Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისსა და სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებასთან დაკავშირებით


გაეროს უშიშროების საბჭო ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავს.

ამას გარდა, უშიშროების საბჭომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაზეც უნდა იმსჯელოს.. მოხსენება არ არის საბოლოო. შემდგომი მუშაობის შედეგად მიღებული საბოლოო ტექსტი აფხაზეთთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას დაედება საფუძვლად. აღნიშნულის მიუხედავად, ბან კი მუნის შუალედური მოხსენება, საქართველოს მხარის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გამო, თბილისშიც და სოხუმშიც სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა. დღეს შემოგთავაზებთ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მოსაზრებებს გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენების თაობაზე, რომელიც მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.. სერგეი შამბას სოხუმში დავურეკე.. მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შეყვანაში ის საქართველოს ადანაშაულებს.

[სერგეი შამბა} ”ჩვენ ვამბობთ, რომ დიალოგის აღდგენისთვის აქამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა საჭირო. შეთანხმებები კი ჩვენ არ დაგვირღვევია. გადახედეთ გენერალური მდივნის მოხსენებას. იქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველო ახდენს უკვე მიღწეული შეთანხმებების და, საერთოდ, მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვას. სწორედ ამის გამო შევიდა ჩიხში მოლაპარაკებათა პროცესი. გენერალური მდივნის მოხსენებაში განმუხურის პატრიოტთა ბანაკი ერთ-ერთი საკითხია. ამას გარდა, არსებობს ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენის მოთხოვნა, სიგუას გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნა... ეს მოთხოვნები ახალი არაა. მათზე ლაპარაკი ერთი თვის წინაც იყო, ბონში, მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე..

საქართველოს მხარე მუდმივად ტყუის. ბონში ითქვა, რომ საქართველოს არა აქვს კავშირი უსაფრთხოების ზონაში ახალი პოსტების გახსნასთან, შემდეგ კი გაირკვა, რომ პირიქით არის... საქართველო ყოველთვის საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს და თან ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს.

მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას უთხრეს, რომ განმუხურში უნდა დაშალოს პატრიოტთა ბანაკი. რა მოხდა შემდეგ? ითქვა, რომ კოდორის ხეობაშიც გაიხსნება ასეთი ბანაკი. 23 - ში, როცა გენერალური მდივნის მოხსენება გამოქვეყნდა, განმუხურში ბურჯანაძე ჩავიდა. ეს აშკარა გამოწვევაა ... გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩვენ მიმართ შენიშვნები და მოთხოვნები არ არის... ერთადერთი, ნათქვამია, რომ საჭიროა საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრა... ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ შეხვედრის, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ ვალდებულების შესრულებისთვის არ ღირს. ასეთი დონის შეხვედრისთვის საფუძვლის მომზადებაა საჭირო.. ვგულისხმობ ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას.. თავის დროზე ჩვენ მოვამზადეთ შეთანხმების პროექტი, მაგრამ საქართველომ უარი თქვა მის ხელმოწერაზე.. შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულების დასადასტურებლად პროტოკოლს ხაინდრავამ მოაწერა ხელი, მე მოვაწერე, ტელიავინიმ მოაწერა. არაფერი გამოვიდა, პირობა საქართველომ არ შეასრულა ..”

ასე ფიქრობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. იმის გასარკვევად, თუ როგორ აფასებენ გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შუალედურ მოხსენებას თბილისში, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG