Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჩამოაგდო მართვადი რაკეტა გორის რაიონში? -


ორიოდე დღის წინ საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა,

რომელმაც 6 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მართვადი რაკეტის ჩამოგდების ფაქტი გამოიკვლია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის შვედმა, ამერიკელმა, ლატვიელმა და ლიტველმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 6 აგვისტოს რუსული წარმოების ბომბდამშენი საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთის მხრიდან შემოფრინდა და, სოფელ წითელუბანთან მართვადი რაკეტის ჩამოგდების შემდეგ, კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გაუჩინარდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა ჯგუფის ამ დასკვნას არ დაეთანხმა ოფიციალური მოსკოვი, რომელმაც 16 აგვისტოს თბილისში ექსპერტთა 25 კაციანი დელეგაცია გაგზავნა. ამავდროულად, წითელუბნის ინციდენტზე იმსჯელებენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის მსვლელობისას სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი სპეციალურ მოხსენებას გააკეთებს.

ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწოდებას გამოეხმაურნენ და 6 აგვისტოს ინციდენტი შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის ტერიტორიიდან შეფრენილმა თვითმფრინავმა დაარღვია. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ მოეპოვება თვითმფრინავები, რომელთაც იმ ტიპის რაკეტების ტარება შეუძლიათ, რომელიც სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით დონდუა ამბობს, რომ დაგროვდა არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა დაბომბა. მაინც რა მტკიცებულებებზეა ლაპარაკი?

[დავით დონდუას ხმა] „სულ პირველი ეს იყო საქართველოში ეუთოს მისიის ანგარიში, რომელმაც პირველმა დაადასტურა ჩვენი ეჭვები. მეორე არის თვითონ სამხრეთ ოსეთში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალები, სადაც მონაწილეობდნენ რუსი, ოსი და ქართველი სპეციალისტები და მათაც დაადასტურეს იგივე. მესამე ეს არის საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევა. ასე რომ, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი.“

უნდა ითქვას, რომ მტკიცებულებების ნაკლებობას არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩივის, მაგრამ, ვანო მერაბიშვილის თქმით, გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგი ცნობაც იძლევა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზუსტად რაკეტის ჩამოგდების დღეს სუ-240-ებით წვრთნები ჩატარდა, ადასტურებს, რომ ყველა ის განცხადება, რომელიც რუსეთის მხარემ აქამდე გააკეთა, ანუ უარყო საზღვრის დარღვევის შესაძლებლობა, არის არასწორი.“

თუმცა რუსეთის მხარე ამ დრომდე უარყოფს 6 აგვისტოს ინციდენტში რამენაირ მონაწილეობას. სწორედ ამის დასამტკიცებლად 16 აგვისტოს თბილისს, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენატ იგორ ხვოროვის მეთაურობით, ექსპერტთა 25 კაციანი დელეგაცია ესტუმრა. გელა ბეჟუაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, განმარტავს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „დღეს, ჩვენი მოთხოვნით, ტარდება ორმხრივი კონსულტაცია. ვეცდებით, რომ რუსეთის საკმაოდ მაღალი რანგის ექსპერტებს წარვუდგინოთ ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ გაგვაჩნია. გავუზიაროთ მათ ჩვენი მონაცემები და მოვისმინოთ მათი პასუხები. ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.“

კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ რუსეთის მხარე წარმოადგენს საკუთარი რადიოლოკაციური სადგურების მიერ 6 აგვისტოს, ანუ რაკეტის ჩამოგდების დღეს, გაკეთებულ ჩანაწერს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის“ მთავარი რედაქტორი და „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერების შეპირისპირებით ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] „ სივრცის კონტროლის სისტემების მონაცემთა გაყალბება ბევრად რთულია, იმიტომ რომ ამ დროს პარალელურად საჰაერო სივრცეში დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყნების თვითმფრინავები, რომელთა ფრენის დრო, სიმაღლე და მარშრუტი ისედაც არის ცნობილი. ამიტომაც გაყალბების დროს შესაძლებელია ეს მონაცემები აღარ დაემთხვეს ერთმანეთს და გამოჩნდეს, რომ მონაცემები არის გაყალბებული.“

რუსი სამხედრო ექსპერტები საქართველოში ორი დღე იმუშავებენ, თუმცა საქართველოს მთავრობა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ამბობს, მათ დასკვნას არ დაელოდება:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „დღეს გაიმართება კონსულტაციები გაეროში. ჩვენი მოთხოვნით, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი აკეთებს უშიშროების საბჭოზე მოხსენებას ამ ინციდენტთან დაკავშირებით. გაეროს გააჩნია დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიში, გააჩნია ეუთოს ანგარიში, რომელიც დაიწერა მეორე დღესვე. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე გააჩნია ყველა ის ფაქტი და დადასტურებული მტკიცებულება, რომელზეც ჩვენ პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ არის უტყუარი.“(სტილი დაცულია)

გელა ბეჟუაშვილის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს უკვე ესაუბრა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია.
შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატმა ბან კი მუნს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 6 აგვისტოს ინციდენტის შესწავლისას მოიპოვეს. ალასანიას თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმამ საფრთხე შეუქმნა არა მარტო საქართველოს სახელმწიფოს, არამედ რეგიონში არსებულ მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც. ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაერო დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გარკვევით.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG