Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირის დასაწყისში ქართული პრესა სასამართლო რეფორმის შესახებ წერდა. ,,24 საათისთვის” მიცემულ

ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა: ,,რეფორმას კომპლექსურად ვახორციელებთ და ამიტომაც იგი წარმატებული იქნება”. 11 აგვისტოდან ძალაში შედის კანონი სასამართლო დარბაზში ტელეკამერებისა და ფოტოგადაღების აკრძალვის თაობაზე. 6 აგვისტოს კონსტანტინე კუბლაშვილმა პრესასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუცხადა: ,,არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო პროცესზე არ დაიშვება არც ვიდეოკამერა და არც ფოტოგადაღება - რასაც ჩვენი ხელისუფლება ამჟამად აკეთებს, კანონში წლების წინ ჩადებული გარანტიებისა და პირობების რეალურად შესრულებაა.”

კვირის დასაწყისიდანვე დაიწყო იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდებოდა. სამშაბათს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,არეული საკონტროლო კომისია” და, მართლაც, მთელი კვირა ქართული პრესა ამ კომისიის სხდომის გამართვა-არგამართვასთან დაკავშირებულ არეულობას აშუქებდა.
სამშაბათს გაზეთი წერდა, რომ ოსურმა მხარემ თბილისში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე, დელეგატებისთვის სათანადო გარანტიების უქონლობის გამო, უარი განაცხადა.
ეს ის დღე იყო, როდესაც საქართველოს ტერიტორია კიდევ ერთხელ დაიბომბა.

7 აგვისტოდან ქართული პრესის მთავარი თემა დაბომბვის ინციდენტი იყო.
ოთხშაბათს გაზეთი ”24 საათი” ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, სათაურით ,,თავდასხმა მოტივაციის გარეშე”, სადაც ვკითხულობთ, რომ, საქართველოს ხელისუფლების მიერ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, რუსული მხარე ინციდენტს საქართველოს მიერ ინიცირებულ პროვოკაციად მიიჩნევს, რაც ,,რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას” ემსახურება.
გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური კი ასეთი იყო: ,,700 კილოიანი მოკითხვა ჩრდილოეთიდან”. პუბლიკაციაში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თბილისიდან 60 კმ-ში ბომბის ჩამოგდება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებში გვითრევს.

ვინ აიძულებს რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა? საქართველოს პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული, მოსკოვი ამ მავნე ჩვევას ვერ გადაეჩვია, - წერდა გაზეთი ”ალია” ხუთშაბათს.
,,თბილისი მზად არ არის მოსკოვს დაუპირისპირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხინვალში ვერ შევა, რომ დასჭირდეს. ამიტომაც კოკოითი შეშინებულია და ახლა სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს”, - ვკითხულობთ ,,ალიაში”.

გაზეთი ”ახალი თაობა” კი იმ დღეს წერდა, რომ საქართველოს დაბომბვით პუტინს მესამედ უნდა გაპრეზიდენტება. სტატიაში აღნიშნულია, რომ 6 აგვისტოს დაბომბვა პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის ჩაშლას ისახავდა მიზნად.

შაბათს კი გაზეთი ”რეზონანსი” მკითხველს აცნობს, ,,როგორ ცდილობდნენ რუსები წითელუბნის დაბომბვის ფაქტის გაყალბებას”. ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 8 აგვისტოს რუსეთის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები ცხინვალში არალეგალურად ჩავიდნენ. მათ კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა აიძულეს დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით განმეორებითი მონიტორინგი დაენიშნათ. ,,გუშინ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, სოფელ არმაზში რამდენიმე მოხუცი ქალბატონის (რომლებიც წინასწარ იყვნენ მომზადებულები) გამოკითხვის შემდეგ, რუსმა სამშვიდობოებმაც სცადეს მონიტორინგის მონაცემებით მანიპულირება.” გაზეთში ნათქვამია, რომ, ამ მონიტორინგის შედეგად, რუსმა სამშვიდობოებმა 6 აგვისტოს მოვლენებს მათთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაცია მისცეს და ეს დეზინფორმაცია ფართოდ გაშუქდა რუსულ საინფორმაციო საშუალებეში.

ოთხშაბათს გაზეთი ”რეზონანსი” ,,სონიცენტრისა” და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობიდან სასწრაფო იძულებითი გამოსახლების შესახებ წერდა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ”სონიცენტრი” აპირებს ამ ინციდენტის გამო საქართველოს მთავრობას შეერთებული შტატების სასამართლოშიც უჩივლოს.

უკვე შაბათს კი ქართული პრესა გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან იქ განთავსებული ორგანიზაციების ასეთივე მოულოდნელი და სასწრაფო გამოსახლების შესახებ წერდა. ”რეზონანსი” ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათურით ,,სპეცოპერაცია ,,სამშობლოს წინააღმდეგ”.
”24 საათი” კი წერს, რომ ,,სამშობლოს” გაყიდვაზე კონკურსი გამოცხადდება: ”შენობაში 90-მდე ორგანიზაციის ოფისია განთავსებული. მათ შორის არის ტელეკომპანიები: ,,კავკასია”, ,,მირი”, 20-მდე გაზეთის რედაქცია. შენობის პრივატიზებაზე კონკურსს უახლოეს დღეებში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს. როგორც აქ განთავსებული ოფისების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ შენობა მოტყუებით დააცლევინეს.” გაზეთი ”ახალი თაობა” კი ამ მოვლენასთან დაკავშირებულ პუბლიკაციაში მკითხველს შენობაში განთავსებული ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებებს აცნობს.

,,ვინ ვის თვლის თავის პოლიტიკურ კონკურენტად და ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგედ? ” - ამის დასადგენად გაზეთი ”ალია” შაბათის ნომერში რამდენიმე პოლიტიკოსთან ინტერვიუს აქვეყნებს. ,,ალიას” მიხედვით, სურათი ასეთია: დავით კირკიტაძე კონკურენტად გაერთიანებულ ოპოზიციას მიიჩნევს, ლევან ბერძენიშვილი - გიგა ბოკერიას, გაგა გუგავა - თავისუფლების ინსტიტუტს, კახა კუკავა - ბარამიძესა და უგულავას, ჯონდი ბაღათურია - დავით კირკიტაძეს.

გაზეთი ”24 საათი” კი შაბათს მთა თუშეთის პრობლემების შესახებ წერდა. ,,შენაქოს და დიკლოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ამ სოფლებში როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტთა ნაკადი დღითი დღე მატულობს”, - ვკითხულობთ შაბათის ”24 საათში”.
XS
SM
MD
LG