Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


” ’მადნეული’ “ საქართველოს დიპლომატიურ სკანდალში ითრევს” – გაზეთ „რეზონანსის“ მოწინავე სტატიაში

აღნიშნულია, რომ რუსულ საფინანსო–სამრეწველო ჯგუფ „პრომიშლენი ინვესტორ“–ის წევრი ქართული კომპანია „მადნეული“ ყარაბახის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქელბაჯარის რეგიონში არსებული ოქროს მადნის „სოიუდლუს“, იმავე „ზოდის“, ათვისებას აპირებს და მოლაპარაკება სომხეთის ხელისუფლებასთან უკვე დაწყებულია. ბაქო ვითარებაში გარკვევას ცდილობს და საქმე განსახილველად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს გადმოეგზავნა, იუწყება „რეზონანსი“, რომლის ფურცლებზეც გამოთქმული მოსაზრების თანახმად, აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახოს. „ ყარაბახის ტერიტორიაზე რომელიმე კომპანიის შესვლის შემთხვევაში, აზერბაიჯანს ისეთივე რეაქცია ექნება, როგორი რეაქციაც ჩვენ გვაქვს, როდესაც ვინმე აფხაზეთში ბიზნესის წამოწყებას, უძრავი ქონების შეძენას აპირებს. რეალურად გამოდის, რომ მოსკოვი აზერბაიჯანის საკუთრების ექსპროპრიაციას იწყებს. საერთოდ კი, რუსეთი აზერბაიჯანთან საკმაოდ ფრთხილია. ილჰამ ალიევი ყველანაირად ეცდება, რომ ამ მოტივით კრემლთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს,“ - უთხრა ”რეზონანსს” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.

დღესვე გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნდა სტატია „რუსეთის საელჩო კოკოითზე კომპრომატებს აგროვებს“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი რეგიონის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების მაღლჩინოსნების ჯიბეებში მიდის. აქვე გაზეთი აღწერს იმ სავარაუდო სქემას, რომლითაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება მოქმედებს: „ ცხინვალის ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციაში იბარებენ კონკრეტულ ფირმას და ეუბნებიან, რომ იგი იმ შემთხვევაში მიიღებს რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობას და, შესაბამისად, დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილ თანხებს, თუ ამ თანხის ნახევარი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ანგარიშზე ჩაირიცხება. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფირმა სეპარატისტთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მისი ბიზნესპროექტი ფინანსდება. თუმცა ამის შემდეგ ამავე ბიზნესპროექტისთვის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მთავრობა დაფინანსებას მოსკოვის ხელისუფლებისგან ითხოვს, უკვე მეორეჯერ ხდება ბიზნესპროექტის დაფინანსება და აქედან თანხის 100 პროცენტი კონკრეტული პირების ჯიბეებში მიდის.“ როგორც „რეზონანსს“ ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის წევრმა მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა განუცხადა, კომპრომატები კოკოითის წინააღმდეგ კრემლს თაროზე აქვს შემოდებული და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

”სააკაშვილი თუ ოქრუაშვილი?” – უკანასკნელი დროის ქართული პრესის ერთ–ერთ მთავარ თემაზე დღეს ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ. გაზეთი პარლამენტში სექტემბრიდან მოსალოდნელ სიახლეებზე აკეთებს აქცენტს და შენიშნავს: „ერთდროულად ორი ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება იგეგმება – ერთი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, მეორე – პრეზიდენტის მხარდამჭერი. ოპოზიციური ფრაქცია ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებით იქნება დაკომპლექტებული, ხოლო პოზიციური – მიხეილ სააკაშვილის. იმ ფრაქციაში, რომელიც პრეზიდენტის მხარდამჭერი იქნება, უმრავლესობის ამჟამინდელი წევრები შევლენ. ფრაქციის თავმჯდომარედ გუგული მაღრაძე მოიაზრება, რომელიც პრეზიდენტის დედის მეგობარია. გუგული მაღრაძე არც მალავს, რომ ფრაქცია პრეზიდენტის მხარდამჭერი იქნება და იმ კურსს დაიცავს, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი ატარებს.” „ახალი თაობა“ დღესვე აზუსტებს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდეს. გაზეთის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 35 წლის 2008 წლის 6 ნოემბერს ხდება. თუ საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბრამდე დაინიშნა, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის საშუალება არ ექნება, შენიშნავს „ახალი თაობა.“
XS
SM
MD
LG