Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას კოლეგები მკვლელობის პროკურატურის ვერსიას სიფრთხილით ეკიდებიან


რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა აცხადებს, რომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობის უკან, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში მოხდა, საზღვარგარეთ დაბანაკებული კრემლის მტრები დგანან.

მაგრამ ჟურნალისტის კოლეგები, რომლებიც მკვლელობაზე საკუთარ გამოძიებას აწარმოებენ, ამბობენ, რომ ჩაიკა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს ნაცვლად იმისა, რომ გახსნას დანაშაული. გაგაცნობთ ზოგიერთი რუსი ჟურნალისტის მოსაზრებას.

რუსულ გაზეთ “ნოვაია გაზეტას” ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებას ამავე გაზეთის თანამშრომლის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების პოლიტიზებაში ადანაშაულებს. “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ პროკურორ ჩაიკას განცხადება უსაფუძვლოა:

[სერგეი სოკოლოვის ხმა]“ვერსია, რომელიც ბატონმა ჩაიკამ წარმოადგინა, მხოლოდ ვერსიაა, რომელსაც ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ სხვა ვერსიები გვაქვს დამკვეთებთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ყველა მათგანის დამუშავება, ამის გაკეთება პროფესიულად და არა იმის მცდელობა, რომ ამით რაღაც პოლიტიკური ღონისძიებები მოაწყო.”

27 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე 10 ეჭვმიტანილია დაკავებული. მკვლელობის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა შორის დასახელდა ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი, ფედერალური უშიშროებისა და პოლიციის ყოფილი ოფიცრები.
“ნოვაია გაზეტა”, სადაც პოლიტკოვსკაია მუშაობდა, საკუთარ გამოძიებას აწარმოებს. სოკოლოვის თქმით, გაზეთის ხელთ არსებული მონაცემები ნაწილობრივ ემთხვევა პროკურატურისას:

[სერგეი სოკოლოვის ხმა]“რაც შეეხება დაკავებულ პირებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაკავებულებს, როგორც ჩანს, აქვთ კავშირი ამ მკვლელობასთან.”

პროკურორ ჩაიკას განცხადებით, მკვლელობის ხელმძღვანელები ცხოვრობდნენ რუსეთის საზღვრებს გარეთ, ხოლო ჟურნალისტის მკვლელობა არის იმ შეთქმულების ნაწილი, რომელიც მოახლოებული არჩევნების წინ პრეზიდენტ პუტინის დისკრედიტაციისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. თუმცა ჟურნალისტი სერგეი სოკოლოვი ამბობს, რომ ჩაიკამ გაიმეორა პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, ნათქვამი პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ. პუტინმა მაშინ განაცხადა,“პირები, რომლებიც სამართალდამცველ ორგანოებს ემალებიან, გეგმავენ მსხვერპლად შესწირონ ვინმე და მსოფლიოში ანტირუსული გამწყობილების ტალღა ააგორონო.”

რუსეთის გენერალურ პროკურორს 27 აგვისტოს პრესკონფერენციაზე არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იგულისხმება “კრემლის გარე მტრებში”, მაგრამ ჩანდა, რომ ეს სიტყვები განეკუთვნებოდა ერთ პიროვნებას, ბორის ბერეზოვსკის, კრემლის ყოფილ წევრს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის მკაცრი კრიტიკის გამო დევნილობაში, ლონდონში ცხოვრობს.
ბერეზოვსკიმ “ისტერიული რეაქცია” და “ავადმყოფობა” უწოდა ბოლოდროინდელ მცდელობას, მისი სახელი დაუკავშირონ პოლიტკოვსკაიას მკვლელობას.

ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთში მოქალაქეთა გატაცების, წამებისა და მკვლელობების გამო თავის პუბლიკაციებში მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ პუტინს, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. მისი რეპორტაჟები კრემლსაც აღიზიანებდა და მოსკოვის მომხრე ჩეჩენ ლიდერებსაც. მაგრამ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა უარი თქვა დაესახელებინა ის პირები, ვინც, მათი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის უკან დგას:

[სერგეი სოკოლოვის ხმა]“განსხვავებით ეფ-ეს-ბეს გამომძიებლებისგან, რომლებსაც ბატონი ჩაიკაც განეკუთვნება, მე არ მსურს გავამჟღავნო გამოძიების საიდუმლო და დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია. რადგან ვფიქრობ, რომ ეს, უბრალოდ, ხელს შეუშლის ამ ადამიანების შეპყრობას.”


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG