Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო-პატრიოტული ბანაკი, რომელმაც გაერო საგონებელში ჩააგდო


გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ დასკვნაში

თითქმის არაფერია კონკრეტულად ნათქვამი ზემო აფხაზეთის 11 მარტის სარაკეტო იერიშზე. სამაგიეროდ, გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა ქართულ მხარეს დახუროს ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი განმუხურში. დასკვნაში ასევე საუბარია “სახიფათო აქტივობაზე” კოდორის ხეობაში, რომელსაც გაერო კვლავინდებურად არ უწოდებს ზემო აფხაზეთს. რატომ ჩააგდო საგონებელში გაერო, ერთი შეხედვით, უწყინარი ახალგაზრდული ბანაკის არსებობამ?



განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტულმა ბანაკმა პირველი ნაკადი ივლისის დასაწყისში მიიღო. მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან არიან. მათ შორის იმყოფებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ოჯახის წევრებიც. განმუხურის ბანაკის მოსანახულებლად განვლილი კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ჩავიდნენ. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც განმუხურის ბანაკის თაობაზე საკუთარი მოსაზრება რადიო “თავისუფლებას” ტელეფონით გაუზიარა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] “იგრძნობა პატრიოტული სულისკვეთება, იგრძნობა, რომ, რეალურად, ასეთი ტიპის ბანაკებში საფუძველი ეყრება საქართველოს მომავალს, მომავალ თაობას. და ნამდვილი ჯარისკაცები იწრთობიან ამ ბანაკებში, ამ სიტყვის როგორც არაპირდაპირი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით.”(სტილი დაცულია)


ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი სოფელ განმუხურში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმოდ გახსნა. საქართველოს ლიდერმა მაშინ თქვა, რომ, ქვეყნის გამთლიანების თვალსაზრისით, განმუხურის ბანაკს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სოფელი განმუხური ადმინისტრაციულად საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ იმ დასახლებულ პუნქტს განეკუთვნება, რომელიც მდინარე ენგურს გაღმა, უშუალოდ კონფლიქტის ზონის მახლობლად, მდებარეობს. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტულ ბანაკში მკაცრად არის დაცული, ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] “რეალურად ახლა განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმკაცრესი და აბსოლუტური რეჟიმი არის დაწესებული ქართული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. იქ პატრულირებენ როგორც სამშვიდობო ძალების ჩვენი კონტინგენტის წარმომადგენლები, ასევე პოლიციის მუშაკები, სანაპირო დაცვის სამსახურებიც არის ჩართული ამ ბანაკის უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფაში.”(სტილი დაცულია)

თავისთავად ასეთი ახალგაზრდული ბანაკის არსებობა და მის დასაცავად მობილიზებული საქართველოს უსაფრთხოების ძალების კონცენტრაცია სოფელ განმუხურში, რომელიც ხმელეთით სეპარატისტული აფხაზეთის დედაქალაქიდან სულ რაღაც 150 კილომეტრით არის დაშორებული, სერიოზულად ამწვავებს ვითარებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. სოხუმის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განმუხურთან და გალის რაიონის ქვედა სოფლებთან გააძლიერებს პოლიციური ძალების საგუშაგოებს. სოხუმის განწყობას ამძიმებს - როგორც იტყვიამ, “ ცეცხლზე ნავთს ასხამს” - საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო ვარძელაშვილმა, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკებს კურირებს, გასულ კვირაში განაცხადა, რომ განმუხურის შემდეგ ასეთივე ბანაკი სულ მალე აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეც ამოქმედდება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის უფროსი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთ მკვეთრ განცხადებას რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას და, პირველ ყოვლისა, გაეროს უშიშროების საბჭოს თავისებური ინტერპრეტაციით აწვდის:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] “საერთაშორისო საზოგადოება და მისი ცალკეული ინსტიტუტები - მათ შორის, გაერო - გარკვეულწილად მოწყვლადია რუსეთის ასეთი პოლიტიკის მიმართ. ეს ჩანს აშკარად. და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ, შესაძლოა, ტაქტიკური ხასიათის დახვეწილი ნაბიჯების გადადგმა უფრო სჯობდეს, ვიდრე კიდევ უფრო ”ცეცხლზე ნავთის დასხმაზე” ორიენტირებული და მეორე მხარის რაღაცნაირად ჯიბრზე და გაღიზიანებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება.”(სტილი დაცულია)

არჩილ გეგეშიძეს, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიულ სწავლებათა ცენტრის ექსპერტს, დამაფიქრებლად მიაჩნია აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის ამასწინანდელ შუალედურ მოხსენებაში “კოდორის ხეობაზე” ყურადღების გამახვილება და მოთხოვნა, რომ ხეობაში აღდგეს სამშვიდობო ძალების პოსტი. შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ, რომ გაერო ნეგატიურად გამოეხმაურება მომავალში ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის გახსნას ზემო აფხაზეთში, რომელიც, სხვათა შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა დოკუმენტში კვლავ ძველი სახელით, კოდორის ხეობად, მოიხსენიება. თუმცა, როგორც საერთაშორისო ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ამბობს, გაეროს კრიტიკის მიუხედავად, პროცესების ლოგიკით, ნაკლები შანსია, რომ საქართველოს ხელისუფლება პატრიოტულ ბანაკს დახურავს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] “ჩემი რომ ყოფილიყო, მაგალითად, მე განმუხურში ამ ბანაკს არ განვათავსებდი, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც განთავსებულია, მისი ახლა იქიდან გამოყვანა, არ ვიცი, შესაძლოა, საბოლოოდ, ქართულ მხარეს მოუწიოს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე იოლად დათანხმდეს ამას.” (სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ლამის დაპირისპირების თემად ქცეული განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის დახურვას ან სადმე სხვა ადგილზე გადატანას. ახალგაზრდული ბანაკი სულ მალე ამოქმედდება ზემო აფხაზეთში, სადაც გასულ კვირაში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ხეობის, როგორც პლაცდარმის, სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს, ყოფილი გუბერნატორის ემზარ კვიციანის ამბოხის ჩაშლის შემდეგ, განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ არა მხოლოდ არც ერთი მისხალი უკვე გაკონტროლებული ტერიტორიისა უკან აღარ გადაეცემა სეპარატისტებს, - და ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის ერთი მესამედი, - არამედ ჩვენ ვაპირებთ გავაფართოოთ საქართველოსა და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების კონტროლი, ყოფნა და ოპერირება ამ ტერიტორიებზე.”(სტილი დაცულია)


წლევანდელი 11 მარტის საარტილერიო შტურმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ზემო აფხაზეთის დაცვა. ხეობაში რომ, პოლიციური ძალების გარდა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტინგენტი იმყოფება, ეს, როგორც ამბობენ, “პოლიშინელის საიდუმლოს” წარმოადგენს. 15 ივლისს ზემო აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სასწავლო ცენტრის ჯარისკაცი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG