Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგისა და ისრაელის ისტორიული მოლაპარაკება


ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ისრაელში ისტორიული ვიზიტით ჩავიდნენ, რათა, არაბული ქვეყნების ლიგის სახელით, სამშვიდობო მოლაპარაკება წამოიწყონ




პალესტინელი დევნილებისა და არაბული მიწების სრული დეოკუპაციის თაობაზე. ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის რანგში პირველად იმყოფება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომელიც ოპტიმისტურად აფასებს ამ დიალოგს.

ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელთან დიალოგს აპირებენ იმ სამშვიდობო გეგმის თანახმად, რომელსაც ხელი საუდის არაბეთში 2002 წელს მოეწერა. გეგმა მოუწოდებს ისრაელს მთლიანად გაიყვანოს ჯარი იმ ტერიტორიიდან, რომელიც 1968 წლის შემდეგ იქნა ოკუპირებული. ისრაელი, რომელიც წინა წლებში უარყოფდა ამ გეგმას, ამჯერად მოლაპარაკებას შესაძლებლად მიიჩნევს. არაბული ლიგისა და ისრაელის დიალოგს ოპტიმისტურად უყურებს რამალაში მყოფი სპეციალური წარმომადგენელი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომელმაც 24 ივლისს საკუთარი დამოკიდებულება ასე გამოხატა:

[ტონი ბლერის ხმა] ”ვფიქრობ, რომ ახლა დადგა შესაძლებლობების მომენტი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მომენტში უფრო მნიშვნელოვანია მოსმენა, სწავლა და განსჯა.”

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ ღეითმა, რომელიც ამ დილით ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა, ასევე ისაუბრა “ხელსაყრელ მომენტზე”, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პრობლემის ირგვლივ დაწყებულ დიპლომატიურ აქტივობას მოჰყვა.

იორდანიის მეფე აბდულა ვაშინგტონში იმყოფება. სამშაბათ საღამოს მას არაოფიციალური ვახშამი ჰქონდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი ივლისის ბოლოს გეგმავს ტურნეს ახლო აღმოსავლეთში, რათა იქ მოლაპარაკების გაყინული პროცესი განაახლოს. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ, საბოლოოდ, ვერც ეს ძალისმხევა დასრულდება დიდი წარმატებით. ლონდონის ეკონომიკური სკოლის ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი იაჰია საიდიც ასეთ მცირე მოლოდინის მქონეთა რიცხვს განეკუთვნება.

[იაჰია საიდის ხმა] “ახლა ძნელია იმის თქმა, რომ მოლაპარაკებათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ისეთი რთული გადაწყვეტილება, რომელიც პროცესის წინსვლისთვისაა საჭირო. არსებობს დიდი ნება, ინტერესიც დიდია, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან, რომელსაც ძალიან სურს, ერაყში შექმნილი რთული მდგომარეობის კომპენსაციისათვის, მცირე პროგრესს მაინც მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაჭირდება მისვლა ისეთ შეთანხმებამდე, როგორიც პროგრესის მისაღწევადაა საჭირო.”

ასეთ სკეპტიციზმს აძლიერებს ის ფაქტი, რომ პალესტინელთა მთავრობის მეთაურს მაჰმუდ აბასს ღაზას სექტორში თავის მოწინააღმდეგე ჰამასის დაჯგუფებასთან გამუდმებული ქიშპი აქვს, ისრაელის პრემიერ- მინისტრ ეჰუდ ოლმერტს კი სამშობლოში მკაცრად აკრიტიკებენ ლიბანში ჰეზბოლაჰის კონფლიქტის დროს გამოვლენილი დამოკიდებულების გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG