას კმაყოფილებას ჰგვრის სატელევიზიო “აღსარება”


ირანის ტელევიზიით არაერთგზის გადაცემული სამი პატიმრის “აღსარება”, თითქოს ისინი ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ ირანის მთავრობის წინააღმდეგ,

დასავლეთის მედიისა და უფლებათდამცველი ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. სამაგიეროდ, კმაყოფილი ჩანს ირანის მთავრობა, რომელიც ამ სატელევიზიო ”აღსარებით” ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეერთებული შტატები ირანელ მოქალაქეებს ირანის ხელისუფლების დასამხობად იყენებს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა ქალმა, ჰალეჰ ესფანდიარიმ, თავის გამოსვლაში საქართველოს ”ვარდების რევოლუცია” ახსენა. მინდა სატელევიზიო ”აღსარების” შესახებ ირანის ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებები გაგაცნოთ.

უფლებათდამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, 18 და 19 ივლისს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მაყურებელს უჩვენა ორნაწილიანი პროგრამა “დემოკრატიის სახელით”. გადაცემაში საუბრობენ ირანული წარმოშობის ამერიკელები - სოროსის ფონდის წევრი კიან ტაჯბახში, ფილოსოფოსი და სოციოლოგი რამინ ჯაჰანბეღლო და ჰალეჰ ესფანდიარი, ვაშინგტონის “ვუდრო უილსონის კვლევის საერთაშორისო ცენტრის” ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორი. სხვათა შორის, ეს ის ჰალეჰ ესფანდიარია, რომელმაც თავის გამოსვლაში საქართველოს “ვარდების რევოლუცია” ახსენა.

თეირანში გამომავალი კონსერვატორული მიმართულების გაზეთი “ირანი” ვარაუდობს, რომ, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, სადაც მასობრივი დემონსტრაციებით ხელისუფლება აიძულეს გადამდგარიყო, სოროსის ფონდი ირანშიც ცდილობდა საზოგადოებისა და ხელისუფლების გათიშვას და ახალგაზრდების პროვოცირებას.

თუმცა, როგორც რადიო “თავისუფლების” თანამშრომელი გოლნაზ ესფანდიარი ფიქრობს, ირანის რეჟიმს შიში აიძულებს მიმართოს მსგავს პროპაგანდას:

[გოლნაზ ესფანდიარის ხმა] “ჩემი აზრით, ამ შიშის საბაბია ის, რომ აშშ-მა შარშან თებერვალში გამოაცხადა, ირანში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის 75 მილიონი გამოიყოო. ამ ფონდმა გამოიწვია ეს შიში და მღელვარება. ახლა ირანის რეჟიმი ცდილობს შეაჩეროს ირანელი ინტელექტუალებისა და კრიტიკოსების ყოველგვარი კონტაქტები ქვეყნის გარეთ.”


ირანის ხელისუფლებამ ტელეაღსარებით მძლავრი პროპაგანდისტული ტალღა ააგორა ქვეყანაში. თუმცა ამ პროპაგანდის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება პრორეფორმისტულ ირანულ გაზეთ “ჰამბასტეგის”, რომელიც მიიჩნევს, რომ სატელევიზიო აღსარებამ დრო მოჭამა. ის რომ შედეგიანი ყოფილიყო, მას დასავლეთის ქვეყნებიც გამოიყენებდნენო, წერს გაზეთი. თეირანში მოღვაწე ანალიტიკოსმა მოჰსენ შაჰიმ კი “ასოშიეიტიდ პრესს” უთხრა, სატელევიზიო განცხადებები წმინდა წყლის “პროპაგანდაა”, ხოლო ადამიანები, რომლებიც ეკრანზე ჩანდნენ, თავისუფლად ვერ ლაპარაკობდნენო. 2004 წელს ასეთი აღსარების გაკეთება ირანელ ჟურნალისტ რუზბეჰ მირებრაჰიმსაც მოუხდა:

[რუზბეჰ მირებრაჰიმის ხმა] “როცა პატიმარი ციხეში შედის და განმარტოებით საკანში ათავსებენ, ისეთ ატმოსფეროს უქმნიან, რომ მან თავი მიტოვებულად იგრძნოს, დაიჯეროს, რომ არავინ დაეხმარება. ისინი ოჯახის წევრებისგან მის იზოლირებასაც ახდენენ. ისეთ გარემოს გიქმნიან, თითქოს სრულიად მარტო გიწევს ამ ბრალდებებთან გამკლავება.”

ირანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ელჰამი უარყოფს ბრალდებას, რომ დაპატიმრებულები ზეწოლას განიცდიდნენ. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება მოქმედებს კანონის ფარგლებში, თანახმად იმ პოლიტიკისა, რომელიც “ისლამის მორალურ სისტემას” ეფუძნება. ირანის რეფორმისტულ “მონაწილეობის ფრონტს” კი სახელმწიფო ტელევიიზიით ნაჩვენები ზემოხსენებული პროგრამა იმ მკაცრი პოლიტიკური კურსის შემადგენელ ნაწილად მიაჩნია, რომელსაც მმართველი ძალა საპარლამენტო არჩევნების წინ განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ამ ლოგიკით, უახლოეს თვეებში ირანის მთავრობა შეეცდება დაამტიცოს, რომ ქვეყანაში მცოცავი შეთქმულება და გადატრიალება იგეგმება.


ბოლოს გეტყვით, რომ, ესფანდიარ ისადა ტაჯბახშის გარდა, ამჟამად ირანში ხელისუფლებას დაკავებული ჰყავს ირანული წარმოშობის კიდევ ორი ამერიკელი. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი უშუალო კოლეგა, რადიო “თავისუფლების” ირანული სამსახურის კორესპონდენტი ფარნაზ აზიმა. ის გირაოთია გაშვებული და სასამართლოს ირანში ელოდება. კიდევ ერთი ირანელი, რომელიც ირანის ხელისუფალთა მიერ იქნა დაპატიმრებული, ალი შაკერი, მშვიდობისთვის ბრძოლის აქტივისტია.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG